საქართველოს ისტორია და ეკონომიკური თავისუფლება

0 კომენტარი

საქართველოს ისტორიაში ეკონომიკა და ეკონომიკური აზრის განვითარება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი მიმართულებებია. ამას ბევრი მიზეზი აქვს, დაწყებული ქართველი ისტორიკოსების ეკონომიკური ხასიათის საკითხებით ნაკლები დაინტერესებით და დამთავრებული საბჭოთა პერიოდის გაუკუღმართებული ისტორიოგრაფიით. პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელოსა თუ წიგნში, რომელიც საქართველოს ისტორიას ეხება, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია დროის კონკრეტულ მომენტში ქვეყნის (სამთავროს) ლიდერზე, შემოსულ დამპყრობლებსა და წარმოებულ ომებზე, და საქართველოს სამეფოს (ან ცალკეული სამეფოების/სამთავროების) ტერიტორიულ ზრდასა თუ/და დანაკარგებზე. ყველა წარმატება, რომელიც, როგორც წესი, მოგებული ომებითა და შემომატებული ტერიტორიებით განისაზღვრება, მიეწერება იმ დროინდელი ლიდერის ზეადამიანურ თვისებებს, ქართველთა ექსტრაორდინარულ მახასიათებლებს (განსაკუთრებული სიმამაცე, თავდადება, გონიერება და სხვა) და ხელსაყრელ საერთაშორისო თუ რეგიონულ გეოპოლიტიკურ გარემოებებს; შესაბამისად, ყველა მარცხი და განადგურების პირას მისვლა, აგრეთვე, უნიათო ლიდერებისა და მომხვდური მტრის დამსახურებაა.

მაგრამ ძლიერი სამეფოს ან თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ლიდერის ურყევ ნებაზე, ერის ხასიათის თვისებებზე ან გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე. ეს ყველაფერი, ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ისეთი საზოგადოებრივ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა, რომელსაც შესწევს უნარი დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და ამავდროულად, ხელი შეუწყოს მოსახლეობის კეთილდღეობის მატებას, მეტწილად სწორედ ეკონომიკური მოწყობის მოდელზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს საუბარია საქართველოზე, თუ რომელიმე სხვა ქვეყანაზე, ისევე როგორც ნაკლებად არსებითია, ისტორიის რომელ პერიოდს განვიხილავთ.

სწორედ ამ გადმოსახედიდანაა საინტერესო რა ტიპის „ეკონომიკა” ჰქონდა საქართველოს, ერთი მხრივ, აღზევების პერიოდებში, ხოლო, მეორე მხრივ, ისტორიის ყველაზე რთულ მონაკვეთებში; როგორ ახერხებდა ქვეყანა ძლიერი სამეფოდან მისულიყო განადგურების პირას და შემდეგ კვლავ აღმდგარიყო და გაძლიერებულიყო; რა გავლენას ახდენდა მის ეკონომიკაზე ამა თუ იმ დამპყრობლის, განსაკუთრებით კი რუსეთის იმპერიის, მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს ისტორიის სწორედ ასეთი რაკურსიდან „გადახედვით” ვიყავი დაკავებული და შევეცდები რამდენიმე „მიგნება” გაგიზიაროთ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიაში ეკონომიკური ხასიათის მონაცემები არც ისე ბევრია შემორჩენილი, არსებული მასალიდანაც კი შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გაკეთება.

ტერიტორიული მთლიანობა, რაც ზოგ შემთხვევაში მიზნად მოიაზრება, ხოლო ზოგ შემთხვევაში სიძლიერის წინაპირობად, ნამდვილად განაპირობებდა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას. თუმცა ამის მიზეზი არა ტერიტორიის ფიზიკური ერთიანობა, არამედ ის ფაქტორები გახლდათ, რასაც ეს ერთიანობა უწყობდა ხელს. კერძოდ, როდესაც საქართველოს ტერიტორია მრავალ სამთავროდ თუ რამდენიმე სამეფოდ დაიყო, დარღვეული იყო ერთიანი ეკონომიკური სივრცე. შესაბამისად, თითოეულ ტერიტორიულ ერთეულზე არსებობდა სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმი, რაც ხელს უშლიდა უპირველეს ყოვლისა ვაჭრობას და აფერხებდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიერ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციის შესრულებას. გაერთიანებული სამეფოს პირობებში კი, ხდებოდა საგადასახადო რეჟიმის უნიფიცირება, რაც განაპირობებდა საერთო საგადასახადო ტვირთის შემცირებას (ვაჭრებს აღარ უწევდათ გადასახადის გადახდა ცალკეული ფეოდალებისთვის), შესაბამისად, ვაჭრობის განვითარებასა და ფულადი თუ ინტელექტუალური კაპიტალის შემოდინებას.

თავისუფალი ეკონომიკური გარემო, რაც გამოიხატებოდა ვაჭრობისთვის ნაკლები ბარიერების შექმნაში (საბაჟო გადასახადების სახით) და მცირე რაოდენობის გადასახადების არსებობაში, მეორე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენდა ეკონომიკის როგორც განვითარებისთვის (რასაც საბოლოო ჯამში ქვეყნის (სამეფოს) გაძლიერებამდე მივყავდით), ასევე, ხშირ შემთხვევაში, აღდგენისთვის. ისტორიის სწორედ იმ პერიოდებში, როდესაც საქართველოს სამეფო ან სამეფოები მეტწილად იყენებდნენ თავისუფალი და ღია ეკონომიკის პრინციპებს, საქართველოს ქალაქები სწრაფად იქცეოდნენ რეგიონულ სავაჭრო ცენტრებად. შედეგად შეიმჩნეოდა ეკონომიკის წინსვლა, სამეფოს გაძლიერება და რეგიონში პოლიტიკური გავლენის ზრდა. ხოლო, როდესაც სამეფო თუ ფეოდალური გადასახადების ტვირთი იზრდებოდა, ეს იქცეოდა დაბრკოლებად როგორც შიდა, ისე საგარეო ვაჭრობისთვის, ამცირებდა ეკონომიკურ აქტივობას და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის დასუსტებით მთავრდებოდა. შედეგად, დასუსტებული სამეფო ვერანაირ წინააღმდეგობას უწევდა სხვადასხვა დამპყრობლებს.

მონეტარული პოლიტიკის კუთხით, საქართველოს ისტორიიდან ორი გაკვეთილის გამოტანა შეიძლება. იმ პერიოდებში, როდესაც ფულის მიმართ სამეფო (ან სამეფოები) იყენებდა ლიბერალურ მიდგომებს, ქვეყანაში განსაკუთრებული ინტენსივობით ვითარდებოდა ვაჭრობა, რადგან უცხოელ მოვაჭრეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის სასურველ ვალუტაში ეწარმოებინათ გაცვლითი ოპერაციები, რაც აადვილებდა ეკონომიკურ კალკულაციას. ამის დამადასტურებელია არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალი ქვეყნის ფულის მონეტები. ვაჭრობის ინტენსიფიკაცია კი ბუნებრივად ხელს უწყობდა ეკონომიკურ წინსვლას. მეორე მხრივ, საკუთარი ფულის არსებობა ყოველთვის არ იყო პოზიტიური შედეგების მომტანი. მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში, ე.წ. ოქროს ხანის შემდეგ, საქართველოს სამეფოს სწრაფი ვარდნა, შესაძლოა, გაპირობებული ყოფილიყო თამარ მეფის პერიოდში დიდი ოდენობით სპილენძის ფულით ემისიით, რასაც უცილობლად მოჰყვებოდა ინფლაცია თანმდევი ნეგატიური შედეგებით. შესაძლოა, სწორედ ეკონომიკის ამ გზით დასუსტებამ განაპირობა ის, რომ საქართველოს ერთ დროს ძლევამოსილი სამეფო მომდევნო პერიოდში აბსოლუტურად უსუსური ჩანს სხვადასხვა დამპყრობლის წინაშე.

ტოლერანტობა სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების მიმართ, რაც ხშირად ქართველებისთვის სიამაყის საფუძველს წარმოადგენს, განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკონომიკური ფუნქციის მატარებელი თვისება იყო. იმის გამო, რომ საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, ის ბუნებრივად წარმოადგენდა რეგიონალურ სავაჭრო ცენტრს, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ვაჭრები. სწორედ ტოლერანტული და არადისკრიმინაციული დამოკიდებულება უცხოელების მიმართ, მეტიც, მათთვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შეთავაზება, განაპირობებდა ვაჭრებისა და კაპიტალის შემოდინებას სამეფოში. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია დავით აღმაშენებლის და გიორგი ბრწყინვალის მეფობის ხანა – საქართველოს ისტორიის ორი გამოკვეთილად წარმატებული პერიოდი.

ხშირ შემთხვევაში ეკონომიკურ წარმატებას განაპირობებს არა მხოლოდ არსებული სამართლებრივი სივრცე, არამედ კულტურული ხასიათის სტერეოტიპებიც. ამ მხრივ აღსანიშნავია ისტორიის განმავლობაში ქართველების დამოკიდებულება ვაჭრობასთან და ფულთან. იმის გამო, რომ საქართველო აგრარულ ქვეყანას წარმოადგენდა, მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში ორიენტირებული იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ხოლო ვაჭრობა და ე.წ. მევახშეობა (ფულის გასესხება საპროცენტო სარგებლის მიღების მიზნით) ხშირ შემთხვევაში განიხილებოდა, როგორც უშრომლად სარგებლის მიღება და სირცხვილად ითვლებოდა. ასეთი სახის დამოკიდებულების გაბატონებას გარკვეულწილად ხელი შეუწყო არაბების საქართველოში შემოსვლამ, რომელთაც გააჩნდათ ანტაგონისტური დამოკიდებულება ამ ორი ეკონომიკური ფენომენის მიმართ. მრავალი საუკუნის შემდეგ საბჭოთა სოციალისტური სისტემა მკაცრად დაგმობს და საბოლოო ჯამში აკრძალავს თავისუფალ ვაჭრობასა და ფულად ოპერაციებს. იმის ბოლომდე გაცნობიერება თუ რა სარგებელი მოაქვს ვაჭრობას ან რა ეკონომიკური ეფექტის მატარებელია თუნდაც ფულის გასესხება, საქართველოში ფართო საზოგადოების მიერ, პრინციპში, არასოდეს მომხდარა. ცხადია, მსგავსი სტერეოტიპები უარყოფითად აისახებოდა ეკონომიკური აქტივობის ინტენსივობაზე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსეთის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ჯერ მეფის რუსეთის, ხოლო შემდეგ საბჭოთა იმპერიის სახით. დაახლოებით 200-წლიანი ოკუპაციის პერიოდში (1918-1921 წლების გამოკლებით) საქართველოს არ ჰქონდა საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების საშუალება და სრულად დამოკიდებული იყო მოსკოვის ნება-სურვილზე. ცალკეული მიდგომები, რომლებსაც მეფის რუსეთი იყენებდა კოლონიებთან, ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი იყო საქართველოსთვის. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, იმპერიის მიერ ეკონომიკაში უხეშმა ჩარევამ, წარმოებულმა ომებმა, რომელთა ნაწილიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ხოლო საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ეკონომიკის უტოპიურმა სოციალისტურმა დაგეგმარებამ, პრაქტიკულად არანაირი შანსი დაუტოვა საქართველოს ეკონომიკას, ეპოვა საკუთარი განვითარების გზა.

საბოლოო ჯამში, თუ რამეს გვასწავლის საქართველოს ისტორია, ეს არის ის, რომ სახელმწიფოს ძლიერებას და სტაბილურობას, უპირველეს ყოვლისა, მისი ეკონომიკური პოტენციალი განაპირობებს. რაც უფრო თავისუფალი და, შესაბამისად, ძლიერი იყო საქართველოს სახელმწიფოს (სამეფოს) ეკონომიკა, მით უფრო პროგრესირებდა ის. ეკონომიკის დასუსტებასთან ერთად კი სახელმწიფოც სუსტდებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები