ენერგეტიკა

ნენსკრა ჰესის $1 მილიარდიან პროექტს კომპანია SALINI IMPREGILO ააშენებს

mmtitalia.it

ნენსკრა ჰესს იტალიური კომპანია SALINI IMPREGILO ააშენებს. სამშენებლო ხელშეკრულებას კორეულ კომპანია K water-სა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ SALINI IMPREGILO-ს შორის ხელი დღეს, 20 ივლისს, მოეწერა. გადაწყვეტილება სამშენებლო ტენდერში მონაწილე საერთაშორისო კომპანიებიდან Salini Impregilo-ს არჩევის თაობაზე K Water-მა საპარტნიორო ფონდისა და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით სეულში სამუშაო შეხვედრაზე მიიღო. ნენსკრა ჰესის მშენებლობაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში პრეტენდენტთა შორის იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ევროპული, კორეული და თურქული კომპანიები, რომლებიც ინვესტორმა K Water-მა საერთაშორისო კონსულტანტების, Fichtner, Allen&Overy, IFC, BNP Paribas-ის მონაწილეობით შეარჩია.

Salini Impregilo-ს პორტფელში შედის 240-მდე ჰიდროელექტროსადგური, კომპანიას მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. რამდენიმე კვირის წინ Salini Impregilo-მ ხელი მოაწერა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კატარში ცენტრალური სტადიონის მშენებლობის ხელშეკრულებას. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჰესის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს ზაფხულის ბოლოს დაიწყებს.

280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. პროექტი 2021 წელს დასრულდება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.

პროექტის ინვესტორი სამხრეთკორეული კომპანია K Water-ია, რომელიც საპარტნიორო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. ცნობილია, რომ ნენსკრა ჰესის განხორციელების პროცესში EBRD ჩაერთო და ბანკი მზადაა ჰესის მშენებლობის დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა. ნენსკრა ჰესის სრული საინვესტიციო ღირებულება კი $1 მილიარდს შეადგენს.

Salini Impregilo მუშაობს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ჰყავს 34 400 თანამშრომელი, მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 4,2 მილიარდ ევროს, გარიგებების მოცულობა კი 32,4 მილიარდს. კომპანია პროექტებს 100 წელზე მეტია ახორციელებს. 

კორეული კორპორაცია K water ფლობს $20 მილიარდის ღირებულების ჯამურ აქტივებს და მისი წლიური ბრუნვა $2 მილიარდს შეადგენს. კორეის გარდა, კორპორაცია პროექტებს სხვა ქვეყნებშიც ახორციელებს.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი კი საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დააარსა, სახელმწიფო ფლობს ფონდის 100%-ს. ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა და, ნაწილობრივ, თელასის აქციებს. 

 

კომენტარები