დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

დემარკაცია, ანკლავები და დაკავებული მიწები – ესკალაციის საფრთხე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის

დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

დემარკაცია, ანკლავები და დაკავებული მიწები – ესკალაციის საფრთხე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის

უკვე რამდენიმე თვეა, რაც აზერბაიჯანმა სეპარატისტულ ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა, თუმცა ერევანთან ბაქოს ურთიერთობა კვლავ დაძაბული რჩება. სომხეთში მორიგი ომის შიში არსებობს. პოტენციურად კონფლიქტის ასარიდებლად პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაცია აქტიურად ალაპარაკდა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის აუცილებლობაზე. აქამდე ფაშინიანს უკვე ჰქონდა ნათქვამი, რომ აღიარებდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ეს სასაზღვრო კონფლიქტის დასრულებას არ ნიშნავს. 

რეალურად, ესკალაციის საფრთხე კვლავ არსებობს. ბაქოს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია საკუთარი მთავარი სავაჭრო-ინფრასტრუქტურული პროექტი - ზანგეზურის დერეფანი, რომელმაც სომხეთის სამხრეთ საზღვარზე უნდა გაიაროს და აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორია მოწყვეტილ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, აქედან კი თურქეთს დაუკავშიროს. წარსულში ილჰამ ალიევს არაერთხელ გაუჟღერებია მუქარა, რომ თუ სომხეთი ამ გზის გახსნას არ დათანხმდება, ძალას გამოიყენებდნენ. გასული წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ამბობდა, თითქოს ზანგეზურის დერეფანმა მათთვის მიმზიდველობა დაკარგა, თუმცა, იანვარში ალიევმა ახალი მუქარა გააჟღერა და თქვა, რომ თუ ერევანი ამ დერეფანს არ გახსნის, მაშინ თავად სომხეთთან სახმელეთო საზღვრის არცერთ მონაკვეთს გახსნიან. მას შემდეგ, რაც ე.წ. არცახის რესპუბლიკამ არსებობა საბოლოოდ შეწყვიტა, მოლაპარაკებების მაგიდაზე სომხეთი უფრო და უფრო წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება, რადგან აღარ რჩებათ საკითხები, რომლებსაც ბაქოსთან სავაჭროდ გამოიყენებენ. 

ახალი შეტაკებები საზღვარზე მცირე ხნის წინ მოხდა და ცხადია, რომ ბაქო ერევანზე სამხედრო ზეწოლას ინარჩუნებს. ამას გარდა, 9 მარტს აზერბაიჯანმა სომხეთს მოსთხოვა 4 სოფლის გათავისუფლება. საუბარია არა აზერბაიჯანულ ანკლავებზე, რომლებიც სომხეთის ტერიტორიაზე მოექცა, არამედ საზღვარზე მდებარე პუნქტებზე, რომლებსაც სომხეთის შეიარაღებული ძალები ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებენ. ეს სოფლებია: ბაღანის-აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი. ამას გარდა, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს 3 ანკლავი, სადაც კიდევ 4 სოფელი მდებარეობს. ამ 8 პუნქტის გათავისუფლება აზერბაიჯანს აქამდეც მოუთხოვია. თუმცა, ამ ფაქტორების გარდა, მოლაპარაკებებს გაართულებს ფაქტი, რომ სომხეთის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებს აზერბაიჯანელი სამხედროებიც აკონტროლებენ.

ანკლავები და საზღვრები

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში პრობლემას რამდენიმე საკითხი შექმნის: საბჭოთა კავშირის დროს დახაზული რთული საზღვრები და ანკლავები; აზერბაიჯანის ტერიტორია, რომელიც სომხეთმა ყარაბაღის პირველი ომის დროს დაიკავა; სომხეთის ტერიტორია, რომელიც აზერბაიჯანმა 2021 წლის შემდეგ დაიკავა. 

გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაა მოწყვეტილი, არსებობს კიდევ სამი ტერიტორია, რომელიც ქვეყანას სახმელეთო საზღვრით არ უკავშირდება. ზემოხსენებულ 8 პუნქტში, რომელთა გათავისუფლებას ბაქო ერევანს სთხოვს, სწორედ ეს ანკლავებიც შედის. თუმცა ერთი მსგავსი ანკლავი, რომელიც საბჭოთა საზღვრებით სომხეთს ეკუთვნის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც ექცევა.

სომხური და აზერბაიჯანული ანკლავები

სომხეთის ტერიტორიით, აზერბაიჯანის ყაზახის რაიონის საზღვრის მიდამოებში, მოქცეულია 3 სოფელი, რომლებიც, საერთაშორისოდ აღიარებული ყოფილი საბჭოთა საზღვრების გათვალისწინებით, ბაქოს ეკუთვნის. ეს სოფლებია: იუხარი-ასქიფარა, სოფულუ და ბარხუდარლი. ეს ბოლო ორი სოფელი ერთმანეთს ესაზღვრება და ერთ ანკლავში შედის. ამას გარდა შედარებით სამხრეთით, ნახიჩევანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს კიდევ ერთი აზერბაიჯანული ანკლავი - ქარქი, რომელსაც სომხები ტიგრანაშენს უწოდებენ. პარალელურად, ტერიტორია, რომელიც სომხეთს ამავე პრინციპით ეკუთვნის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მოქცეული. ამ ანკლავს, რომელიც ადმინისტრაციულად გეღარქუნიქის პროვინციას ეკუთვნის, არწვაშენი ჰქვია.

ამ ანკლავების მცხოვრები რამდენიმე ათასეული ეთნიკური სომხებიც და აზერბაიჯანელებიც ყარაბაღის პირველი ომის დროს ეთნიკური წმენდის მსხვერპლები გახდნენ და საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუწიათ. საბჭოთა პერიოდის უჩვეულო სასაზღვრო განაწილებას პრობლემები მხოლოდ კავკასიაში არ გამოუწვევია. ამავე მიზეზით სასაზღვრო უთანხმოება ყირგიზეთ-ტაჯიკეთსა და ტაჯიკეთ-უზბეკეთს შორისაც არსებობს. მთელი ამ პრობლემის მიზეზია 8 ანკლავი, აქედან ყირგიზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს 6 მათგანი, რომელთაგან 4 უზბეკეთს ეკუთვნის, 2 კი - ტაჯიკეთს. რაც შეეხება დანარჩენ 2 ანკლავს, ისინი უზბეკეთის ტერიტორიითაა გარშემორტყმული და ერთი ყირგიზეთს ეკუთვნის, მეორე - ტაჯიკეთს. ეს სასაზღვრო უთანხმოება ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის კვლავ სახიფათო ფაქტორად რჩება, განსაკუთრებით ბოლო წლების ესკალაციების ფონზე. ორი ქვეყნის საზღვარზე შეტაკებები ჯერ 2021, შემდეგ კი 2022 წელს მოხდა. 

აზერბაიჯანის მხარეს მებრძოლი სამხედროები არწვაშენის/ბაშქენდის აღების ოპერაციის დროს, 1992 წელი. ჯავშანტრასპორტიორზე ჩანს დაჯგუფება რუხი მგლების სიმბოლო.

აზერბაიჯანის ტერიტორიები სომხეთის კონტროლქვეშ

ანკლავების გარდა, როგორც უკვე ზემოთ იყო ნახსენები, ბაქო ერევნისგან ითხოვს კიდევ 4 სოფლის გათავისუფლებას. ბაღანის-აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი ყარაბაღის პირველის ომის დროს სამი ანკლავის მსგავსად სომხეთის კონტროლქვეშ მოექცა. ამ სასაზღვრო სოფლებს მნიშვნელობას სძენს ფაქტი, რომ მათ მიდამოებში გადის ერთ-ერთი მთავარი გზა, რომელიც ერევანს თბილისთან აკავშირებს. როგორც Google-ის რუკებზე ჩანს, ამ გზის ნაწილი აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. აქვე საკმაოდ ახლოსაა ორი ანკლავიც. ამას გარდა, მიმდებარედ, ყაზახის რაიონში საქართველოსა და აზერბაიჯანის მაკავშირებელი გაზსადენი მდებარეობს. ეს პროექტი, “სამხრეთის გაზის დერეფანი” აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი მეშვეობით ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგება იგეგმება. სასაზღვრო რეგიონებზე კონტროლის დამყარებით ბაქო ამ ენერგოპროექტის უსაფრთხოებასაც უფრო მეტად უზრუნველყოფს, ამასთანავე, შეეძლება თბილისა და სომხეთს შორის ტვირთების გადაადგილების ვიზუალური კონტროლი. სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, ამ სასაზღვრო პუნქტებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიცია ხისტია და სომხეთისგან მათ დაუყოვნებლივ, უპირობო დათმობას ითხოვს. თუმცა, ეს სოფლები ერევნისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც უკვე ნახსენები იყო, აქ გადის თბილისთან მაკავშირებელი გზები და ასევე გაზსადენი, რომლითაც ქვეყანას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდება. რაც შეეხება ქარქის ანკლავს, აქ ირანთან მაკავშირებელი ერთ-ერთი გზა გადის.

წითლად მონიშნულია ტერიტორიები, რომლებსაც, აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის მტკიცებით, სომხეთი აკონტროლებს. ამ მონაცემების დაზუსტება რთულია და თავად აზერბაიჯანულმა მედიამ რამდენჯერმე შეცვალა.

აქამდე არსებობდა ცნობები, რომ თავდაპირველად აზერბაიჯანი სომხეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნას 2020 წლის 44-დღიანი ომის ცეცხლის შეწყვეტის 10 ნოემბრის განცხადებაში აპირებდა, თუმცა შემდეგ ეს ნაწილი ამოიღეს. თუმცა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მეორე დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანის უახლოესი მოკავშირის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ სიტყვით გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ყაზახის პროვინციის სოფლებზე და თქვა, რომ ისინი ბაქოს სხვა ტერიტორიებთან ერთად 20 ნოემბრისთვის დაუბრუნდებოდა, რაც არ მომხდარა. ამას გარდა, ყაზახის პროვინციის ადგილობრივი მთავრობის მეთაურმა, რაჯაბ ბაბაშოვმა 2020 წლის 27 ნოემბერ თქვა, რომ სოფლები "მალე გათავისუფლდებოდა ოკუპაციისგან", რაც, მისი მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაშიც იყო გათვალისწინებული. შემდეგში ბაბაშოვის ეს განცხადება ყაზახის ადგილობრივი მთავრობის ვებგვერდიდან წაშალეს. როგორც ჩანს, პირველი გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანი ამ ტერიტორიებთან თავს იკავებდა და ხელსაყრელ სამოქმედო მომენტს ელოდა. შესაფერისი შესაძლებლობა ბაქოსთვის სწორედ ახლა არსებობს, როცა სომხეთი საგარეო კურსის ცვლილების შუა გზაშია, რუსეთის მხარდაჭერა სრულიად დაკარგული აქვს, ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკამ კი არსებობა შეწყვიტა. თუ აზერბაიჯანი სომხეთის სამხრეთ საზღვარზე თამამი ქმედებებისგან თავს ირანის (რომელიც ზანგეზურის პროექტს ეწინააღმდეგება საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გამო) გამო იკავებს, ისინი სასურველ შედეგებამდე მისვლას აგრესიის სხვა მიმართულებით გადატანით ეცდებიან. 

სომხეთის ტერიტორიები აზერბაიჯანის კონტროლქვეშ

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ფაქტი, რომ სომხეთის ტერიტორიის ნაწილი აზერბაიჯანსაც აქვს დაკავებული და საუბარი მხოლოდ არწვაშენის ანკლავზე არაა. ეს პრობლემა აქტუალური 2021 წლიდან გახდა. მას შემდეგ, სომხური მედიის ცნობით, ბაქოს სომხეთის ტერიტორიის 215 კვადრატული კილომეტრი აქვს დაკავებული.

აქომ სამოქმედო ნიადაგის მოსინჯვა ყარაბაღის მეორე ომიდან მალევე, ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში დაიწყო. 2021 წლის 12 მაისს აზერბაიჯანულმა ძალებმა წინსვლა დაიწყეს სომხეთის აღმოსავლეთით მდებარე გეღარქუნიქის და სამხრეთით მდებარე სიუნიქის პროვინციებში. მათ აქ რამდენიმე ხელსაყრელი პოზიცია დაიკავეს. როგორც ნიკოლ ფაშინიანი ამბობდა, აზერბაიჯანელები სიუნიქის ოლქში ცდილობდნენ, რომ სევის ტბა (რომლის ნაპირის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ნაწილი კი სომხეთის) ალყაში მოექციათ. ბაქო განცხადებებში თავის მხრივ ირწმუნებოდა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არ შესულან და მხოლოდ ის პოზიციები გაიმაგრეს, რომელზე წვდომაც ზამთარში ამინდის გამო არ ჰქონდათ. სევის ტბასთან დაკავშირებით სომხურ მედიაში გავრცელდა საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხედრო რუკა, რომელშიც ჩანდა, რომ სანაპიროს დიდი ნაწილი სომხეთის სსრ-ს ტერიტორიაზე იყო მოქცეული.

სამხედრო რუკა, რომელიც სომხეთმა გაავრცელა

სწორედ ამავე პერიოდში მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობის გაუარესების ახალი საფუძველი გაჩნდა. აზერბაიჯანის მოქმედებებთან დაკავშირებით ფაშინიანმა ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) სხდომა მოიწვია, თუმცა მოსკოვის მიერ მართული ალიანსისგან არათუ დახმარება, საკმარისი ყურადღებაც ვერ მიიღო.

მცირე შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში თითქმის მთელი 2021 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ მოვლენებს უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. 2022 წლის დასაწყისში სასაზღვრო შეტაკებები თავდაპირველად მხოლოდ იანვარსა და აპრილში მოხდა (ეს უკანასკნელი ფაშინიანისა და ალიევის სტრასბურგში შეხვედრის მომდევნო დღეს მოხდა). პარალელურად, უკრაინაში ომის დაწყებამ ბაქოსთვის ახალი სამოქმედო ფანჯარა გახსნა. დასავლეთის შუამავლობის მცდელობა მხარეებს შორის უკვე აშკარად არ ამართლებდა, რუსეთს კი კავკასიისთვის არ ეცალა. შესაბამისად, ბაქო უფრო თამამი მოქმედებებისთვისაც მზად იყო, რაც მოხდა კიდეც.

2022 წლის სექტემბერში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ფართომასშტაბური შეტაკებები დაიწყო. თავდაპირვალად, ამ თვის დასაწყისში აზერბაიჯანმა რამდენჯერმე გაავრცელა ცნობები სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ საზღვარზე ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით, რასაც სომხური მხარე უარყოფდა. ბოლო მსგავსი განცხადება ბაქომ 11 სექტემბერს გაავრცელა, მომდევნო დღეებში კი მასშტაბური მოქმედებები დაიწყეს. ორივე მხარე ირწმუნებოდა, რომ მოწინააღმდეგეს 400-ზე მეტი სამხედრო მოუკლა, ოფიციალურ განცხადებებში ბაქო ირწმუნებოდა, რომ 80 ჯარისკაცი დაეღუპათ, ერევანი კი 207 დაღუპული ან დაკარგული მებრძოლის შესახებ იტყობინებოდა. მძიმე შეტაკებები 12-14 სექტემბერს მიმდინარეობდა. მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ სომხეთი ამ დაპირისპირებას ომს უწოდებს. შემდეგში გავრცელდა ორი ვიდეო, რომლებშიც აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულები იყო აღბეჭდილი. ერთ ჩანაწერში სომეხ ტყვეებს ხვრეტდნენ, მეორეში კი აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ დასახიჩრებული სომეხი ქალი სამხედროს ცხედარი ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ იერიშები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ОДКБ კვლავ უმოქმედოდ დარჩა.

