რუსეთი-მოლდოვა

მოლდოველი პრორუსი ოპოზიციონერი: ევროპა მოლდოვაში ბრძოლის ველს ამზადებს

ილან შორი
Ria Novosty

მოლდოვაში ძებნილად გამოცხადებულმა პრორუსმა პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა ილან შორმა კრემლის მედია რია ნოვოსტის მისცა ინტერვიუ.

შორის თქმით, ევროპა მოლდოვას იარაღს აწვდის და ქვეყანაში ახალ ბრძოლის ველს ამზადებს. 

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ევროპას და კოლექტიურ დასავლეთს უყვარს სხვის ტერიტორიებზე კონფლიქტების შექმნა და პროვოცირება". – ამბობს შორი.

პრორუსი პოლიტიკოსის აზრით, ევროინტეგრაციის მომხრეთა გამარჯვების შემთხვევაში მოლდოვა "მეორე დღეს" რუმინეთის ნაწილი გახდება. 


22 აპრილს მოსკოვში მოლდოვური ოპოზიციის პრორუსული წარმომადგენლები, მათ შორის შორი და გაგაუზიის ლიდერი ევგენია გუცული შეიკრიბნენ.

"ოპოზიციონერებს შეხვედრის გამართვა მოსკოვში გვიწევს, ვინაიდან მოლდოვა დაპყრობილი სახელმწიფოა. დღეს მოლდოვაში ნებისმიერ განსხვავებულად მოაზროვნეს ხმის უფლება აქვს წართმეული. შინაარსობრივად, დღეს მოლდოვაში ჩამოყალიბებულია გულაგი. ნებისმიერი პოლიტიკური ღონისძიება დაპატიმრებით მთავრდება". – ამბობს შორი.

20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს მოლდოვაში ევროკავშირში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება.

ილან შორი მოლდოველი მილიარდერი და პოლიტიკოსია, რომელსაც 1 მილიარდი დოლარის გაფლანგვა და თაღლითობა ედება ბრალად. 2020 წელს პროდასავლელი მაია სანდუს გამარჯვების შემდეგ შორი ძებნილად გამოცხადდა, ბიზნესმენი ისრაელში გაიქცა.

2023 წლის ადგილობრივ არჩევნებზე პრორუსი მილიარდერის მიერ დაფუძნებული პარტია შანსი დარეგისტრირდა. მოგვიანებით პარტია არჩევნებიდან მოხსნეს, ორგანიზაციას ფინანსების უკანონო მოპოვებაში ედება ბრალი.

კიდევ ერთი აქტიური პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც მოსკოვში გამართულ კრებას დაესწრო, გაგაუზიის არჩეული ლიდერი ევგენია გუცულია, რომელიც ღიად მხარს უჭერს რუსეთს და მოლდოვის ევროკავშირთან ინტეგრაციის წინააღმდეგია.

კომენტარები