საბჭოთა ოკუპაციის დღე

პრეზიდენტი: სამშობლოს ყოველთვის მცირერიცხოვანი გმირების ბრძოლით ვიცავდით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 1921 წლის თებერვალში კოჯრის მახლობლად დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

„ჩვენ დღეს აქ მოვედით, რათა კიდევ ერთხელ მწუხარებით და, ამავდროულად, სიამაყით აღვნიშნოთ ის, თუ როგორ იბრძოდა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის. საქართველოს ისტორიაში ცოტა თუ არის ცნობილი ისეთი ომი, სადაც ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა მტერზე მეტი იყო ან მას უტოლდებოდა. საკუთარი სამშობლოს დაცვას ყოველთვის მცირერიცხოვანი გმირი ადამიანების ბრძოლის შედეგად ვახერხებდით. ბუნებრივია, მათ მაგალითზე გვეძლევა მხნეობაც და უნარიც მუდმივად დავიცვათ ჩვენი პატარა ქვეყანა ძლიერი იმპერიებისა და აგრესორებისგან, რომლებიც, ისტორიულად, მუდმივად გვიტევდნენ, მაგრამ ვერასდროს გაგვტეხეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით.

საქართველოზე შეტევისათვის საბჭოთა რუსეთი 1920 წლის გაზაფხულიდან, აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ ემზადებოდა. სხვადასხვა მიზეზებით, განზრახვის განხორციელება რამდენიმეჯერ გადადო. მე-11 წითელი არმიის ნაწილები ბოლშევიკური აჯანყების მხარდასაჭერად საქართველოში 1921 წლის 11 თებერვალს შემოიჭრნენ. თბილისის შემოგარენში გამართული ბრძოლების შემდეგ, მთავრობამ ქალაქი დატოვა. 25 თებერვალს კი, თბილისში წითელი არმია შემოვიდა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ყოველი წლის 25 თებერვალი გამოცხადებულია საბჭოთა ოკუპაციის დღედ და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეშვება საქართველოს სახელმწიფო დროშები.

კომენტარები