რუსული ოკუპაცია

ვოლსკი: ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ესაა ოკუპაცია, აბა, ოკუპაცია კარგი გგონიათ?

მოხდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ოკუპანტს მიეცა საშუალება, განეხორციელებინა აგრესია და ოკუპაცია.

ოკუპაციის დამახასიათებელი არის ის უკანონობა, რაც დღეს სუფევს რეგიონში, ამ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ამ ყველაფერში მას ხელი შეუწყო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ მართავდა სიტუაციას და წავიდნენ იმ გეგმის საწინააღმდეგოდ, რომელიც მაშინ ჰქონდა აშშ-ს და ევროკავშირს.

დღეს ხდება ასეთი უკანონობები, მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, მაგრამ ამავე დროს არის მონაწილე ამ უბედურებისა, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია. ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ. ის სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებასა და დაჭრაზე თქვა, რომ მსგავსი შემთხვევების დროს სახელმწიფოს არ გააჩნია რეაგირების ეფექტური მექანიზმები.

კომენტარები