რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტი

უსუფაშვილი: რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტზე ადეკვატური რეაგირება იყო

David Usupashvili Official

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტზე ხელისუფლების რეაგირება დროული და ადეკვატური იყო. 

"ხელისუფლების რეაგირება იყო სრულიად დროული და ადეკვატური, ჩვენ წინასწარ ვერ ავტეხდით აჟიოტაჟს, რაც არ იყო გაცხადებული. ის, რომ რუსეთი აფხაზეთს და და სამხრეთ ოსეთს  დეფაქტო მართავს, ეს სიახლე არავისთვის არ არის. რაც შეეხება, კონკრეტულად ამ ხელშეკრულების პროექტს, რომელიც იქნა შეთავაზებული სოხუმისთვის, ამაზე სრულიად ადეკვატური რეაქცია იყო პრემიერის მხრიდან, პრეზიდენტის მხრიდან, პარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია მიიღო, სადაც ყველაფერი ეს ჩავწერეთ და ავსახეთ, დავსახეთ ძალიან კონკრეტული გეგმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მომზადდა და განხორციელდება მთელს მსოფლიოში",- აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასეთი პრობლემების შესაცირებლად საჭირო საერთაშორისო მექანიზმია. 

"ძალიან კარგად გამოზომილი და გააზრებული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს, არ არის სწორი იმ ტიპის დემარშები რომ აღარ დაველაპარაკებით კარასინს, აღარ გავაგზავნით ქართულ ღვინოს რუსეთში და ეს იქნება ბერკეტი რის გამოც რუსეთი თავს შეიკავებს ? ეს არ იქნება ბერკეტი. ბერკეტი არის სხვა. ის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები, ვისაც დღეს აქვთ ასე თუ ისე გავლენა რუსეთზე და მის ხელმძღვანელობაზე, მათი მეშვეობით უნდა მოხდეს ამ პროცესების მართვა. ამასობაში, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უარესისთვისაც, რადგან ფაქტია, რომ აფხაზეთის დღევანდელ მოსახლეობას არ ჰყავს იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში აფხაზეთზე იფიქრებდა და მერე რუსეთის დავალებებს შეასრულებდა. იქ ცოტა სხვა ვითარებაა და ამიტომაც ამისთვისაც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ", - თქვა დავით უსუფაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა აფხაზეთს შესთავაზა ხელშეკრულების პროექტი ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ.  პროექტი ითვალისწინებს საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას, რომელსაც რუსეთი დააფინანსებს. დაჯგუფების მიზანი იქნება აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთის დაცვა. ასევე, საგანგებო სიტუაციის დროს მის სარდლობას რუსეთი დანიშნავს.

აფხაზურის წყაროების ინფორმაციით, სოხუმის რეჟიმმა რუსეთთან გასაფორმებელი ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების საკუთარი ვერსია შეიმუშავა. მისი ტექსტი აფხაზურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც სოხუმისა და მოსკოვის ურთიერთობას აშუქებს. ამ ტექსტის თანახმად, ხელშეკრულების პროექტიდან ამოღებულია ის მუხლები, რომლებმაც სოხუმში უკმაყოფილება გამოიწვია. კერძოდ, საერთო სამხედრო დაჯგუფებაში არა ყველა აფხაზური სამხედრო ფორმირება, არამედ მათი ნაწილი უნდა შევიდეს.

სოხუმის რეჟიმის შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რუსული საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე არის გათვალისწინებული. ასევე ამოღებულია რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზური მოქალაქეობის და, შესაბამისად, უძრავი ქონების ფლობის უფლების  გამარტივებულად გაცემის პირობა. სამაგიეროდ, ხელშეკრულების აფხაზური ვარიანტი ითვალისწინებს რუსეთის მიერ მრავალი სფეროს დაფინანსებას და აფხაზეთის მცხოვრებთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფას. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ხელს მოაწერს ხელშეკრულებას რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ. დოკუმენტი იმის ანალოგიური იქნება, რომლის გაფორმებასაც მოსკოვი სოხუმთან გეგმავს. ამის შესახებ, სააგენტო ოსრადიოს ცნობით, ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

"ხელშეკრულება, რომელიც მზადდება, უფრო ფართო იქნება, ვიდრე აფხაზური ვერსია. ხელშეკრულების ის ვარიანტი, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელმოსაწერად მზადდება, სამხრეთ ოსეთის ხალხის ყველა მისწრაფებას, რუსეთის ფედერაციაში შესვლის სურვილს არ ასახავს“, - განაცხადა ბიბილოვმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ამჟამად შემუშავების სტადიაშია და მას ხელი წლის ბოლომდე უნდა მოეწეროს.

კომენტარები