დავითგარეჯის საქმე

მეუფე ანტონი მელაშვილსა და ილიჩოვაზე: საიდან ვასკვნით, ვინ არის და ვინ არა უდანაშაულო?

მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს მასმედიასა და საზოგადოების ყველა ფენაში მწვავე დისკუსიის საგნად ქცეულ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებულ საკითხს და გამოვთქვა ჩემი, როგორც მღდელმთავრისა და მოქალაქის პოზიცია.

თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს მიწაა და ჩვენი დედა ეკლესიისა და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია და ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად მესმის დავითგარეჯის მონასტერში მოღვაწე და საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებისა და მრევლის უმეტესი ნაწილის პოზიციები.

რაც შეეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრების დაზუსტებას, მიუხედავად ჩვენი ემოციებისა, ეს საკითხი საქმის საფუძვლიანად მცოდნე მეცნიერების, სპეციალისტებისა და პოლიტიკოსების გადასაწყვეტია და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საკითხის მოგვარებაში არ დაზიანდება ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესები და უსამართლობისა და უსუსურობის განცდა არ დარჩებათ მოქალაქეებს.

ცნობილია, რამდენი კაცია, იმდენი აზრია და დღეს ყველას ყველაფერზე მისი სკუთრებრივი შეხედულება, მოსაზრებანი და აზრი გააჩნია, ვის - ვარუდების დონეზე, ვის - საკუთარი გამოცდილებისა თუ სურვილების დონეზე. აღსანიშნავია, რომ ძალინ ნაკლებნი უსვამენ თავს კითხვას არის თუ არა ამ საკითხებში კომპეტენტურნი.

პირადად, რაც უტყუარად ვიცი, ვიცი ის, რომ 1994 წლიდან, მაშინ, როდესაც იქ გარეჯის უდაბნოში გაუსაძლისი საცხოვრისი პირობები იყო, იმ დროიდან იქ მსახურობს არქიმანდრიტი კირიონი, რომლის დიდი ძალისხმევითაც მიიღო ამ კომპლექსმა დღევანდელი სახე.

იმ დროს იქ არც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩანდნენ და არც მათი პრეტენზიები. გადის დრო და 2005 წლიდან აქ ნელ-ნელა ჩნდებიან მესაზღვრეები, რომელნიც კუს ნაბიჯებით, მაგრამ კაპიტალურად არამცთუ მოუახლოვდნენ, არამედ შემოიჭრენ ამ ერთიან სამონასტრო კომპლექსში.. ხოლო 2012 წლიდან იწყებენ მომლოცველების არშეშვებას...
იბადება კითხვა საიდან, რამ გაათამამა აზერბაიჯანის მხარე, რის საფუძველზე დაიწყო ასეთი თავდაჯერებული მოქმედება და ვინ ან რომელმა უწყებამ უნდა გასცეს ამაზე პასუხი.

ან საიდან ვასკვნით, ვინ არის და ვინ არა უდანაშაულო გამოძიების გარეშე.

აქედან ნუ გამოიტანთ დასკვნას, რომ მე მომხრე ვარ წინასწარპატიმრობისა, მაგრამ არც ის მიმაჩნია დამაჯერებელ არგუმენტად, რომ რადგან ბრალდებულნი ამბობენ, რომ დამნაშავე არ არიან, ამის გამო მათზე უნდა შეწყდეს გამოძიება... მსოფლიოში არც ერთი მსჯავრდებული არ ამბობს, რომ ღირსია სასჯელისა, მსოფლიოში არც ერთი გიჟი არ აღიარებს რომ გიჟია და ამიტომაა საგიჟეში.

სამამულო ომის დროს გიტლერის მიერ გადმოსხმულ დესანტში, კახელი აღმოჩნდა, რომელიც
გაასამართლეს და დახვრიტეს კახეთში. ბოლო წამამდე გაიძახოდა მოღალატე არ ვარო და ეს ბუნებრივია.
ერთხელ მეფემ პატიმრები მოინახულა. სათითაოდ ყველა პატიმარმა შეჩივლა, რომ უდანაშულოდ იხდიდა სასჯელს. ბოლოს მეფემ შენიშნა, რომ მხოლოდ ერთი პატიმარი იდგა მოშორებით და ის არ მივიდა მხილოდ მასთან. მეფე დაინტერესდა ამ პატიმრით და როდესაც მისგან გაიგო, რომ ის ავაზაკია და დამსახურებულად ვიხდიო სასჯელს, ადმინისტრაციას უთხრა ეს გაანთავისუფლეთ ამდენი პატიოსანი არ გააფუჭოსო....

ან რატომ არ გვჯერა 1938 წლის ხელმოწერილი რუკის, რომელსაც მხარს უჭერს და ათწლეულობით თავგამოდებით იცავს ამ პოზიციას დედა ეკლესია და რატომ გვჯერა იმათი, ვის დროსაც რაღაც უცნაურდ, ვიტყოდი მუხანათურად მოხდა მისი გასხვისება.

ვინ ვის წისქვილზე ასხამს წყალს, დრო გამოაჩენს.

მე პირდაპირ ვიტყოდი, რომ არქიმანდრიტმა კირიონმა საფუძვლიანად და არგუმენტალურად
წარმოაჩინა უტყუარი ფაქტები ამ მოვლენების ირგვლივ და ყველას ვთხოვ, ნუ გამოიტანს დროზე ადრე დასკვნებს, რომელსაც თავს გვახვევენ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ეშინიათ ამ მუხანათური ჩანაფიქრის გამჟღავნებისა და რომელთა ხელშეწყობითაც მოხდა ის, რაც ვერ შეძლო სერგო ორჯონიკიძემ და სხვა მავანმა...

წერს Facebook-ზე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებაზე.

კომენტარები