არჩევნები 2020

ბოკერია: შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება ოპოზიციის ყველა შეთავაზება და ოცნების პასუხი

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, დღეს, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება ოპოზიციის შეთავაზება, რომელიც ხელისუფლებას ელჩებთან შეხვედრების დროს წარუდგინეს. მანვე აღნიშნა, რომ ცნობილი გახდება ქართული ოცნების პასუხიც.

"ჩვენი აზრით, ჩემი აზრით პერსონალურად, ევროპული საქართველოს და ჩვენი პარტნიორების აზრითაც, მედიატორების თხოვნით დოკუმენტის არგასაჯაროებამ, ივანიშვილის პროპაგანდას საშუალება მისცა, რომ შემოეტანა, ჩემი აზრით, არაჯანსაღი ატმოსფერო.

ამიტომ, ძალიან მყარი პოზიციაა, რომ დღეს გასაჯაროვდება ყველა ის წინადადება ოფიციალურად, რაც იყო ოპოზიციის შეთავაზება, რა არის პასუხი "ოცნების", რაზე თანხმდება ხელისუფლება. ჩემი აზრით, ეს დეტალები იმ კითხვის ნიშნებსაც მოხსნის, რაც აქამდე იყო". – ამბობს გიგა ბოკერია.

7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ფასილიტატორების ჩართულობით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. თითქმის 6-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებს მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრიათ. 

4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ ერთმანეთთან შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ. 

კომენტარები