საზოგადოებრივი ტრანსპორტი

თბილისში ავტობუსების პარკის განახლებისთვის მერია 55 მილიონამდე ლარს დახარჯავს

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტოკჰოლმში, შვედეთი.

თბილისის მერიამ 100 ახალი ავტობუსის შესაძენად 4 ნოემბერს ტენდერი გამოაცხადა. ავტობუსების სავარაუდო ჯამური ღირებულება კი 55 550 000 ლარია. მერიის პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს, რომ თბილისში, სხვადასხვა ხაზზე ამჟამად მოძრავი ამორტიზებული ავტობუსები ჩანაცვლდება ახალი ავტობუსებით და არ იგეგმება ხაზების დამატება, ან ავტობუსებს შორის ინტერვალების შემცირება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასახდელი თანხის წყარო 2013-2014 წლის ბიუჯეტი იქნება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესასყიდი ავტობუსი უნდა აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტებს, კერძოდ, უნდა იყოს პირველი კლასის (ევროპის პარლამენტის 2001/85/EC დირექტივის მიხედვით) და М3 კატეგორიის (ევროპის პარლამენტის 2007/46/EC დირექტივის მიხედვით).

ავტობუსში უნდა ეტეოდეს 85 ადამიანამდე, მათგან დასაჯდომი ადგილი უნდა იყოს 30-მდე. სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატურ გადაცემათა 6-სიჩქარიანი კოლოფითა და სამთო მუხრუჭით. 

ახალი ავტობუსები იქნება მწვანე ფერის, ასასვლელში არ უნდა იყოს საფეხურები და მას ექნება სამი განიერი კარი. 

მერიის მოთხოვნების შესაბამისად, ავტობუსში უნდა იყოს სივრცე მინიმუმ ერთი ეტლისთვის, შუა კარები აღჭურვილი უნდა იყოს მექანიკურად გადმოსაშლელი დაფით, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად.

ახალ ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თბოიზოლირებული, 40-70%-ით დაბურული გვერდითა ფანჯრები. ავტობუსში ასევე უნდა იყოს გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. კონდიცირება მორგებული უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე და ავტობუსის შიდა სივრცეს უნდა აგრილებდეს მაშინაც კი, თუ გარეთ სითბო 45 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

ავტობუსს უნდა გააჩნდეს ხმის გამაძლიერებლები მგზავრთა განყოფილებაში ხმის თანაბრად გავრცელებისათვის და მიკროფონი მძღოლის კაბინაში, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით. ახალი ავტობუსები გაზზე იმუშავებენ.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას ახალი ავტობუსები 2014 წლის 30 აგვისტომდე ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.

თბილისის მერიაში ჯერ ვერ ასახელებენ, თუ რა მარკის ავტობუსების ყიდვას აპირებენ. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, მთავარია, რომ მომწოდებელმა ზუსტად დააკმაყოფილოს სატენდერო მოთხოვნები.

მერიაში სატენდერო წინადადებების მიღება 2013 წლის 20 ნოემბერს იწყება და 25 ნოემბერს მთავრდება.

კომენტარები