ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ენმ-ის უკანონოდ დაფინანსების ბრალდებით, ალექსანდრე გოგოხიას ბრალი წარუდგინეს

is.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის EXIMUS HOLDING-ის დირექტორი ალექსანდრე გოგოხია. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გოგოხია წარსულში ხელმძღვანელობდა შპს საქართველოს ლატარიის კომპანიას. მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 

გამოძიების ვერსიით, 2014 წლის აპრილის მეორე ნახევარში, გიორგი ღონიაშვილის ორგანიზებით, "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა განიზრახეს პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად დავით კეზერაშვილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის EXIMUS HOLDING-ის კუთვნილი ანგარიშიდან თანხების საქართველოში უკანონო გადმორიცხვა ისე, რომ გადმორიცხული თანხების ნამდვილი დანიშნულება შეენიღბათ და მისთვის კანონიერი სახე მიეცათ". ამასთან, საგამოძიებო სამსახურს არ წარმოუდგენია არანაირი დამადასტურებელი საბუთი, რომ თანხის გადმორიცხვა ნამდვილად ენმ-ის დაფინანსებისთვის მოხდა.

უწყების ცნობით, კომპანია EXIMUS HOLDING-ს დირექტორმა ალექსანდრე გოგოხიამ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა დაამზადეს ყალბი ხელშეკრულება, რომელშიც მიუთითეს, თითქოს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა კომპანიამ BROOKTRADE-მა, კომპანია EXIMUS HOLDING-ს გაუწია სხვადასხვა სახის კვლევა და მომსახურება, სანაცვლოდ კომპანია EXIMUS HOLDING-ი იღებდა 1 500 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას.

"2014 წლის 4 მაისიდან, 3 ივნისამდე პერიოდში, აღნიშნული ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, ალექსანდრე გოგოხიამ, გიორგი ღონიაშვილმა და გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, კომპანია EXIMUS HOLDING-იდან, კომპანია BROOKTRADE-ის ანგარიშზე ეტაპობრივად გადარიცხეს 760 000 აშშ დოლარი. უკანონოდ მოპოვებული ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეადგინეს ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე 760 000 აშშ დოლარი, ასევე ეტაპობრივად გადმოირიცხა საქართველოში რეგისტრირებული ერთერთი კომპანიის ანგარიშზე, რაც შემდგომ მიიღო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრმა გიორგი ღონიაშვილმა", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბრალდებით რამდენიმე დღის წინ უკვე დააკავეს ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები