შეეშვით პერპეტუუმ-მობილეს

0 კომენტარი

 “დადგება დრო, როდესაც საზოგადოება დაიყოფა ორ უდიდეს კლასად – სოციალისტებად და ანარქისტებად. ანარქისტებს ენდომებათ, რომ მთავრობა არ არსებობდეს, ხოლო სოციალისტებს – მთავრობა ყველაფერს წყვეტდეს. ამაზე მეტი განსხვავება შეუძლებელი იქნება. როდესაც ეს დღე დადგება და მხოლოდ ეს ორი უდიდესი პარტია დარჩება, ანარქისტები ადამიანის საქმიანობაში სრული ჩაურევლობის დოქტრინას დაუჭერენ მხარს, ხოლო სოციალისტები – პირიქით. მე არჩევანის გაკეთება ამ ორს შორის მომიწევს. მაშინ მე ანარქისტობას ავირჩევ”.
უილიამ გრეჰემ სამნერი

სავარაუდოდ, კონკრეტული დილა, პირდაპირი მნიშვნელობით, როდესაც ყველა ერთდროულად აღმოჩნდება ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე, არასოდეს გათენდება. თითოეული ადამიანისათვის ეს ნებისმიერი დღე შეიძლება იყოს. თუ დაგვებადა უმარტივესი კითხვები, მაგალითად, რატომ არ შეიძლება პარკში კოცნა? ვისი რა საქმეა მარიხუანას მოვწევ, ჰეროინს გავიკეთებ თუ ნაყინს შევჭამ? რატომ უნდა დავება საკუთარ მანქანაში? რატომ არ შეიძლება აკაკი წერეთლის გამოსახულებიანი ფულის ნაცვლად, ელისაბედ დედოფლის გამოსახულებიანი ფულით გადავუხადო ტაქსის მძღოლს მომსახურების საფასური? თუ ასეთ კითხვებს პასუხები მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ღირებულებებზე დაყრდნობით გავეცით და არა თითოეულ შემთხვევაში ჩვენი სურვილის ან უსაფუძვლო რწმენის შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრებაში ეს დღე დადგა.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია პარკში კოცნის აკრძალვის შესახებ. ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო ამბავია. პარკი დღეს სახელმწიფო საკუთრებაა, ამიტომ, როგორი წესიც მფლობელს მოესურვება, სწორედ ისეთს დაადგენს. იქნებ ბებიას არ სურს შვილიშვილი პარკში მიიყვანოს და მისი აზრით, სხვა ადამიანების არაესთეტიკურ მოქმედებას აყურებინოს? ასეთი ბებიები, მთავრობის აზრით, უმრავლესობას შეადგენენ. მთავრობა ზრუნავს უმრავლესობაზე – რადგან ასეთია მისი ბიზნესის მარკეტინგული სტრატეგია. მთავრობის გავიგე, მაგრამ საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანების არ მესმის. რას აპროტესტებდნენ? პარკის დროებითი მფლობელის სრულიად ლეგიტიმურ ქცევას? პროტესტის უაზრო ფორმის ნაცვლად, რატომ არ ითხოვენ პარკების პრივატიზაციას? პარკების მესაკუთრეებისათვის გადაცემა გამოიწვევდა განსხვავებული წესებით მართვას, რომლებსაც საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული მფლობელები დაადგენენ. მესაკუთრეები მოისურვებენ მაქსიმალური რაოდენობის დამსვენებლის მოზიდვას, ნაწილი გადაწყვეტს, რომ მისი კლიენტების უმრავლესობისათვის მისაღებია ერთი სახის მორალური ნორმები, ხოლო კონკურენტი ამით ისარგებლებს და კონკურენტის მიერ მომსახურების გარეშე დატოვებულ ნაწილზე დადებს ფსონს. ასე დაკმაყოფილდებოდა განსხვავებული ღირებულებების ადამიანების ინტერესები და საპროტესტოც არაფერი დარჩება.

უმრავლესობა თვლის, რომ ნარკოტიკების მიღება ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომ სახელმწიფოს აქეზებს, რომ არათუ ამ ნივთიერებების გამყიდველი, არამედ მომხმარებელიც ციხეში გამოკეტოს. ამ ლოგიკით ნარკოტიკებს უმრავლესობა რომ მოიხმარდეს, მაშინ შესაძლებელია ნაყინის მოყვარულები შერაცხონ დამნაშავეებად და ციხეში დაამწყვდიონ. სურვილის და ადეკვატური რესურსის დახარჯვის შემთხვევაში ნაყინის მავნებლობაშიც შეიძლება უმრავლესობის დარწმუნება. ამ საკითხში უმრავლესობის წარმომადგენლები აღშფოთდებიან, თუ საკუთრების პრობლემები შეექმნებათ. თუ არ სცემ პატივს მეორე ადამიანის საკუთრების უფლებას მისივე სხეულზე და სიცოცხლეზე, რა ლოგიკის საფუძველზე შეიძლება მოელოდე სანაცვლოდ, სიცოცხლესთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ქონების პატივისცემას?

უმრავლესობა ეროვნული ვალუტის არსებობას ლამის ნაციონალური ღირსების საქმედ თვლის. გასაგებია, მაგრამ თუ ლარის მბეჭდავ სახელმწიფოს გადახდის ერთადერთ საშუალებად ლარის დაკანონებაზე აძლევ თანხმობას, მაშინ რატომ უნდა აპროტესტებდე, როდესაც გადასახადებით მიღებულ შემოსავალს არ იკმარებს და ხარჯების დასაფინანსებლად ინფლაციას მოგიწყობს?

ადამიანების განსხვავებული სურვილების და მითოლოგიური რწმენის ცხოვრებაში იძულებით წესებად გადათარგმნა, დემოკრატიული ფორმის სახელმწიფოს მეშვეობით ხდება. დემოკრატია უმრავლესობის სურვილების სახელმწიფოს მიერ უმცირესობაზე ძალადობის მეშვეობით ასრულებაა. ოღონდ სურვილების მიხედვით უმრავლესობის და უმცირესობის შემადგენლობა იცვლება და ერთი ადამიანი ხან უმრავლესობაში, ხანაც კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

უპასუხისმგებლო დემოკრატიის შეზღუდვის ერთი გზა გამიგია. ეს არის იმ ადამიანებისათვის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარის თქმა, ვინც დაინტერესებულია ისეთ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი, რომელიც მას სხვის ხარჯზე უფრო მეტს დაჰპირდება. მაგალითად, ასეთი ჯგუფი შეიძლება იყოს სახელმწიფოსაგან სარგებლის მიმღები, საკუთრების არმქონე ან გადასახადების არგადამხდელი ადამიანები. ამის გაკეთება მხოლოდ იმიტომ კი არ ვარგა, რომ „დემოკრატიული” მსოფლიო „შეგვაჩვენებს” – არ ვარ დარწმუნებული, არსებული ფორმის სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, ვინმესთვის რაიმე სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს.

ვფიქრობ, ერთი შეხედვით, შეიძლება ლოგიკური ყოფილიყო დასკვნა, რომ უმრავლესობას მრავალფეროვნება არ მოსწონს, განსხვავებული ღირებულების ადამიანებისადმი შეუწყნარებელია, სხვისი წარმატების შურს და, ზოგადად, შიში ტანჯავს. ადამიანების ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს სახელით მოქმედებს, ქვენა გრძნობებს საკუთარი სარგებლისათვის იყენებს და ერთ შემთხვევაში მოძალადეებად, ხოლო მეორე შემთხვევაში მსხვერპლად აქცევს ადამიანებს. ასე მარტივად რომ იყოს საქმე, ყველანი უმრავლესობაში ჩავეწერებოდით, ერთნაირები გავხდებოდით და პრობლემებიც გაქრებოდა. სინამდვილეში ადამიანებს არანაკლები კარგი თვისებები გვაქვს და ცნობიერად, მეტწილად კი ქვეცნობიერად, ვეწინააღმდეგებით ძალადობას და ვინარჩუნებთ თავისუფლების სიყვარულს.

