ახალი რუსული კანონი

არჩევნები, გარკვეულწილად, იქნება რეფერენდუმი ამ თემაზეც – პაპუაშვილი ლგბტ უფლებებზე

შალვა პაპუაშვილი ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები გარკვეულწილად იქნება რეფერენდუმი "ლგბტ პროპაგანდასთან" დაკავშირებით.

"რა თქმა უნდა, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება მათ შორის, გარკვეულწილად, რეფერენდუმი ამ თემებთან დაკავშირებით. მოქალაქეები თავისი გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზეც დააფიქსირებენ თავის პოზიციას. ოპოზიცია იმასაც რომ ვერ ბედავს, ამ თემაზე გამოთქვას თავისი პოზიცია, იმიტომ, რომ იყურება თავისი მფარველებისკენ და ერიდება ამ თემებზე საუბარი, ამაზე პასუხს მიიღებს 26 ოქტომბერს. დაწვრილებით ჩაბარდება პასუხი საქართველოს მოქალაქეებისგან". - თქვა პაპუაშვილმა კონსტიტუციაში დაგეგმილი, ლგბტ უფლებების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქართულმა ოცნებამ 29 თებერვალს დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან" დაიცავდა.

3 აპრილს ოცნებამ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი შარშან ჩაგდებულ რუსულ კანონთან ერთად პარლამენტში დაარეგისტრირა.

10 აპრილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დასახელდა.

დღეს, 22 აპრილს კი ქუთაისიდან დაიწყო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით, 22-27 აპრილს, ქუთაისის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის და მესტიის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები