არჩევნები 2024

დიმიტრი ჩიქოვანს თავს დაესხნენ და სცემეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს სცემეს. ჩიქოვანის თქმით, თავდასხმის დროს სოლოლაკში, საკუთარ სახლთან მარტო იყო. ის ამ წუთებში ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება.

"არ შეგვეშინდეს, ვერ მოგვერევიან, ესენი არიან ლაჩრები, ესენი არიან მშიშრები, ამ ქვეყანას ვერ გაარუსებენ, ეს არის რუსული მეთოდები" - თქვა ჩიქოვანმა TV პირველთან.

აღსანიშნავია, რომ 2 კვირის წინ წინ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიმიტრი ჩიქოვანი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაფინანსებაში დაადანაშაულა.

"კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული ადამიანები, ასეულობით ასეთი ადამიანია, რომლებიც დგანან ამ აქციებზე, დაახლოებით ნახევარზე მეტი ამ აქციების მონაწილეების არიან დაფინანსებული ადამიანები, ენჯეოების, კეზერაშვილის, თუ ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ადამიანები, რა თქმა უნდა, იქ გულწრფელი ადამიანებიც არიან.

ახალგაზრდების ნაწილიც არის პირდაპირ დიმა ჩიქოვანის მიერ დაფინანსებული. კონკრეტული ორგანიზაციები, იცით თქვენც, რომლებიც ფინანსდება. დიმა ჩიქოვანი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასმული ახალგაზრდა, ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და მას უწოდებენ გულწრფელ ახალგაზრდას" - თქვა კობახიძემ 23 აპრილს.

კომენტარები