გადადებული სიკვდილის საახალწლო მილოცვა

სრულიადსერიოზულადთანამოსასმენი -  ზურა სალუქვაძე - http://www.youtube.com/watch?v=6O8IPKakYWI

 

  და აწ დამტკიცებულად გითხრათ - ჯარის ჰასაკს გადავცდი. თუნდაც შვიდი წლის წინ ეს საქმე უკიდურესად შორეულ-მიუღწევლად მეჩვენებოდა. განა დილით ადრე ადგომის შიში მკლავდა და სამშობლოსთვის ტალახში ხოხვა მზარავდა წინასწარ - სხვა რომ არაფერი, ისედაც დედისერთა ვარ და მსგავსი ამბებიდან ჩემი დროის კანონით თავისუფალი - უბრალოდ ეს ასაკი ძალზე ბებრულად მიმზერდა. თვითეიჯიზმი უფროა, დანო და ძმანო - პოლიტკორექტულობას გამომდევარნო. გაწვევებზე გამახსენდა და რა აღარ ხდებოდა მაშინ: კარადაში მალვანი, მთვარეულის მოწმობა, ქუსლების გაბრტყელება და სხვა ბრტყელი ტყუილები - თუმცა მოქალაქეობრივ პოზიციათა მანკიერებებზე და სახელმწიფოებრივ აზროვნების წესზე წერას აქ არ ვაპირებ. იმის თქმა მსურს, რომ მაშინდელი თვალთახედვით ახლა საქმე მისტიკასთან უფრო გვაქვს - მკვდარი გელაპარაკებით. აბა, 27 წლამდე ვინ მიაღწევდა?  მაგრამ, აჰა, დადგა.

სიკვდილის ლოდინში რა აღარ გადამხდა. ასე 21 წლამდე (როგორც დღეს ამბობენ - ჰაჰა, პლუს-მინუს - ერთი) ყოველი წიგნის კითხვისას, მეასე გვერდზე მაშინდელი შეყვარებულის სახელს ვიმეორებდი. სასაცილო პოზა იყო, რა თქმა უნდა -  ვცდილობდი ეს წიგნები და გამეორებულებიც მრავალგვარი ყოფილიყო - მოსასწრები იყო. მერე რაღაცები აირია, სახელებიც, გვერდებიც, დროც J

ყველა ავადმყოფობა, რასაც გავიგონებდი, მე „მჭირდა“ - ზოგი ახლაც „მჭირს“. ამ თვალსაზრისით, სულ სამედიცინო სტუდენტი ვიყავი - თუ მათი კომპლექსის ამბავი მართალია.  ოთხჯერ მაინც მქონდა შიდსი, ორჯერ ავთვისებიანი სიმსივნე, თითოჯერ - C ჰეპატიტი და გულის მანკი.

ერთ-ორჯერ თავის მოკვლაზეც ვიფიქრე - პირველად მანერულად, მეორედ ნაღდად. სიმხნევის თოკი არ მეყო, ყელზე რომ შემომეჭირა, თორემ მერე ნახავდით სეირს. გადავიჭერი პოეზიაში J

პოეზიაზე გამახსენდა - ლექსების წერაც მოსწრების ამბავში დავიწყე. სამსახურების სიმრავლე/მრავალფეროვნებაც ამას დავაბრალოთ.

გავიდა ამასობაში 27.

ჰოდა, სიკვდილის ვადა ათი წლით გადავწიე. თუ გადავრჩი, მერეც რაღაც ამგვარს დავწერ.

კომენტარები