უშიშროების საბჭოს სხდომა

უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერი არ ესწრება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც კანცელარიაში იმართება, არ ესწრება. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, შეხვედრის თემა უელსის მომავალი სამიტია და "რადგან მთავრობის მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია", მოხსენებებს ამის თაობაზე მთავრობის წევრები გააკეთებენ. მისი განმარტებით, სწორედ ეს გახდა პრემიერის უშიშროების საბჭოს სხდომაზე არგამოცხადების მიზეზი და "ეს არის უფრო საინფორმაციო შეხვედრა".

უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის განცხადებით კი, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა უელსის სამიტი და ავღანეთში ქართული კონტინგენტის შემცირების საკითხია.

"უელსის სამიტზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტია.   მომხსენებლები იქნებიან ბატონი ირაკლი ალასანია, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე, ბატონი ალექსი პეტრიაშვილი და ბატონი ლევან დოლიძე, რომელიც არის NATO-ში ჩვენი წარმომადგენელი. განვიხილავთ ამ საკითხს. მეორე საკითხია ავღანეთში ჩვენი კონტინგენტის რაოდენობა. მოგეხსენებათ, რომ მცირდება რაოდენობა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უშიშროების საბჭომ, შემდეგ პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს და თუ პარლამენტი დაეთანხმა, იქნება 750 ჯარისკაცით განსაზღვრული", - თქვა იმერლიშვილმა.

კომენტარები