ცნობილები

0 კომენტარი

 ოჰ, ეს ცნობილი პერსონები. მდიდრები, გამოჩენილები, ძლევამოსილები – ცოტანი თუ ვიტყვით გულახდილად, რომ მსუბუქი ჟრუანტელიც კი არ დაგვივლის, მათ კომპანიაში რომ მოვხვდებით. სავსებით ბუნებრივია, მცირედი სიხარული განიცადო, ავტობუსის გაჩერებაზე ბიონსეს თუ გადააწყდი, ანაც სადილზე, შემთხვევით, დალაი ლამას გვერდით თუ აღმოჩნდი. სულ ახლახან ობამასთან ერთად დაისვენეთ და ჰიდროციკლებით ისეირნეთ? მაშინ, კმაყოფილების გამოხატვას ნუ მოერიდებით, მეტიც, მიშელის კულინარიულ შესაძლებლობებსა და ბარაკის გასაოცარი იუმორის გრძნობაზე საუბრით თავიც კი შეგიძლიათ მომაბეზროთ. მაგრამ აღტაცების ეს პირადი, ბავშვური და არცთუ საკადრისი განცდა, რასაც ვგრძნობთ ხოლმე, როდესაც ჩვენნაირ რიგით მოკვდავებთან ვარსკვლავები გასაუბრებას იკადრებენ, რა მოსატანია იმ ეროვნული ექსტაზის პაროქსიზმთან, ქართველები იმდენჯერ რომ განიცდიან, რამდენჯერაც ვინმე ცნობილი ადამიანი ნოვო-ალექსეევკას აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავიდან ფეხს ჩამოდგამს.

ავიღოთ, მაგალითად, სარკოზობა. კი ბატონო, დიდი საქმეა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი პატარა ქალაქს ეწვევა, მაგრამ არც ისეთი დიდი, რომ უქმე დღედ გამოცხადდეს, განსაკუთრებით, თუ მხოლოდ ორსაათ-ნახევრით ჩამოდის. და ის ერთკვირიანი სარეკლამო კამპანია რაღა იყო, ქართველებს რომ მოუწოდებდა ამ შოუს სანახავად მოსულიყვნენ? უბრალოდ, სირცხვილი. 
 
სარკოზიმ საქართველოზე კარგი რაღაცები მაინც თქვა – არც იმდენად კარგი, რომ რუსებს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შეასრულებინოს ან თავად სარკოზის რუსებისთვის მისტრალის მიყიდვა გადააფიქრებინოს, მაგრამ, მაინც კარგი. სარკოსთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ნაწილობრივ გამართლებული მაინც არის – შარონ სტოუნობისაგან განსხვავებით, რასაც აგერ უკვე ექვსი თვე გავიდა და ხალხი ვერ ივიწყებს. ჩამოწერილი მსახიობი, რომელსაც აქ რომ ჩამოსულიყო და ესადილა, ფული გადაუხადეს, თბილისში ჩამოდის და მთელი ქვეყანა ჭკუიდან იშლება. 1960-იან წლებში ბიტლზების კონცერტზე მომკივანი თინეიჯერი გოგონების მსგავსად, ამ ამაყ და ძირძველ ქართველ ერს ემოციებისგან მუხლები მოეკვეთა. და დაიწყო ბოდვა იმაზე, თუ რა კაბა ეცვა შარონს და სასტუმროს როგორ ოთახში გაჩერდა. არცთუ ღირსეული ქცევაა. ჰო, ის თუ ვთქვი, რომ „კაზინოს” შემდეგ არც ერთ ნორმალურ ფილმში არ გადაუღიათ? ანუ 1995 წლიდან.
 
ახლა, ისიც ვნახოთ, ელიტარული ქართველები პრივილეგიისთვის რა თანხას არ იშურებენ. ჯონ მალკოვიჩის ერთკაციან სპექტაკლში გამოჩენა საკმარისია, რომ ყველაზე იაფი ბილეთი 200 ლარი ღირდეს. ლა სკალას თეატრში უფრო იაფი ადგილებია. ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში, ჯემიროკვაიმ კონცერტი რომ გამართა – ბილეთი 400 ლარი ღირდა. დიდ ბრიტანეთში, გლასტონბერის ფესტივალზე წასვლა – სამდღიან ფეერიაზე მსოფლიოს საუკეთესო მუსიკალური წარმოდგენებით და 100,000 დამსწრეთი – უფრო იაფი ჯდება. ჯემიროკვაი – უგემოვნო კაცის სტივი უონდერი სულელური ქუდით. უჰ!  
რაც ამაში არ მომწონს ის არის, რომ იგი აჩვენებს, როგორ აღიქვამს საქართველო საკუთარ თავს. საქართველო რეალური ქვეყანაა, თბილისი კი მისი რეალური დედაქალაქი და ამ ფაქტს ჭ-კლასის ცნობილი ადამიანების მხრიდან დადასტურება არ სჭირდება; იმ ადამიანებისგან, რომლებიც მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში საკუთარი თავის რეკლამირებით არიან დაკავებულები იმისათვის, რომ გააგრძელონ კოკაინის ყნოსვა, შეინარჩუნონ მდიდრული იახტები და არჩინონ ყოფილი ცოლების მთელი წყება.
 
გასულ კვირას რამზან კადიროვს დაბადების დღე ჰქონდა. ტირანული ეგოს საამებლად, მან (ფასიანი) ვარსკვლავები დაპატიჟა – ნაყვავილარსახიანი მომღერალი სილი, ლობოტომიის მსხვერპლი, კუნთებიანი ბელგიელი ჟან-კლოდ ვან დამი და ვინმე ჰილარი სუონკი. რამზანი რასაც მოინდომებს, იმას იღებს. მაგრამ, აქ, საქართველოში, მისგან მაგალითის აღება საჭირო არ არის

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები