„დიდი ხელოვანები” და სოციალური კონვენციები

 მოხდა ასეთი ამბავი: სოციალურ ქსელ Facebook-ზე ძალიან ცნობილი ქართველი რეჟისორი მამაკაცის სასქესო ორგანოს შეადარეს. ამის მიზეზი გახდა მისი გამონათქვამი, რომ საქართველოს პრეზიდენტი სავარაუდოდ იმიტომაა ცუდი, რომ (ფარული) სომეხია. რეჟისორის ამ აზრს იმ დისკუსიაში არავინ გამოქომაგებია, მსჯელობა კი გადავიდა იმ საკითხზე, მართლა არის თუ არა ის დიდი ხელოვანი: ზოგმა თქვა, კიო, ზოგმა – არაო, ზოგმა კი თავი შეიკავა.

რა არის ამ ამბავში გასაკვირი? ჩემთვის, მხოლოდ ერთი რამ: აღნიშნული რეჟისორის აშკარად ქსენოფობიური გამონათქვამი. კაცმა რომ თქვას, არც ესაა მთლად უნიკალური: იმავე დღეებში კიდევ უფრო ცნობილმა რეჟისორმა, ლარს ფონ ტრიერმა, ჰიტლერის გამართლება სცადა. ამისთვის ის საყოველთაოდ შერისხეს. სოციალურ ქსელებში კონკრეტულად რა სიტყვებით ამკობდნენ, არ მიკვლევია. 
 
გაკვირვების განცდა შემდეგ ეტაპზე დამეუფლა: რეჟისორს ჟურნალ ლიბერალის ბლოგზე ასევე ცნობილი მწერალი ლაშა ბუღაძე გამოესარჩლა. არა, ქსენოფობია არ მოუწონა, მაგრამ ერთობ მწვავე რეაქცია მისცა „ფეისბუკელთა” მწვავე რეაქციას: მისი სიტყვებით, ამ უკანასკნელმა რეჟისორის „დანაშაულიც” კი დაავიწყა (სიტყვა „დანაშაული” ბრჭყალებშია ჩასმული). ქსენოფობიურ გამონათქვამებზე გაცილებით უარესად მან ორი რამ მიიჩნია: (1) რეჟისორის შედარება მამაკაცის სასქესო ორგანოსთან; (2) ეჭვის შეტანა მისი, როგორც „დიდი ხელოვანის” სტატუსში (განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვისაც ფილმი „ჭამა და სექსი” მოეწონა). 
 
რატომ მგონია ეს ეპიზოდი ანალიზის ღირსი? როგორც აქ გამოჩნდა, გასარკვევი გვქონია, სად, ვისზე, რისი, ვის მიერ და როგორ თქმაა დასაშვები „კარგ საზოგადოებაში”, ანუ რა სოციალურ კონვენციებს უნდა დავემორჩილოთ. ეს კი ცივილიზებულ ანუ დემოკრატიულ ქვეყანაში არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტყვის თავისუფლების ფორმალური ნორმები.
 
რაკი ქსენოფობიის გამართლება ამ კონტექსტში არავის უცდია, ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. სხვა საკითხს დავსვამ: დასაშვებია თუ არა, ადამიანი (ნებისმიერი) შეადარო მამაკაცის სასქესო ორგანოს? ჩემი პასუხია: გააჩნია სად. ტრადიციულად მიიჩნევა, რომ საჯარო სივრცეში „ცუდი სიტყვების” გამოყენება ცუდია: მაგალითად, ჟურნალ ტაბულას ფურცლებზე, ლიბერალის ბლოგზე ან რომელიმე სატელევიზიო არხის თოქ-შოუზე ასე რომ ახასიათებდნენ ადამიანებს, არც მე მოვიწონებ. აი კერძო სფეროში, შინაურობაში კი „მოსულა”. რახან „ცუდი” სიტყვები ვიღაცამ გამოიგონა, ალბათ რაღაცისთვის საჭიროა: სადღაც ხომ უნდა გამოიყენო?

თუმცა კონვენციაც მუდმივად იცვლება. მაგალითად, ლაშა ბუღაძის რომანებში გვხვდება ისეთი სიტყვები, რომელთა ბეჭდურ პროდუქციაში ხმარებას უფროსი თაობის ღვაწლმოსილი მწერლები არ მოუწონებდნენ. მაგრამ ახლა სხვა კონვენციაა: მხატვრულ ლიტერატურაში, ფილმებში, სპექტაკლებში „პირდაპირი ლაპარაკის” მოსმენას ვეჩვევით და ამაზე აღარ ვბრაზდებით.
 
Facebook-ში როგორ არის საქმე? დაკვირვება გვიჩვენებს, რომ აქ ნორმები უფრო შერბილებულია, ვიდრე ტრადიციულ მედიაში. ეს ბუნებრივია: თუმცა სოციალური ქსელები მთლად კლასიკური „შინაურობა” არ არის, მაგრამ ერთგვარი კვაზიპრივატული სივრცეა. ეს არის იმიტაცია ოთახისა, სადაც „მეგობრები” ერთმანეთს ელაპარაკებიან. ჩემი „ვოლია” და რასაც მინდა, იმას ვიტყვი: მერე ვიღაცა შემოვა, სიტყვას დააგდებს, გავა და ა.შ. ზომიერების ფარგლებში, „ცუდი სიტყვების” გამოყენებაც დაშვებულია (მათ შორის, მესამე პირის დახასიათებისას) და მაინცდამაინც არ მახსოვს, რომ ამაზე ვინმე აღშფოთებულიყო. არც ლაშა ბუღაძეს გაუპროტესტებია მგონი.  
 
გამოდის, რომ მისი პრობლემა თავად „უზრდელური” გამოთქმა კი არ ყოფილა, არამედ მისი გამოყენება ღვაწლმოსილი ხელოვანის მიმართ. პრინციპი შემდეგი გამოდის: თუ ადამიანს დადგმული აქვს კარგი სპექტაკლები, მისი, როგორც პიროვნების თუ მოქალაქის, ქცევა აღარ შეიძლება შევაფასოთ იმავე სიტყვებით, რასაც მხატვრული ნიჭის არმქონე ადამიანებს მივუყენებდით. ხომ სწორად გავიგე ძირითადი აზრი?
 
ჰოდა, აი ამან დამაწერინა ეს სტატია. არსებობს მოდერნული ევროპული კულტურის მითი, რომ თუ ადამიანს ეხერხება, ვთქვათ, ლექსის წერა, სურათის ხატვა, ან კარგად გამოსდის „მომაკვდავი გედის” ნომერი, მისი პოლიტიკაზე ან სოციალურ პრობლემებზე გამონათქვამებიც უფრო ჭკვიანური იქნება და მათ მეტი ყურადღებით და მოწიწებით უნდა მოვუსმინოთ, ვიდრე ნოტარიუსის, კბილის ექიმის ან ტაქსისტის მოსაზრებებს. მე პირადად არ შემიმჩნევია, რომ პირველი ჯგუფის ადამიანები ზოგადად მეორისაზე უფრო ჭკვიანები არიან. მაგრამ ამ მითს ღრმად აქვს გამჯდარი ძირები და მასთან ბრძოლას აზრი არა აქვს: მას შემდეგ, რაც ღმერთი მოკვდა, მისი ადგილი დასავლურ კულტურაში „დიდმა ხელოვანმა” დაიკავა. 
 
მიუხედავად ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებებში იციან, რომ თუ ხელოვანი საზოგადოებრივი დისკუსიის სივრცეში შეაბიჯებს, მასზე ისევე ვრცელდება „თმენის ვალდებულება”, როგორც ნებისმიერ „პროფესიონალ” პოლიტიკოსზე თუ პოლემისტზე. მეტიც: თუ ხელოვანის ნათქვამი აპრიორი მეტ ყურადღებას იმსახურებს, უარყოფითი რეაქციაც შეიძლება უფრო მწვავე იყოს. თუ კონკრეტული რეჟისორის შემთხვევაში ეს მარტივი ჭეშმარიტება საკამათო გახდა, ესე იგი ელემენტარული დემოკრატიული ღირებულებები მთლად გათავისებული არ გვქონია. 
 
რაც შეეხება იმას, მართლა არის თუ არა  რობერტ სტურუა „დიდი” რეჟისორი... კარგი, რა, ეს საერთოდ რა მოსატანია. ჯობია, გავიმეოროთ მარტივი ზოგადი პრინციპები: (1) „დიდი ხელოვანი” შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს და მის კრიტიკას საგანგებო ლიცენზია ან ოფიციალური სტატუსი არ სჭირდება; (2) როცა „დიდი ხელოვანი” ჩამოვა თავისი ოლიმპიდან და ჩვეულებრივ ხალხს შეერევა, ის შეიძლება ისე მოიქცეს, როგორც ჩვეულებრივი... არა, იმ სიტყვას აღარ ვიტყვი, Facebook-ი ხომ არ არის, სერიოზული ჟურნალია.
 

კომენტარები