ისრაელური სამხედრო-პოლიტიკური ბიზნესი აფხაზეთში

ისრაელი სოხუმის რეჟიმთან თანამშრომლობას არც ერთ სფეროში, მათ შორის სამხედრო საკითხებში, არ გეგმავს. ქვეყანა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,  –  ასეთი განმარტებები გააკეთა საქართველოს საგარეო უწყებამ ისრაელის ელჩთან კონსულტაციების შემდეგ. დიპლომატიურ რიტორიკას ის ნეგატიური ეფექტი უნდა შეერბილებინა, რაც სოხუმში ებრაელი სამხედრო სპეციალისტების ვიზიტს მოჰყვა. ოფიციალური თბილისი დიპლომატიურ დონეზე საკითხს ამოწურულად მიიჩნევს და რაიმე სახის რეაგირებას არ გეგმავს. 

„ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და არ ვაპირებთ შეიარაღება მივყიდოთ. შესაძლოა, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები აფხაზეთს სტუმრობდნენ, თუმცა, ისინი ისრაელის მთავრობის სახელით ვერ ისაუბრებდნენ”, – განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში, იცხაკ გერბერგმა. 
 
უსაფრთხოების დარგში ებრაული საკონსულტაციო კომპანიის, Global CST-ის დელეგაცია სოხუმს 14 აპრილს ეწვია. მას კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი ისრაელ ზივი (შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი) და აღმასრულებელი დირექტორი მეირ კლიფი (მოქმედი პრემიერ-მინისტრის ყოფილი სამხედრო მდივანი) ხელმძღვანელობდნენ. 
 
როგორც ისრაელ ზივმა სოხუმში ყოფნისას განაცხადა, კომპანია Global CST „პოლიტიკით არ არის დაკავებული”. მაგრამ ამ ვიზიტს პოლიტიკური განცხადებებისა და ინტერპრეტაციების გარეშე არ ჩაუვლია. „ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო. აფხაზეთი (ისევე როგორც ისრაელი) პატარა სახელმწიფოა, რომელსაც საკმაოდ პრობლემური მეზობელი ჰყავს”, – განაცხადა ბიზნესმენმა აფხაზური მთავრობის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.  
სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ ებრაული კომპანიის ვიზიტს პოლიტიკური იმედები დაუკავშირა: „ისრაელს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს დასავლეთის ქვეყნებს შორის და მზადაა გამოიყენოს ეს გავლენა, რათა აფხაზეთში უცხოური ბიზნესი მოიზიდოს”. შამბას თქმით, აფხაზეთს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობები გართულებული აქვს, რადგან ისინი არაღიარების შეთანხმებულ პოლიტიკას ახორციელებენ, „ისრაელს კი ასეთი ვალდებულება არ აქვს”.   
 
აფხაზური მხარის განცხადებით, ებრაულ დელეგაციასთან მოლაპარაკების შედეგად, თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები განისაზღვრა – სოფლის მეურნეობა, კურორტები, ბუნებრივი რესურსების გამოყენება და ლოგისტიკის განვითარება. სამომავლოდ, სერგეი შამბამ ისრაელთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობაც არ გამორიცხა, რადგან კომპანიას გავლენიანი სამხედრო სპეციალისტები ხელმძღვანელობენ.   
 
მოსაზრება, რომ ებრაული კომპანიის ხელმძღვანელთა ვიზიტი სოხუმში, საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავების გამო „შურისძიება” იყო, აფხაზი მაღალჩინოსნების განცხადებებმა გააბათილა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ბესლან ეშბამ განაცადა, რომ ებრაელი ბიზნესმენების ვიზიტისათვის მზადება გასული წლის ზაფხულიდან მიმდინარეობდა. ფუქსი და ფრენკელი კი ქართველმა სამართალდამცავებმა ოქტომბერში დააკავეს. 
 
კომპანია Global CST მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საქმიანობს, მისი სფეროები იარაღით ვაჭრობა, სპეციალური ქვედანაყოფების მომზადება, სტრატეგიული დაგეგმვა და სამხედრო კონსულტაციებია. 2008 წლამდე კომპანია, მეორე ებრაული ფირმის, Defensive Shield Holdings-ის დაკვეთით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მომზადებას ეწეოდა. თუმცა, საქართველოში საქმიანობა რუსეთ-საქართველოს ომამდე  ცოტა ხნით ადრე შეწყვიტა.
 
ლიბიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ტელეკომპანია ალ ჯაზირამ გაავრცელა ცნობა, რომ კადაფის რეჟიმისთვის აფრიკელ დაქირავებულებს სწორედ Global CST წვრთნიდა. Global CST აქტიურად საქმიანობდა ლათინურ ამერიკაშიც, კერძოდ, კონსულტაციებს უწევდა პერუს, კოლუმბიისა და პანამის სპეცსამსახურებს. როგორც Wikileaks-ის მასალებიდან ირკვევა, ამ რეგიონში კომპანიის საქმიანობამ 2009 წლის ბოლოს აშშ-ის უკმაყოფილება გამოიწვია. ვაშინგტონის ზეწოლის შედეგად, ებრაული კომპანიის გარიგებების დიდი ნაწილი ლათინურ ამერიკაში ჩაიშალა. 
 
თუმცა, როგორც ჩანს, Global CST-მ ახალ, ძალზე მომგებიან ბაზარს მიაგნო. გასული წლის მარტში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მოსკოვში განიხილა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ებრაული კომპანიების მონაწილეობის საკითხი. დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ სოჭის ოლიმპიადის დაცვაზე კონტრაქტის მოპოვებას Global CST-ს შვილობილი კომპანია – Global Law Enforcement & Security Ltd ცდილობს. თანაც, მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან არა მხოლოდ ოლიმპიადის, არამედ 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც შეეხო. საერთო ჯამში, საუბარი, სულ მცირე, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების
კონტრაქტებს შეეხება. ამ საკითხებზე მოსალაპარაკებლად Global CST-ს დელეგაცია მოსკოვს იანვარში ეწვია. 
 
როგორც ჩანს, ისრაელის სამხედრო კომპანიების დაინტერესება რუსეთის ბაზრით იმდენად მაღალია, რომ ისინი მზად არიან, კონტრაქტების მოსაპოვებლად „პოლიტიკური ფასიც” გადაიხადონ. მაგალითად, აფხაზეთში დემონსტრაციული ვიზიტების სახით – ეს მოსკოვს ადგილობრივი  რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის სჭირდება. თბილისში არ სჯერათ, რომ ისრაელის წარმომადგენელთა კონტაქტები სოხუმის რეჟიმთან ოფიციალურ ხასიათს მიიღებს. 
 

კომენტარები