ახალი რუსული კანონი

გახარიას პარტიის წევრი: ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით ოცნების სულისკვეთებას ვიზიარებ

გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრი, შალვა კერესელიძე ამბობს, რომ ის ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით ქართული ოცნების სულისკვეთებას იზიარებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატმა ამის შესახებ ზუგდიდში, "ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო" კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს განაცხადა.

"ვიზიარებ მმართველი პარტიის სულისკვეთებას ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით. თუმცა, ჩვენი, გიორგი გახარიას გუნდი სახელმწიფოს მხრიდან ქართული ოჯახების განმტკიცებისთვის  მეტ მხარდაჭერას მოვითხოვთ.

ქართველი კაცისთვის ოჯახური ღირებულებები და ფასეულობები განსაკუთრებული და გამორჩეულია. საბოლოო ჯამში, ეს ინდივიდებამდე დადის და თითოეულ ოჯახს თავისი ღირებულებები და ფასეულობები გააჩნია. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში სხვადასხვა ფორმით შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც ქართული ოჯახების დაცვასა და გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

საქართველო ყოველ წელს ბუნებრივი მატების გარეშე ხვდება, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობის მაჩვენებელს გადააჭარბა. ასევე, შემცირებულია ქორწინებები და გაზრდილია მიგრაცია - ქვეყნიდან გადიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, ქვეყნის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. ქართული გენოფონდი დაბერების პროცესშია". - თქვა კერესელიძემ.

ქართულმა ოცნებამ 29 თებერვალს დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან" დაიცავდა.

3 აპრილს ოცნებამ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი შარშან ჩაგდებულ რუსულ კანონთან ერთად პარლამენტში დაარეგისტრირა.

10 აპრილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დასახელდა. 22 აპრილს კი ქუთაისიდან დაიწყო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა.

კომენტარები