რუსეთი WTO-ში – უკომპრომისო მოლაპარაკებები

 გასულ კვირას, კონსულტაციები მოსკოვსა და თბილისს შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე, უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თბილისის მთავარი მოთხოვნა – მონიტორინგის განხორციელება საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე – მოსკოვისათვის კვლავაც მიუღებელი აღმოჩნდა.  

ამ მოლაპარაკებების ინიციატორი რუსული მხარე იყო. დელეგაციები შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში შეიკრიბნენ. თბილისი კონსულტაციების დაწყებამდე აცხადებდა, რომ WTO-ში გასაწევრიანებლად მოსკოვისათვის ადრე წაყენებული პირობები ძალაშია – პირველ რიგში, ფსოუსა და როკის საბაჟო-გამშვები პუნქტების გამჭვირვალობის მოთხოვნა. საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებზე ბოლო პერიოდში არაერთხელ აღნიშნეს, რომ თბილისი მხარს დაუჭერს რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას იმ პირობით, თუ კრემლი ამ ორგანიზაციის წესებს დაემორჩილება. 

საქართველო რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას 2004 წელს დათანხმდა – შესაბამის დოკუმენტს ხელი თბილისში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, რუსეთმა ვალდებულება აიღო ყველა სავაჭრო- ეკონომიკური დავა  საქართველოსთან WTO-ს წესების თანახმად გადაეწყვიტა. 
 
 მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ მოსკოვი ამ ვალდებულების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რადგან რუსეთი უარს ამბობდა ფსოუსა და როკის გამშვები პუნქტების ერთობლივ გაკონტროლებაზე. ეს თბილისში ორგანიზაციის წესების დარღვევად შეაფასეს.  WTO-ში რუსეთის წევრობაზე თანხმობა საქართველომ უკან 2006 წელს გაიწვია, როდესაც მოსკოვმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო შემოიღო. 
 
მას შემდეგ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა მოსკოვს არ გამოუთქვამს. მას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოსთან არსებული უთანხმოებები აშშ-სთან და WTO-ს სხვა წევრებთან მოლაპარაკებების პროცესში გადაწყდებოდა. საბოლოოდ, იძულებული გახდა, თბილისთან დიალოგზე წამოსულიყო. 
 
დღეისთვის რუსეთი WTO-ს ფარგლებს გარეთ დარჩენილ მსოფლიოს ერთადერთ მსხვილ ეკონომიკად რჩება. მოლაპარაკებებს მოსკოვი უკვე 17 წელია აწარმოებს. გასული წლის ბოლოს რუსეთის გაწევრიანებას მხარი საჯაროდ ვაშინგტონმა დაუჭირა. საქართველო მოსკოვისათვის ერთ-ერთ უკანასკნელ დაბრკოლებად რჩება – ორგანიზაციის წესდების თანახმად, ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებისათვის ორგანიზაციის წევრების სრული კონსენსუსია აუცილებელი. 
 
რუსული მხარის ინიციატივა საქართველოსთან მოლაპარაკებების განახლების თაობაზე მოსკოვში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტს დაემთხვა. ბაიდენთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოთქვა იმედი, რომ WTO-ში რუსეთის გაწევრიანების პროცესი წელსვე, „აშშ-ის უფრო ქმედითი მხარდაჭერით” დასრულდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას და მოსკოვს ყველა საკითხის მოსაგვარებლად „სხვა პარტნიორებთან” მუშაობისკენ მოუწოდა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა დაგმო თბილისის მიერ ამ საკითხის „პოლიტიზების” მცდელობა. ეს პოზიცია, მისი თქმით, პრეზიდენტმა მედვედევმა ბაიდენთან შეხვედრაზეც გამოთქვა. 
 
ბაიდენის ვიზიტამდე რუსეთის ოფიციალური პირები იმედს გამოთქვამდნენ, რომ აშშ საქართველოზე ზეწოლას მოახდენდა. მოგვიანებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის  შეხვედრის კომენტირებისას, რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა იური უშაკოვმა განაცხადა – ბაიდენმა პუტინთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ამ საკითხს თბილისთან განიხილავდა. “ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთის WTO-ში გაწევრიანებისათვის ხელის შეშლა მიუღებელია”, – დასძინა უშაკოვმა.  
 
თუმცა, რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები „ორმხრივი საკითხია” და ვაშინგტონი თბილისზე ზემოქმედებას არ აპირებს. ამავე დროს, თბილისსაც მოუწოდა მოლაპარაკებისას აქცენტი კონკრეტულ ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე გააკეთოს.
 
რუსეთისა და საქართველოს დელეგაციები კონსულტაციებს, სავარაუდოდ, აპრილიდან განაახლებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბერნში გამართულ შეხვედრაზე თბილისმა მოსკოვს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა – ფსოუსა და როკის გამშვები პუნქტების მონიტორინგი ევროკავშირის დამკვირვებლების მიერ. „მაგრამ რუსულ მხარეს არც ეს წინადადება აკმაყოფილებს, მათ არაფრის დათმობა სურთ”, – აღნიშნა კაპანაძემ. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს საკითხი „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების” კომპეტენციაა.   
 
 „საქართველოს პრინციპული პოზიციაა, რომ საზღვრებზე მონიტორინგი განხორციელდეს. თუ ვინ განახორციელებს მას – მოლაპარაკებების საგანია. თუ რუსეთი ამ პრინციპს არ დათანხმდება, WTO-ში ვერ გაწევრიანდება”, – განაცხადა ტაბულასთან საუბრისას  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმა. მისი აზრით, ფსოუსა და როკზე შესაძლოა მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე მოქმედი ევროკავშირის მისიის (EUBAM) ანალოგი შეიქმნას. დამკვირვებლებმა ხელი უნდა შეუშალონ საზღვარზე კონტრაბანდული საქონლისა და ნარკოტიკების, ასევე რუსული სამხედრო ტექნიკის მოძრაობას. 
 
რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განცხადება გააკეთა. ეს გამოსვლა, რუსულმა მედიამ საქართველოსთვის შესაძლო „დათმობად” შეაფასა. ონიშჩენკოს თქმით, ქართული ღვინო შესაძლოა რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს, „თუ ყველა საჭირო პროცედურას გაივლის”. თუმცა, თბილისში მიიჩნევენ, რომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების საკიხთი უკვე რუსეთის WTO-ში გაწევრიანების შემდეგ, ამ ორგანიზაციის წესებით უნდა დარეგულირდეს. 
 
ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი რუსეთთან მოლაპარაკებებისას თბილისს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც The New York Times-ს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პერსპექტიული საერთაშორისო კვლევების სკოლის ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევების დირექტორმა სვანტე კორნელმა განუცხადა, WTO-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხს თბილისისთვის ორი მხარე აქვს. „ერთი მხრივ, ეს გარკვეული ბერკეტია. მეორე მხრივ, საქართველო შესაძლოა პრობლემების წყაროდ აღიქვან, რაც მას იზოლაციით ემუქრება”.  
 
პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის სპეციალისტი ანდერს ასლუნდი მიიჩნევს, რომ WTO-ს წევრები აღიარებენ საქართველოს უფლებას რუსეთს მოთხოვნები წაუყენოს, მაგრამ რუსეთი წევრობას რეალურად უახლოვდება. „ახლა საქართველოს სერიოზული ბერკეტები აქვს. მაგრამ ისინი მალე გაქრება. მათი ეფექტიანად გამოყენებაა აუცილებელი”, – აცხადებს ასლუნდი.

კომენტარები