რუსეთ-საქართველოს ომი

10 გაკვეთილი ესტონეთისთვის

მარტ ლაარი (ესტონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი)
ესტონური გაზეთის Postimees-ის ინგლისურენოვანი გამოცემა
9 აგვისტო, 2013

რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს ომიდან ხუთი წელი გავა.

ამ ომის შესახებ ბევრი დაიწერა, ფილმიც გადაიღეს. და მაინც, დღემდე ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. მაგალითად, ვერსიები, თუ კონკრეტულად როდის დაიწყო და დასრულდა ომი, ვინ დაიწყო ის ან ვინ არის დამნაშავე, განსხვავებულია. პოლიტიკურ ასპექტებს გვერდით გადავდებ და ამ სტატიაში ყურადღებას იმ 10 გაკვეთილზე გავამახვილებ, რომლებიც, იმედია, ესტონეთის თავდაცვისთვის სასარგებლო იქნება.

1

ლამაზ ილუზიებს მწარე სიმართლე სჯობს. მაშინ, როდესაც რუსეთი ომისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა და ზუსტად იცოდა, რა უნდოდა, საქართველო ამაზე არ ფიქრობდა. საქართველომ საკუთარი თავის ომში ჩათრევა ყველაზე შეუფერებელ დროს დაუშვა. მისი საუკეთესო ბრიგადა ერაყში იბრძოდა, მეორე ბრიგადა მის შესაცვლელად მიემართებოდა. მიმდინარეობდა არმიის ნაწილის ხელახალი შეიარაღება და აღჭურვილობის შეკეთება, უამრავი ოფიცერი კი შვებულებაში იყო. თავდაცვის მინისტრი იტალიაში ისვენებდა.

ქართული არმია ილუზიებით ცხოვრობდა. საქართველოს დასაცავად არანაირი სერიოზული მზადება არ მიმდინარეობდა. იმედი ჰქონდათ, რომ ომი მხოლოდ აფხაზეთის ან, შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხდებოდა. ქართველების აზრით, რუსეთის ინტერვენცია 1990-იანი წლების ომებში ჩარევის მასშტაბებს არ გასცდებოდა. რუსეთის უფრო ფართო ინტერვენცია წარმოუდგენლად მიიჩნეოდა და ასეთი სცენარი ოპერაციის დაგეგმვის დროს არც კი განხილულა. ამიტომ, რუსულ არმიასთან შეტაკება ქართველებისთვის სრული შოკი და მოულოდნელობა აღმოჩნდა; ამ შოკიდან ისინი დღეების განმავლობაში ვერ გამოვიდნენ. საქართველოს მთელი არმია ილუზიებით ცხოვრობდა და, შესაბამისად, მარცხისთვის იყო განწირული.

2

ცენტრალური შტაბის მუშაობა და სწორად შემუშავებული გეგმები ომის მიმდინარეობას განსაზღვრავს. რუსებს ომი უკანასკნელ წვრილმანამდე ჰქონდათ გათვლილი. გადიოდნენ წვრთნებს საომარი ოპერაციებისთვის. ქართული სამხედრო ძალები უნდა ეიძულებინათ, იერიში მიეტანა სამხრეთ ოსეთზე, შემდეგ ალყაში მოექციათ და გაენადგურებინათ. ამის შემდეგ, სრულიად დაუცველ საქართველოზე თავდასხმა და მისი ხელისუფლების შეცვლა ადვილი იქნებოდა.

ამის საპირისპიროდ, საქართველოს გეგმები ძალიან ბუნდოვანი იყო. თავდაპირველი გეგმა რუსული შეიარაღებული ძალების მცირემასშტაბიან ჩარევას ითვალისწინებდა, რაც რეალობისგან შორს არ იყო, თუმცა, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე იერიში არ დაგეგმილა. ერთ ბრიგადას ქალაქისთვის მარცხნიდან უნდა შემოევლო, მეორეს – მარჯვნიდან. ქალაქის განაპირას შეხვედრის შემდეგ კი სვლა გუფთის ხიდისა და როკის გვირაბის მიმართულებით უნდა განეგრძოთ, რათა რუსეთიდან სამხედრო დახმარების შემოტანის ნებისმიერი მცდელობა აღეკვეთათ.

ცხინვალი მოგვიანებით უნდა აეღოთ. თუმცა, გეგმა ბოლო წუთას შეცვალეს და იერიში პირდაპირ ცხინვალზე მიიტანეს. წინ სწრაფად მოძრაობის ნაცვლად, მათ შენაერთები ქალაქისკენ გააგზავნეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა როკის გვირაბს კი არა, გუფთის ხიდსაც ვეღარ მიაღწიეს. სწორედ ამან გადაწყვიტა ომის ბედი.

