ქართველი დ’არტანიანი

თბილისში აცივდა, საზოგადოებამ კაფე-ბარებიდან თეატრებსა და კინოდარბაზებში გადაინაცვლა. ჰოდა, მეც მათთან ერთად ვეცნობი ახალ ტენდენციებს. სწორედ ამ პროცესში დავაგემოვნე მუშკეტერების მორიგი ამერიკული ვერსია.

როგორც ჩანს, დროს თავისი მოაქვს და კლასიკის გათანამედროვება და ახლებური წაკითხვა აუცილებელ მოთხოვნად იქცა.

სახლში დაბრუნებულს მეც მომინდა ჩემი წვლილი შემეტანა ამ საშვილიშვილო საქმეში, გამახსენდა, რომ მოსკოვის Дом Книги-ში ერთ-ერთი ვიზიტის დროს შევიძინე ალექსანდრ ბუშკოვის ორტომეული Дартаньян Гвардеец Кардинала, რომელშიც ავტორი დიუმას უკვდავი რომანის ძალიან საინტერესო ვერსიას გვთავაზობს.

რა მოხდებოდა, ყველაფერი რომ უკუღმა წარმართულიყო? ანუ დ’არტანიანი რომ არ მიეღოთ მუშკეტერებში, გამხდარიყო კარდინალი რიშელიეს ერთგული გვარდიელი, დაძმაკაცებოდა როშფორს, შეყვარებოდა მილედი, მტრად გადაკიდებოდა ათოსს, პორთოსსა და არამისს...

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თაობის ყველა მამაკაცის მსგავსად, მეც დღემდე ვრჩები მოვლენათა დიუმასეული განვითარების ერთგულ თაყვანისმცემლად, რუსის ფანტაზია სიამოვნებით წავიკითხე და ბევრ ეპიზოდზე ვიხალისე კიდეც.

ჰოდა, მეც დავფიქრდი ჩემეულ ვერსიაზე. ბუშკოვისგან განსხვავებით, ძირითადი სიუჟეტური ხაზების შეცვლა მკრეხელობად მივიჩნიე, მაგრამ საღერღელი მაინც ამეშალა. ბოლოს გამახსენდა დ’არტანიანის გასკონური წარმომავლობა და გადავწყვიტე რომანში “ქართული კვალი” მომეძებნა.

აკი, მოვალეც ვარ ამ თემაზე წავიმუშაო – ჯერ კიდევ ბაბუაