ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს

რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეროსი კიწმარიშვილმა სავარაუდოდ თავი მოიკლა და მანქანაშივე ნაპოვნია იარაღი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს. 

როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილს თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი.

ეროსი კიწმარიშვილი იყო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, სატელეკომუნიკაციო კომპანია ჯორჯია ონლაინის (ამჟამად კავკაზუს ონლაინი) და ტელეკომპანია მაესტროს მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, გაზეთ 24 საათის გამომცემელი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი გაეროში და რუსეთში საქართველოს ელჩი. ასევე, პოლიტიკური მოძრაობა ქართული პარტიის დამფუძნებელი და პოლიტიკური მდივანი.

2014 წლის 10 მაისს ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა პარტია "ჩვენი საქართველოს" სახელით. ხოლო არჩევნების მეორე ტურის წინ, მან რუსთავის მერობის სხვა ოპოზიციონერ კანდიდატებთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მამუკა ჩიქოვანს გამოუცხადა მხარდაჭერა.

კომენტარები