წლების წინ ესტონეთის არმიას ასეთივე პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ბოლო წლებში, სიტუაცია გამოსწორდა. ცენტრალური შტაბის მუშაობა და დაგეგმვა უფრო ზუსტი და რეალისტური გახდა, რამაც საფუძველი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას დაუდო.

3

დაზვერვა დანახვის ტოლფასია. თუმცა, რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ორივე მხარე ზედმეტად ენდობოდა დაზვერვას. რუსულ დაზვერვას საქართველოზე ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა და მის უნარს, წინააღმდეგობა გაეწია, უკიდურესად დაბალ შეფასებას აძლევდა.

ქართულ დაზვერვას რუსეთზე უამრავი მონაცემი ჰქონდა, თუმცა ამ მონაცემებს სწორად ვერ აანალიზებდა. გარდა ამისა, ის ზედმეტად ენდობოდა NATO-ს ტექნიკური თვალთვალის შესაძლებლობას, რომელსაც რუსეთის ჯარების საზღვართან თავმოყრა, საიდანაც სამხრეთ ოსეთში სწრაფად შესვლას შეძლებდნენ, სამწუხაროდ, გამოეპარა. ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი მეზობლებს თავს არ დაესხმებოდა. რუსეთ-საქართველოს ომმა ეს ვარაუდი გააქარწყლა და ახლა ყველაფრის ანალიზი სხვა კუთხიდან ხდება.

ესტონეთმა ძალა არ დაიშურა დაზვერვის და ადრეული გაფრთხილების სისტემების შესაქმნელად და კარგ შედეგებსაც მიაღწია. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

4

ფსიქოლოგიური თავდაცვა მნიშვნელოვანია. ომს წინ რუსეთის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეტევა უძღოდა. ამ შეტევის მიზანი მსოფლიოს თვალში საქართველოს, როგორც პატარა, აგრესიული და არაპროგნოზირებადი ქვეყნის წარმოჩენა იყო, რომელსაც შეშლილი და მორალურად დეგრადირებული ნაძირლები მართავდნენ. ამით შესაძლებელი გახდა საქართველოს იზოლირება მოკავშირეებისგან და მათ მიერ საქართველოს მიერ გაკეთებული გაფრთხილებების არასაიმედოდ მიჩნევა. ომის მიმდინარეობის ეტაპზეც კი საინფორმაციო ომმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. სწორად ამბობენ, რომ, შესაძლოა, რუსეთმა ომი ბრძოლის ველზე მოიგო კიდეც, მაგრამ საინფორმაციო ფრონტზე – წააგო.

2007 წლის შემდეგ, ესტონეთმა საინფორმაციო ომის აუცილებლობა გაიაზრა, მაგრამ თავდაცვის მინისტრის იააკ აავიკსოოს პერსონაზე თავდასხმის სურვილმა, მისი ფსიქოლოგიური თავდაცვის ინიციატივების გამო, ეს სამუშაო გააჩერა. დროა, გეგმების განხორციელებას შევუდგეთ.

5

დღევანდელი ომები თავისი ხასიათით ყოვლისმომცველია. როგორც რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, თანამედროვე საომარ მოქმედებებში ჩვეულებრივ შეიარაღებასთან ერთად ბრძოლის ისეთი ახალი მეთოდები გამოიყენება, როგორიც კიბერშეტევები და საინფორმაციო ომებია. რუსეთმა ტანკების შეყვანის პარალელურად კიბერშეტევებიც წამოიწყო. საქართველოს საინფორმაციო სისტემების მწყობრიდან გამოსაყვანად გამოყენებული იქნა როგორც კიბერშეტევები, ასევე საჰაერო დარტყმები. ესტონეთმა გაიაზრა ფართომასშტაბიანი თავდაცვის საჭიროება, თუმცა შესაბამისი კანონები ჯერ არ მიუღია.

6

გამართული სამედიცინო მომსახურება და პირადი დაცვის საშუალებები ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს. რუსეთ-საქართველოს ომში 1,200-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაშავდა, მათგან ორი მესამედი დაიჭრა. მათი უმეტესობა შეიძლება დაღუპულიყო, თუმცა სიცოცხლე მათ დამცავმა ჟილეტებმა და სათანადო ჩაფხუტებმა შეუნარჩუნა. დაჭრილები სწრაფად გაჰყავდათ ბრძოლის ველიდან, სამედიცინო სამსახური კი კარგად ფუნქციონირებდა.

ჭრილობებისგან ჯარისკაცთა მხოლოდ 3% დაიღუპა. ესტონეთში დიდ ყურადღებას აქცევენ სამედიცინო მომსახურების განვითარებას, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი.

