რატომ უნდა შოულობდეს ინდოელი და არაბი აქ ფულს ჩვენ ხარჯზე? რა უნდათ, რომ ჩამოდიან ჩინეთიდან და ჩვენი ფულით მდიდრდებიან? რატომ გავყიდეთ ყველაფერი, რაც გვქონდა უცხო ტომელებზე? რა, ქართველი მარტო მოსამსახურე უნდა იყოს და ვიღაც გადამთიელს კაპიკებზე ემსახუროს? საქართველოში ალბათ არავისთვის უცხო არ არის ეს კითხვები. წლებია, ისინი მეტ-ნაკლები სიხშირით გვესმის პრაქტიკულად ყველა მედიასაშუალებიდან.
ან კიდევ უფრო უარესი – თუ რუსეთი მტერია, რატომ მივყიდეთ რაც გაგვაჩნდა რუსულ კომპანიებს? შეიძლება დასავლეთისკენ გქონდეს კურსი და „სტრატეგიულ ობიექტებს” რუსულ ბიზნესზე ასხვისებდე?
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს კითხვები კვლავ აქტუალურია. უკანასკნელ წლებში, სატელევიზიო ეთერიდან შეზღუდულ დროში მათზე პასუხის გაცემის რამდენიმე მცდელობა, როგორც ჩანს, არასაკმარისი აღმოჩნდა. მოსახლეობის ერთი, არც ისე მცირე ნაწილის წარმოდგენაში ბიზნესის კეთება აღიქმება, როგორც ბოროტი კაპიტალისტის მიერ დაქირავებული ადამიანების ხარჯზე ფულის კეთება (პრიმიტიული მარქსისტული ხედვა, თუმცა ამჯერად ამაზე არ შევჩერდები). ბოროტი ადამიანისთვის შეწირულ ჯაფას კიდევ აიტანდა „ქართველი კაცი”, მაგრამ მდგომარეობა იმ წამს სხდება აუტანელი და საგანგაშო, როდესაც ირკვევა ამ ადამიანის ან კომპანიის ეთნიკური წარმომავლობა (თუ დავუშვებთ, რომ კომპანიის ეთნიკური წარმომავლობა ტოლია მისი მფლობელების ეთნიკურ წარმომავლობათა საშუალო არითმეტიკულის).
ამ სტატიის დაწერა სწორედ ამან გადამაწყვეტინა. თუმცა პასუხები და არგუმენტაცია, რომელთაც ქვემოთ მოვიყვან, განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს საკითხის ეკონომიკური მხარე. შესაბამისად, უპასუხოდ დავტოვებ ქსენოფობიით შეპყრობილთ, ვისთვისაც ყველაფერი უცხო საშიშია, იქნება ეს სხვა ეთნოსის წარმომადგენელი თუ უცხოური კომპანიის კაპიტალი.
ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ დიდი ალბათობით, ტექსტის წერის პროცესში, სამიზნე აუდიტორია კიდევ არაერთხელ შევიწროვდება.
შევეცდები დავიწყო თავიდან, ანუ დავსვა შეკითხვა – რა გვინდა? სტატიის დანარჩენი ნაწილის კითხვა, სასურველია, გააგრძელონ მხოლოდ მათ, ვინც თვლის, რომ ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მეტი კეთილდღეობა საქართველოს მოსახლეობისთვის. კეთილდღეობაში ცხადია არ იგულისხმება მაინცდამაინც მატერიალური დოვლათის გარკვეული რაოდენობა. არა, ჩვენ გვინდა კეთილდღეობა, ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანს ესმის ეს – ზოგს ღია კოსმოსში სურს გასვლა, ზოგი 50 ათასი წიგნის წაკითხვას ესწრაფვის, ხოლო ზოგს საკუთარი მაიბახის ქონა ურჩევნია ღვიძლ დედ-მამას. თუმცა, რა ტიპის მიზნებიც უნდა გვამოძრავებდეს, მათ ასრულებას სჭირდება მეტ-ნაკლები რაოდენობის რესურსი, იგივე ფული. ბუნებრივია, მხოლოდ შიმშილის დაკმაყოფილებას ნაკლები რესურსი – ფული სჭირდება, ხოლო მაიბახის შეძენა-შენახვას – გაცილებით მეტი. ის, რომ დღეს საქართველოში უამრავ ადამიანს უჭირს – სწორედ რესურსების ნაკლებობით არის განპირობებული.
როგორ იქმნება რესურსი? ანუ როგორ შეიძლება გავზარდოთ თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობები ისე, რომ ჯერ ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილება შევძლოთ, ხოლო შემდეგ ვიფიქროთ მეტ კომფორტსა თუ ფუფუნებაზე? აქ კითხვის შეწყვეტას ვურჩევ მათ, ვინც ფიქრობს, რომ რესურსები შეიძლება შევქმნათ, თუ მეტ ფულს დავბეჭდავთ-დავარიგებთ (შესაბამისად, მთავრობა უსინდისოა, რადგან მეტ ფულს არ ურიგებს გაჭირვებულებს) ან თუ მეტს ვილოცებთ და სანთელს დავანთებთ.
იმისათვის, რომ რიგითი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ახსნან, თუ როგორ ხდება მეტი რესურსის-კაპიტალის-ფულის შექმნა, ეკონომისტები ხშირად იყენებენ რობინზონ კრუზოსთან დაკავშირებულ ერთ პოპულარულ მაგალითს.
კრუზო მარტო აღმოჩნდება უკაცრიელ კუნძულზე და ცდილობს ცოცხალი გადარჩეს. ერთადერთი საკვები, რომელიც მოიპოვება, თევზია, შესაბამისად, ის იწყებს თევზაობას. თუმცა არ გააჩნია რაიმე სახის სათევზაო ხელსაწყო-ინსტრუმენტი და უწევს შიშველი ხელებით თევზაობა, შესაბამისად, მისი წარმადობა არც ისე მაღალია. დასაწყისში, დღის განმავლობაში, ის ძლივს ახერხებს იმდენი თევზის დაჭერას, რომ შიმშილი მოიკლას. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში კრუზო ოსტატდება ხელით თევზაობაში, ამ საქმეს იმდენი დრო მიაქვს, რომ სხვა რამის გასაკეთებლად (ვთქვათ, სახლის ასაშენებლად) ვერ იცლის.
დღეს ჩვენც დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ვცდილობთ ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, გვსურს მეტი, მაგრამ ამ მეტისთვის საჭირო არც რესურსი გვაქვს და არც მის შესაქმნელად საჭირო დრო.
კრუზო გადაწყვეტს გააუმჯობესოს თევზაობის ტექნიკა და დაიჭიროს მეტი თევზი შედარებით მოკლე დროში, რათა გამოითავისუფლოს დრო სხვა საქმეების საკეთებლად (მეტი კომფორტის შესაქმნელად). ის მოიფიქრებს ანკესს, თუმცა მის გაკეთებას ასევე სჭირდება დრო. შესაბამისად, დროის იმ პერიოდში, როდესაც კრუზო აკეთებს ანკესს, მან უარი უნდა თქვას თევზაობაზე და, შედეგად, თავი შეიკავოს საკვების მიღებისგან ანუ დარჩეს მშიერი. თუმცა ანკესის (ახალი რესურსის) შექმნის შემდეგ, ის დღეში იჭერს გაცილებით მეტ თევზს. ახლა მას შეუძლია ორი დღე ითევზაოს, ხოლო მესამე დღეს სახლი აშენოს, რადგან დაჭერილი თევზის რაოდენობა საკმარისია მესამე დღეს მის გამოსაკვებად. მეტიც, ანკესის საშუალებით მას ეძლევა შესაძლებლობა, რამდენიმე დღე უწყვეტად ითევზაოს, ხოლო შემდეგ რამდენიმე დღე დახარჯოს ბადის ქსოვაზე – კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ახალ რესურსზე, რომელიც მეტად გაზრდის მისი შრომის პროდუქტიულობას და გამოუთავისუფლებს დროს სხვა საქმეების (ანუ მეტი კომფორტის) შესაქმნელად. რაც მთავარია, ამ დროს ის მშიერი არ არის და წინა დღეებში ანკესით დაჭერილ თევზს მიირთმევს.
ჩვენი არჩევანიც ანალოგიურია, რადგან სამყაროში რესურსი სხვაგვარად არ იქმნება. ჩვენც, ისევე როგორც კრუზოს, გვაქვს ერთი მთავარი შეზღუდული რესურსი – დრო, რომელიც შეგვიძლია დავხარჯოთ ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე; ან გავიჭირვოთ, დავზოგოთ არსებული რესურსი, და შევქმნათ უკეთესი ინსტრუმენტები, რომ მომავალში შევძლოთ სურვილების გაცილებით დიდი რაოდენობის დაკმაყოფილება. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა – გზები, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების ახალი სისტემები და სხვა – კაპიტალია, რომელიც მომავალში მეტ შესაძლებლობებს გაგვიჩენს.
თუმცა არსებობს ერთი პრინციპული განსხვავება კრუზოს და ჩვენს მდგომარეობას შორის – არ ვიმყოფებით უკაცრიელ კუნძულზე და გვაქვს უზარმაზარ და მრავალფეროვან სამყაროსთან ინტერაქციის შესაძლებლობა. ამ სამყაროში გაბნეულია ცოდნა, რომელიც არ გაგვაჩნია (ჯერ ჩვენით არ ან ვერ მოვიფიქრეთ) და დიდი ოდენობის, სხვების მიერ შექმნილი რესურსი, რომელიც ეძებს ისეთ ადგილს, სადაც კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობა ექნება. კრუზოს ანალოგია რომ გავაგრძელო, სამყაროში არსებობს ცოდნა არა მხოლოდ იმის შესახებ, როგორ უნდა გაკეთდეს ანკესი ან ბადე, არამედ – როგორ უნდა მოეწყოს თევზსაშენი მეურნეობა და როგორ უნდა აიწყოს თევზმჭერი სეინერი. ასევე, არის რესურსი, რომლის დაგროვებაც შეძლეს სხვებმა – ვიღაცები, სადღაც, ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში ზოგავდნენ, ინახავდნენ, იკლებდნენ კომფორტს და ქმნიდნენ რესურსებს მომავალი კეთილდღეობისთვის.
დღეს ჩვენ, მწირი რესურსებისა (იგივე კაპიტალის) და ცოდნის მქონე სახელმწიფოს, გვაქვს რამდენიმე არჩევანის შესაძლებლობა. შეგვიძლია მოვიხმაროთ ის, რაც გვაქვს ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და დავრჩეთ ეკონომიკური განვითარების იმავე დონეზე ან წავიდეთ უარესობისკენ. ანუ, თუ ჩვენ არ გავიჭირვებთ, არ დავზოგავთ და არ დავუთმობთ დროს ახალი რესურსების შექმნას – საბოლოოდ დავრჩებით პრიმიტიულ დონეზე. ეს იგივეა, კრუზოს რომ გაეგრძელებინა თევზის ხელით ჭერა, არ ეთქვა ცოტა ხნით უარი საკვების მიღებაზე და არ გაეკეთებინა ანკესი. ცხადია, ეს ჩვენთვის დაღუპვის ტოლფასია, რადგან გვყავს ასევე პრიმიტიულ დონეზე მყოფი დიდი მეზობელი, რომელიც რესურსების შექმნის ნაცვლად, მათ მიტაცებასაა შეჩვეული.
თუმცა, ასევე შეგვიძლია, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ კრუზოს მაგალითიდან – არ გავფლანგოთ დრო, დავზოგოთ რაც შეიძლება მეტი რესურსი, მოვიფიქროთ რისი გაკეთება შეიძლება პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით (ანუ მოვიპოვოთ ცოდნა), გავიჭირვოთ რამდენიმე წელი და შევქმნათ ახალი რესურსები (ანკესი, ბადე), რითიც გავიზრდით მომავალ შესაძლებლობებს. ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ბევრ დროს მოითხოვს. სანამ ჩვენ, საკუთარი ძალებით, ერთი მხრივ, აღმოვაჩენთ სამყაროში უკვე არსებულ და გამოყენებულ ცოდნას, ხოლო მეორე მხრივ, დავაგროვებთ კეთილდღეობის თუნდაც დღევანდელი დასავლური დონისთვის საკმარის რესურსს, გაივლის არა ათწლეულები, არამედ ასწლეულები. კრუზო უბრალოდ ვერ მოესწრება მაიბახს, მით უმეტეს, რომ მტაცებელი მეზობელი ამდენ დროს არ მოგვცემს.
მაგრამ არსებობს მესამე გზა, გზა, რომელიც კრუზოს არ ჰქონდა. ჩვენ შეგვიძლია ცოდნა და რესურსი მივიღოთ გარედან და, რაც მთავარია, მივიღოთ სწრაფად. ამისთვის კი აუცილებელია იმ თავისუფალი ეკონომიკური რეჟიმის შენარჩუნება და კიდევ უფრო გათავისუფლება, რომელიც რამდენიმე წლის წინ შევქმენით. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ შევეცადოთ და ჩვენით მივხვდეთ როგორ კეთდება ფოტოაპარატი, ავტომანქანა თუ მაცივარი, ხოლო შემდეგ დავზოგოთ რესურსები მათ დასამზადებლად – შეგვიძლია უბრალოდ საშუალება მივცეთ სხვებს, გარე სამყაროდან, შემოვიდნენ მზა ცოდნითა და რესურსით და აქ ააწყონ ეს ყველაფერი. ამისთვის აუცილებელია, სხვებმა აქ მეტი მოგების მიღების პერსპექტივა დაინახონ.
რას ვიღებთ ჩვენ აქედან? რამდენიმე რამეს. პირველ რიგში ცოდნას, რომელიც არ გვაქვს და რომლის მოპოვებასაც დრო სჭირდება; რესურსს, რომელიც ასევე არ გაგვაჩნია, და რომლის დაგროვებასაც ასევე დრო უნდა; მოქალაქეთა დასაქმებას, ანუ შემოსავალს და გაზრდილ კეთილდღეობას კონკრეტული ოჯახებისთვის; გადახდილ გადასახადებს, რომლებიც გროვდება სახელმწიფო ბიუჯეტში და შემდეგ იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პენსიებზე – დიახ, პენსია, რომელსაც იღებს 800 ათასი საქართველოს მოქალაქე, მათ შორის უცხოური კაპიტალით შექმნილი ბიზნესებიდან აკრეფილი გადასახადებისგანაც შედგება; გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას. შემოსავალი, რომელსაც ამ კომპანიებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები იღებენ, იხარჯება სხვადასხვა სახის პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, რაც ზრდის მოთხოვნას ამ პროდუქტებსა და მომსახურებაზე და, შესაბამისად, ხელს უწყობს ბიზნესების გაჩენას (ან გაფართოებას) და მეტ დასაქმებას.
აქვს თუ არა მნიშვნელობა, შემოსული კაპიტალი რუსული იქნება თუ ლაოსური? და შეიძლება თუ არა, რომ ე.წ. სტრატეგიულ ობიექტებს ფლობდნენ რუსული კაპიტალით შექმნილი კომპანიები? ეკონომიკური თვალსაზრისით კაპიტალის წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ რომელიმე კომპანია რისკავს საკუთარი კაპიტალის დაბანდებას საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ის ელოდება მოგების მიღებას. სიკეთეების მიღების მხრივ, ჩვენთვის არაფერი იცვლება და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ბენეფიტს ისევე მივიღებთ, როგორც ბრიტანული კაპიტალის შემთხვევაში მივიღებდით. არსებობს თუ არა საფრთხე, რომ რუსული კაპიტალი გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის? არსებობს. მაგრამ ამ შემთხვევაში არსებითია ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთაც ასეთი ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს. დიდი ზომის რუსული კომპანიები (მათ შორის ნახევრად ან სრულად სახელმწიფო მფლობელობაში არსებული), რომელთა გამოყენებაც შეიძლება მოხდეს პოლიტიკური მიზნებისთვის, ოპერირებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და უკვე ევროპაშიც. თუ ისინი გაიფუჭებენ იმიჯს ერთ ქვეყანაში, ეს უარყოფით გავლენას იქონიებს მათ მომავალ პერსპექტივებზე ყველგან, სადაც ბიზნესით არიან დაკავებული. თუმცა, საერთოდ რომ გამოვრიცხოთ ბიზნესინტერესები, როგორც „ცუდი ყოფაქცევის” შემაკავებელი ფაქტორი, ის, თუ როგორ იქცევა ნებისმიერი კომპანია, დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი მფლობელების ვინაობასა და ეთნიკურ წარმომავლობაზე, არამედ იმ თამაშის წესებზე, რომლებიც არსებობს ამა თუ იმ ბაზარზე – ჩვენს შემთხვევაში კი – საქართველოში. შესაბამისად, თუ რუსული კაპიტალით შექმნილი კომპანია საქართველოში დაკავებულია კეთილსინდისიერი ბიზნესსაქმიანობით – მოგებული ვრჩებით ჩვენც და ისიც. თუმცა, თუ ის ეცდება გახდეს პოლიტიკური ინსტრუმენტი, ისევე დაამთავრებს საქართველოში ოპერირებას, როგორც დაამთავრებდა ნებისმიერი სხვა წარმოშობის კაპიტალის ბაზაზე შექმნილი კომპანია. ზოგადად, როდესაც კაპიტალის რუსულ წარმომავლობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამა თუ იმ კომპანიის პირველადი რეგისტრაციის ადგილს ან მფლობელ(ებ)ის მოქალაქეობას. პოლიტიკური მიზნებისთვის რუსეთის სპეცსამსახურებმა ისევე იოლად შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანია (მარტივი მოსყიდვის გზით), როგორც რუსული კაპიტალით შექმნილი ბიზნესი.
ასეთივე უაზრობაა რუსული კაპიტალისთვის ეკონომიკის გახსნის კრიტიკა ეთიკის ნორმებზე აპელირებით – როგორ შეიძლება იმ ქვეყნის კომპანიებს მიჰყიდო რამე, რომელიც 200 წელია სულს გხდის? აქაც მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი. უპირველეს ყოვლისა, რუსულ კომპანიებს იმიტომ კი არ ვყიდით რამეს, რომ მათ მოიგონ (ეკონომიკის იგივე, პრიმიტიული მარქსისტული ხედვა), არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მოვიგოთ. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ეს კაპიტალი, რომ ფეხზე დავდგეთ, გავძლიერდეთ, საკუთარი კაპიტალი დავაგროვოთ და ერთხელ და სამუდამოდ დავუძვრეთ იმავე რუსეთს. სინდისის ქენჯნა იმის გამო, რომ ელექტროენერგიას რუსული კომპანია გაწვდის, უბრალოდ აბსურდია. რუსული Газпром-ის წილი მსოფლიოს ბუნებრივი აირით მომარაგებაში დაახლოებით 20%-ია. ამ აირით გამომუშავებულ ენერგიაზე შეიძლება დამზადდა ავტომობილი, რომლითაც დავდივართ, სამოსი, რომელსაც ვატარებთ, ტელევიზორი, რომელსაც ვუყურებთ და საკვები, რომელსაც მივირთმევთ. უარი ვთქვათ ყველაფერზე და ნატურალურ მეურნეობას დავუბრუნდეთ?
მოკლედ, თუ გვინდა, რომ სწრაფად გავიზარდოთ, სწრაფად ვისწავლოთ, სწრაფად გავმდიდრდეთ, სწრაფად მოგვეცეს იმის საშუალება, რომ დავურიგოთ გაზრდილი დახმარება მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილს, მალე შევძლოთ კომფორტის იმ დონის შექმნა, როგორსაც ბევრი ჯერ კიდევ შენატრის – ხელი უნდა შევუწყოთ უცხოური რესურსების, იგივე კაპიტალის, ქვეყანაში შემოსვლას. და თუ რომელიმე „უცხოტომელი” გადაწყვეტს აქ რამის შეძენას, ბიზნესის აწყობას და ხალხის დასაქმებას – ამრეზით ყურების ნაცვლად, მადლობა უნდა გადავუხადოთ და დავარწმუნოთ, რომ საქართველოზე უკეთეს და მომგებიან ადგილს დედამიწაზე ვერსად იპოვის. პარალელურად შეგვიძლია ლოცვაც გავაძლიეროთ. კრუზოც ლოცულობდა ალბათ.