კომპიუტერული რევოლუცია სკოლებში

უნივერსალური ნოუთბუქი ქართველი მოსწავლეებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დიდი ქალაქების რამდენიმე სკოლასა და წეროვანის დასახლების სკოლაში საპილოტო პროგრამა ამოქმედდება - პირველკლასელები საჩუქრად მიიღებენ კომპიუტერს, რომელშიც 30-ზე მეტი სასწავლო პროგრამა იქნება ჩატვირთული, 2011 წლიდან კი ამ კომპიუტერს საჩუქრად უკლებლივ ყველა მოსწავლე მიიღებს. ამის შესახებ განცხადება 7 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. პროგრამისთვის უკვე გამოყოფილია 8 მილიონი ლარი. თანამედროვე ტექნოლოგიის ასათვისებლად იგეგმება მასწავლებლების გადამზადება, ერთი თვის განმავლობაში ისინი კომპიუტერში ჩატვირთულ ყველა პროგრამას შეისწავლიან. განათლების სამინისტროში თვლიან, რომ ინტერნეტის მოხმარება ბავშვების ცოდნასა და აზროვნებას უფრო განავითარებს, ბავშვებს გაუჩნდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი. მოზარდებს სკოლაში წიგნებით დამძიმებული ჩანთების ტარება აღარ მოუწევთ. გარდა ამისა, დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის სწავლა უფრო სახალისო და საინტერესო იქნება. განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ეს კომპიუტერები სკოლებში წიგნს არ ჩაანაცვლებს და ბავშვებს ექნებათ არჩევანი - იყიდონ წიგნი ან გამოიყენონ ეს კომპიუტერი.
სკეპტიკოსების აზრით, ამ ტექნოლოგიის ათვისება შეიძლება მასწავლებლებს უფრო გაუჭირდეთ, ვიდრე ბავშვებს. სერიოზულ პრობლემას წააწყდებიან წიგნის გამომცემლები, რომელთა პროდუქციას სასკოლო ლეპტოპის სახით კონკურენტი გაუჩნდება.
პატარა მანქანა დიდი მიზნებით - ასე მოიხსენიებენ XO ლეპტოპს, რომელიც გახმაურებული პროექტის „თითო ბავშვს თითო ლეპტოპი“ (One Laptop Per Child) პროდუქტია. ის სპეციალურად განვითარებადი ქვეყნების ბავშვებისთვის შეიქმნა, ზომით საშუალო წიგნს უტოლდება, არის ძალიან გამძლე და პროგრამულად მრავალფეროვანი. კომპიუტერი გათვალისწინებულია 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
პროექტის განხორციელება 2005 წელს დაიწყო ამერიკელმა მეცნიერმა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ნიკოლას ნეგროპონტემ. თავიდანვე ლეპტოპის ფასი 100$-ით განისაზღვრა. სწორედ ამიტომ ამ პროექტს „ასდოლარიანი ლეპტოპის” პროექტს ეძახდნენ. დაბალი ფასის ჩამოყალიბებას ისიც უწყობდა ხელს, რომ ლეპტოპს ექნებოდა უფასო პროგრამული უზრუნველყოფა ლინუქსის ბაზაზე. ეს ლეპტოპი არ იყიდება მაღაზიაში, საცალო ვაჭრობისთვის არ არის გამიზნული. მას მხოლოდ ქვეყნის მთავრობები ყიდულობენ დიდი რაოდენობით. ბოლო 24 თვის განმავლობაში მსოფლიოს 31 ქვეყნის ბავშვებმა მიიღეს 1 მილიონამდე XO ლეპტოპი.
XO ლეპტოპი არ არის ერთადერთი სასწავლო დანიშნულების კომპიუტერი ბაზარზე, მას კონკურენციას უწევს ფირმა Intel-ი. Intel-ს აქვს უფრო მძლავრი პროცესორი და უკეთესი პროგრამული უზრუნველყოფა, მაგრამ XO ლეპტოპში ჩამონტაჟებულია ვიდეოკამერა, უფრო გამძლე ელემენტები და ინოვაციური კვების წყარო. აქვს მაღალი გარჩევადობის ისეთი დისპლეი, რომელზეც ტექსტი ერთნაირად კარგად იკითხება დღის მკაფიო შუქზეც და ნათურის განათებაზეც. XO ლეპტოპი ასევე გაცილებით იაფია, რაც მას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
დაბალი ფასით ლეპტოპი კონკურენციას გაუწევს სასკოლო წიგნებსაც. ერთი წლის სასკოლო წიგნების შეძენა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს საშუალოდ 100-დან 150 ლარამდე უჯდებათ. ლეპტოპის გამოყენება კი რამდენიმე წლის განმავლობაში არის შესაძლებელი.
„პატარაა და საყვარელი” - ეს ჯერჯერობით ერთადერთი რეაქციაა, რაც ბავშვებს ამ კომპიუტერის დანახვაზე უჩნდებათ. საქართველოს პრეზიდენტი კი იმედოვნებს, რომ ეს ნოვაცია საქართველოში „კომპიუტერულ რევოლუციას” მოახდენს.


 

კომენტარები