7

საჰაერო სივრცის კონტროლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მცირე ზომის საჰაერო ძალები აქვს და მან იგი ომში მხოლოდ ერთ მისიაში გამოიყენა. ეს გონივრული გადაწყვეტილება იყო, რადგან სხვა შემთხვევაში ამ თვითმფრინავებსაც ჩამოაგდებდნენ. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ცაში რუსეთის საჰაერო ძალებს, თეორიულად, თავდაჯერებულად შეეძლოთ ეგრძნოთ თავი. საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალები ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ეს წინააღმდეგობა რუსებმა მალე ჩაახშვეს, რადარების დაკარგვის შემდეგ კი, მათი გამოყენება შეუძლებელი გახდა, ვინაიდან წყვდიადში აღმოჩნდნენ.

ჯარისკაცების მიერ მობილური საზენიტო იარაღის გამოყენება უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ასეთი იარაღი ცოტა იყო და თან ზოგი მათგანი მოძველებული. რუსეთის საჰაერო ძალებმა ვერ მოახერხეს მათი აბსოლუტური უპირატესობის გამოყენება ცაში. რუსეთის საჰაერო და სახმელეთო ძალებს შორის კოორდინაცია უკიდურესად სუსტი აღმოჩნდა. სახმელეთო ძალებს ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელსაც თვალს მოკრავდნენ, ქართული ეგონათ და მას ცეცხლს უხსნიდნენ. ომის დროს ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავების ნახევარზე მეტი თავად რუსების ჩამოგდებულია. თავის მხრივ, რუსული ავიაცია თავისივე სახმელეთო ჯარებს ჰაერიდან ჭურვებს უშენდა.

ესტონეთი NATO-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ფარზეა დამოკიდებული და საკუთარ რესურსებს არ ხარჯავს საჰაერო ძალების განვითარებაზე, რომელსაც მაინც უმალ ჩამოაგდებენ. ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება განვითარდა, შეიქმნა მობილური რაკეტები, თუმცა კიდევ ბევრი შესაძლებლობა არსებობს.

8

ტანკები და საარტილერიო იარაღი საჭიროა, შენარჩუნდეს. როგორც რუსეთ-საქართველოს ომმა გვიჩვენა, თანამედროვე ომში არტილერიასაც კი თავისი ფუნქცია აქვს. ომის დასაწყისში ტანკებმა რუსეთის შეტევის შეჩერება შეძლეს და ასევე, გადამწყვეტი როლი შეასრულეს 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთის 58-ე არმიის მეთაურის, გენერალ ხრულოვის კოლონის განადგურებაში. გორის არტილერიის ბრიგადა, რომელმაც დიდი ქება რუსებისგანაც კი დაიმსახურა, წამყვან როლს ასრულებდა რუსეთის ჯარების მოგერიებაში, რომლებიც ცხინვალს უახლოვდებოდნენ.


9

ნახევრად შესრულებული საქმე წარმატებას ვერ მოიტანს. „ქაღალდზე არმიის" და აღლუმზე გამოსაყვანი დანაყოფების ნაცვლად, ინტეგრირებული სრულფასოვანი დანაყოფების შექმნაა საჭირო. ასეთი დანაყოფების რაოდენობა სჯობს ცოტა იყოს, მაგრამ ბრძოლისუნარიანი. რა სიკეთეს მოიტანდა ქართული ბრიგადები, როდესაც ზოგს გამართული კომუნიკაცია არ ჰქონდა, ზოგს კი სატრანსპორტო საშუალება? ბრძოლაში ასეთი დანაყოფების მონაწილეობის უნარი ნულის ტოლია. ამის გაცნობიერებას ესტონეთი ნელა და მტკივნეულად იწყებს და სახელმწიფო თავდაცვის განვითარების ახალი გეგმა ამ საკითხებს ითვალისწინებს.


10

ვიყოთ NATO-ს იმედად, მაგრამ თან იარაღი გვქონდეს მზად. საერთაშორისო ურთიერთობები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს. ქართველებს გაუცრუვდათ იმედი, რომ მათ ვინმე აქტიურად დაეხმარებოდა. თავად რომ არ ებრძოლათ და, ყველა დაშვებული შეცდომისა და არასასურველი სიტუაციის მიუხედავად, რამდენიმე დღით მაინც არ შეეკავებინათ რუსეთის წინსვლა, საქართველოს სახელმწიფო მსოფლიო რუკიდან გაქრებოდა და ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდოდა. შეცდომების და ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ ქართველებმა გადაარჩინეს.


ესტონეთისთვის ეს გამოცდილება ნიშნავს იმას, რომ NATO-სთან კარგად ინტეგრირებული უნდა ვიყოთ და მასთან ურთიერთობისთვის მომზადებული, თან, ამავე დროს, სათანადოდ მივხედოთ თავდაცვის საკუთარ, დამოუკიდებელ შესაძლებლობებს. ამისათვის საჭიროა, გვქონდეს ძლიერი ნება, რომ დავიცვათ საკუთარი თავი, ანუ სურვილი, დავდგეთ და ვიბრძოლოთ საჭიროების შემთხვევაში. რაც უფრო ძლიერია ეს ნება, მით უფრო დაცულია სახელმწიფო.