როგორც ზემოთ უკვე აღნიშნული იყო, საბოლოო ჯამში, სომხეთის მტკიცებით, აზერბაიჯანი ამჟამად სომხეთის სუვერენული ტერიტორიის 215-მდე კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. ამ მონაცემების მიხედვით 2021 წლის დაძაბულობის დროს ბაქომ გეღარქუნიქის პროვინციაში დაიკავა: 5 კმ² სოფელ კუტაკანთან, 4 კმ² სოფელ სოთქთან, 11 კმ² სოფელი ნორაბაკის მიმდებარედ და 47 კმ² ვერინ-შორჟის რაიონში. რაც შეეხება 2022 წელს, სომხეთმა დაკარგა: ვაიოც ძორის პროვინციაში, ჯერმუკის რაიონში 64 კმ², სიუნიქის პროვინციაში 19 კმ² სოფელ სარნაკუნქთან, 7 კმ² იშხანასართან, 32 კმ² ტბა სევის მიმდებარედ და 27 კმ² სოფელ ნერქინ-ჰანდის მიმდებარედ. დიდი ხნის განმავლობაში ერევანი არ აზუსტებდა ზუსტ ცნობებს ტერიტორიებზე, რომლებსაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ, თუმცა 2023 წლის 1-ელ თებერვალს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსმენაზე სომხეთმა გამოაქვეყნა რუკა, რომელიც აჩვენებდა მიწებს, რომლებსაც ბაქოს ძალები აკონტროლებდნენ.

რუკა, რომელიც სომხეთმა ICJ-ში წარმოადგინა. იასამნისფერი - აზერბაიჯანის მიერ 2021 წლის მაისში დაკავებული ტერიტორია; ნარინჯისფერი - 2021 წლის ნოემბერში დაკავებული მიწები; ვარდისფერი - 2022 წლის სექტემბერში დაკავებული ტერიტორია.

2024 წლის იანვარში ალიევმა არანაირი მზაობა არ გამოხატა, რომ ის დაკავებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რაიმე სახის დათმობაზე წავიდოდა. ის ამბობდა: "არც 2021 წლის და არც 2022 წლის პოზიციებიდან ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ, რადგან ეს საზღვარი უნდა განისაზღვროს. თუმცა, ჩვენი ლოკაცია, რომელიც ახლა სომხეთთან სადავოა, არ მოიცავს რომელიმე დასახლებას. პოზიციები და მაღლობები, სადაც ვდგავართ, დასახლებული არასდროს ყოფილა. დღეს სომხეთი აგრძელებს ჩვენი სოფლების ოკუპაციას და ეს მიუღებელია."

2022 წლის სექტემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ სომხეთს ომის განახლების შიში მუდამ უნდა ჰქონდეს. ბაქო კი თავის მხრივ სარგებლობს არსებული რეალობით, რომ ერევანი ახალი საერთაშორისო პარტნიორების ძიებაშია და სრული მხარდამჭერის იმედი ჯერჯერობით ვერავისგან ექნება. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანი აგრესიითა და ომის განახლების შიშით სომხეთზე ზეწოლას გაზრდის. პოტენციური ომი, რომელიც დაწყების შემთხვევაში, რეალობიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერევნის დამარცხებით დასრულდება, შესაძლოა დიდი დარტყმა გახდეს მათი სახელმწიფოებრიობისთვის. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ თებერვალში ჩატარებული "ოპერაცია შურისძიება" ერთ-ერთი შეხსენება იყო, რომ ძალის გამოყენებისთვის ბაქო მუდამ მზად არის.

 

სწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით გახდა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი მნიშვნელოვანი. თუმცა, გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანი თავის მხრივ ამ პროცესის ნაწილობრივ საბოტაჟსა და ძალის მეშვეობით მეტი სარგებლის მიღებას ეცდება, უკმაყოფილება სომხეთის საზოგადოების შიგნითაც ღვივდება. ომის საფრთხის მიუხედავად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესით გათვალისწინებულ ზომებს ეწინააღმდეგებიან. მაგალითად, პირი, რომელიც 24 მარტს სომხეთში, ნორ-ნორქში პოლიციის განყოფილებაში ხელყუმბარით შეიჭრა, აზერბაიჯანისთვის 4 სასაზღვრო სოფლის გადაცემას ეწინააღმდეგებოდა. სწორედ ამიტომ, ფაშინიანის მთავრობას არამარტო გარე, არამედ შიდა ფაქტორებიც დიდ პრობლემას უქმნის. მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია დაიწყონ ყაზახის პროვინციის მოსაზღვრე ტავუშის პროვინციიდან, სადაც მდებარეობს ტერიტორია, რომელზე კონტროლიც აზერბაიჯანს ამჟამად დაკარგული აქვს, გააქტიურდნენ გარკვეული ჯგუფები, კერძოდ  ნაციონალურ-დემოკრატიული პოლუსისა და კავშირ მებრძოლთა საძმოს წევრები, რომლებიც ამ რეგიონების მონახულებას აპირებდნენ. საბოლოოდ, ზოგიერთი მათგანი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. მსგავს ჯგუფებს, ისევე, როგორც სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრებ სომხებს აშინებთ, რომ სოფლები, რომლებიც აზერბაიჯანის მეზობლად იმყოფება, შესაძლოა ფაქტობრივ ბლოკადაში აღმოჩნდეს და შეექმნათ უსაფრთხოების პრობლემები. სწორედ ამიტომ, ფაშინიანი ცდილობს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის გარკვეული გარანტიები შექმნას.

თავად სომეხი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ აზერბაიჯანს არ გადასცემენ არც ერთ დასახლებულ პუნქტს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკას ეკუთვნის, თუმცა ეს ნაკლებად დაამშვიდებს იმ არსებულ შიდა განწყობებსა და შიშებს, რაც ადგილობრივებს აწუხებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარებული აქვს, რაშიც თავისთავად შედის ის რამდენიმე სოფელიც, რომელთა დაბრუნებასაც ბაქო ითხოვს. ტექნიკურად, მსგავსი განცხადებები სიმართლეა, ერევანი არა თავისი სუვერენული ტერიტორიის, არამედ საკუთარ კონტროლქვეშ არსებული რამდენიმე სოფლის დაბრუნებაზე ფიქრობს და ფაქტობრივად თანახმაც არის. თუმცა, რადგან ამ დასახლებებში და მათ მიმდებარედაც ეთნიკური სომხები ცხოვრობენ, ფაშინიანის მთავრობისთვის შიდაპოლიტიკური გამოწვევები და დაძაბულობა არ გაქრება, რადგან მოსახლეობის ნაწილი ამ სოფლების დათმობას ისე უყურებს, როგორც რესპუბლიკის ტერიტორიით გასხვისებას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსაკუთრებით საგანგაშოა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აპრილის დასაწყისში სასაზღვრო სროლების განახლება. ბაქომ რამდენჯერმე უკვე გაავრცელა ცნობა, რომ სომხეთი, თითქოს, საზღვართან ძალებს აგროვებდა. ევროკავშირის მისიაში ამბობენ, რომ ეს სიცრუეა. ცნობა თავად ერევანშიც უარყვეს და პროვოკაცია უწოდეს. მსგავსი სახის ცნობები კი წარსულში სწორედ შედარებით დიდი შეტაკებების წინ ვრცელდებოდა.

კომენტარები