ვინც თვლის, რომ თავისუფლების დადებითი შედეგებით სარგებლობა და უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობა თითოეული ადამიანის საქმეა, ის უკვე ბუნებრივი წესრიგის ანუ ანარქიის მომხრე ყოფილა. ვისაც ეშინია დამოუკიდებლობის, სხვა ადამიანების მიერ მიღწეული შედეგის შურს და ლოგიკური აზროვნების უნარი აკლია, ამ თვისებებს საკუთარ თავში ვერ ამჩნევს და არ ებრძვის – ის სახელმწიფოს მხარდამჭერ სოციალისტად რჩება.

ამ გადმოსახედიდან დღეს მთელი მსოფლიო, ერთი შეხედვით, ასევე სოციალისტურია. კიმის კორეა, სარკოზის საფრანგეთი, ობამას ამერიკა, მიშას საქართველო და ლი ლონგის სინგაპურიც სოციალისტური ქვეყნებია. კაცობრიობის ამ საერთო ავადმყოფობას გლობალიზაციის ეპოქაში, შესაძლებელია, მხოლოდ ერთად დავაღწიოთ თავი. დაახლოებით ისე, როგორც ისტორიაში გვასწავლეს, თუ როგორ შეიცვალა მონათმფლობელობა ფეოდალიზმით, ეს უკანასკნელი კი სახელმწიფოს მიერ რეგლამენტირებული კაპიტალიზმით. თუმცა გულხელდაკრეფილი ლოდინი გამართლებული სტრატეგია არ უნდა იყოს. ადამიანები უმნიშვნელო პრობლემებს ერთმანეთში მოვაგვარებთ, იმ ერთადერთ იარაღს კი, რომელიც ადამიანის ბუნებისათვის დამახასიათებელ უარყოფით მარცვლებს საფანტივით ზარბაზანში აგროვებს და ზალპით მთელ საზოგადოებას ესვრის, გაერთიანებული ძალით უნდა ვებრძოლოთ. საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანების სხვა საშუალება, გარდა დემოკრატიის პირობებში პოლიტიკური ბრძოლისა, ჩემთვის უცნობია.

ახალი თაობის ანტისოციალისტმა პოლიტიკოსებმა, გასაგებად უნდა აუხსნან ადამიანებს, როგორ და რამდენად შეკვეცავენ სახელმწიფოს. მაგალითად, დაავიწროებენ ლულას, შეამცირებენ დენთის რაოდენობას, გააფუჭებენ დამიზნების მექანიზმს და ასე შემდეგ. ეს სამუშაო საქართველოშიც ოდესმე ღიად უნდა დაიწყოს.

საბედნიეროდ, საკუთარ საქმეში ყველა ადამიანი ანარქისტია, პირდაპირ დაინტერესებული ჯგუფის გარდა არავის მოსწონს გადასახადების ზრდა, სურსათის უვნებლობის მსგავსი რეგულაციების მეშვეობით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა, საკუთარ მანქანაში დაბმა და უამრავი წესი, რომელიც სხვა ადამიანებს ზიანს არ აყენებს. სახელმწიფოს მიერ ადამიანის გაუმჯობესების დოქტრინა სისულელეა, მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის და რეპუტაციის ადამიანს შეიძლება დღეს ამის სჯეროდეს. პერპეტუუმ-მობილეს გამოგონება შეუძლებელი იყო, არის და იქნება, რადგან ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის კანონებს. მიუხედავად ამ საკითხზე უმრავლესობის აზრისა და დროისა, როდესაც ეს კანონები კაცობრიობისათვის ჯერ კიდევ უცნობი იყო.

რადგან ბუნების უკვე ცნობილი კანონების მიხედვით, ეს პარტია ბოლოს ანარქისტების მოგებულია, ამიტომ ბიზნესის თვალსაზრისით ის პოლიტიკოსებიც უნდა დაინტერესდნენ, ვისაც ამ კონცეფციის ჯერაც ვერაფერი გაუგია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები