საბჭოთა გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

0 კომენტარი

ვზივარ და ვფიქრობ, რა დავწერო. იქნებ დავწერო, რომ პანაშვიდების ტრადიცია, დღევანდელი ფორმით, არის საბჭოთა გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე?! არა, ალბათ რედაქცია და მკითხველებიც იტყვიან - აუფ, სულ დაუფსტვინა ამ კაცმა, სად პანაშვიდები და სად ეკონომიკაო.

ეს არის საბჭოთა გავლენა - ცხოვრების ნაწილებად დაყოფა - წარმოდგენა ეკონომიკაზე, როგორც ქარხნებსა და ფაბრიკებზე. მაშ, რა არის ეკონომიკა, განა რამე სხვა?

დიახ. ეკონომიკა შეისწავლის, თუ როგორ იქცევა ადამიანი, რათა მიაღწიოს მიზნებს მწირი საშუალებებით, რომელთა სხვანაირი გამოყენებაც შესაძლებელია და, შესაბამისად, თითქმის ყველაფერი ეხება ეკონომიკას და ეკონომიკა თითქმის ყველგანაა.

და ამიტომ, ყველანაირი ფრაზა და აზრი რაღაცნაირი, ცალკე აღებული ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, ან ფრაზა - “მაგათ ეკონომიკას მიხედონ” - საქართველოზე საბჭოთა გავლენის შედეგია. ალბათ, თქვენ ისედაც გრძნობთ, რომ ჩვენს კეთილდღეობაზე, ბიზნესის განვითარებაზე გავლენას ახდენს ყველაფერი - როგორი სასამართლო გვაქვს, როგორ ვექცევით ნათესავებს, რისი გაკეთების გვეშინია და როგორი განათლება გვინდა. ასე რომ ეკონომიკა ყველა ადამიანის მოქმედების შედეგია და არა ქარხნები თუ ფაბრიკები. მცდარი წარმოდგენა ეკონომიკაზე საბჭოთა აზროვნების ერთადერთი ნარჩენი არ არის; მის პატივსაცემად მოგიყვებით პატარა ისტორიას ერთ ქარხანაზე - საბჭოთა ეკონომიკური აზროვნების თვალსაჩინო ნარჩენზე.

რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, ეს უზარმაზარი ფართობის (მსოფლიო მასშტაბით) ქარხანა აწარმოებდა ძალიან ცოტა (მსოფლიო მასშტაბით) ფოლადს და არასოდეს ამას არ აკეთებდა მოგებით. არის ასეთი ცნობილი ადამიანი, ყველაზე დიდი ფოლადის მწარმოებელი მსოფლიოში, ლაქშმი მიტალი. მან თავისი ბიზნესი ააგო ძველი, უვარგისი საწარმოების იაფად შეძენით და შემდეგ მათი გაჯანსაღებით. წელიწადში მისი ფირმა მეტ ფოლადს აწარმოებს, ვიდრე რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს უწარმოებია მთელი თავისი ისტორიის მანძილზე.

2004 წელს მიტალი საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავში გაემგზავრა. ცოტა ხნით შევხვდით და ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი - ამბობდა, ეგეთები ამოგვიქაჩავს, პატარა ქარხანაა, უცებ ავამუშავებო. რუსთავიდან დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდი. კაცმა იმით დაიწყო, ეს ქარხანა რისთვის ააშენეს, მითხარითო. მე ვუპასუხე - ფოლადის წარმოებისთვის-მეთქი. არა, არ შეიძლება ამ ქარხანაში ფოლადის წარმოება მოგებიანი ყოფილიყოო. მე ბევრი ქარხანა მაქვს და კიდევ უფრო მეტი მინახავს, ასე არავინ აშენებს ქარხანას, ასეთი ქარხანა სულ მუდამ დაკარგავს ფულსო. ჩაჯდა თვითმფრინავში და გაფრინდა.

რა შეეშალა მიტალს? შეეშალა რამე? დიახ!

მან არ იცოდა, რომ რუსთავის კომბინატი თავიდანვე შეიქმნა როგორც ე.წ. გეგმიურად წაგებიანი საწარმო - რუსულად планово убыточное предприятие.

საიდან უნდა სცოდნოდა მას ეს საბჭოთა აბსურდი?

ეს არის საწარმო, რომლის ოპერირების ხარჯები აღემატება მის შემოსავალს.ზოგ შემთხვევაში, ამას იწვევდა ფასების რეგულირება და ლიბერალიზაცია, რამაც ბევრი ასეთი საწარმო მოარჩინა, მაგრამ რუსთავის კომბინატი სულ სხვაა - ის შექმნილი იყო წაგებიან საწარმოდ და იმ ტექნოლოგიურ ფორმატში ფულს ვერასოდეს გააკეთებდა.

ასეც მოხდა. როცა სუბსიდირება შეუწყდა, მისი ბედიც გადაწყდა.

რამდენი ასეთი უკუღმართი რამ გვაქვს საბჭოთა მემკვიდრეობის სიაში! დაწყებული ზოგიერთი “ქართული“ ტრადიციიდან და დამთავრებული ზოგიერთი სამინისტროთი.

არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის და მისი ყოფილი ნაწილების გარდა, არსად არ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა ინტელიგენცია. რომ ტერმინი - შემოქმედებითი ინტელიგენცია - საბჭოთა ტერმინია, რომ ფრაზა - საავადმყოფოს კოლექტივმა ყველაფერი გააკეთა - არ ითარგმნება ინგლისურად.

ამ ყველაფრის ამოძირკვას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. მთავარია ჩვენი სულებიდან ამოვიღოთ. ამაზე, ალბათ, ცალკე ვისაუბრებთ. ჩავთვალოთ, რომ ეს პატარა ნარკვევი უფრო ნივთების სამყაროს ეხება. აქაც ბევრია საბჭოთა - სტალინის ძეგლი, ნამგალი და ურო საზოგადოებრივ შენობებზე, საქართველოს რკინიგზაზე მანძილების ათვლა მოსკოვის ცენტრიდან და მრავალი სხვა...
და სანამ დაგემშვიდობებით, ერთ ასეთ ლამაზ საბჭოთა გადმონაშთზე მოგიყვებით.

2008 წელს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი რომ გავხდი, გადავწყვიტე ყველა ქვეგანაყოფის საჭიროება შემესწავლა. შევხვდი ხელმძღვანელებს და დეტალების გარკვევაც დავიწყე. სია მომიტანეს, ვითომ ყველაფერი გასაგები იყო, თუ არ ჩავთვლით ფიზკულტურის რამდენიმე ინსტრუქტორს, მასაჟისტს და კბილის ექიმს (ეს ყველაფერი ასევე ტკბილი საბჭოთა გადმონაყოლია). რამდენიმე თვის შემდეგ (!) სარდაფში მივაგენი ტიპოგრაფიას. რა ტიპოგრაფია, რის ტიპოგრაფია, დავიწყე გარკვევა, რაში გვჭირდება და აღმოვაჩინე, რა პროდუქციას ვუშვებდით - მთავრობის გადაწყვეტილებები თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, თვეში ერთხელ, წიგნის სახით. საკმაოდ კარგი ხარისხის წიგნი იყო. ტირაჟიც დიდი არ ჰქონდა. ერთი რამ იყო საინტერესო - მხოლოდ რუსულ ენაზე გამოდიოდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები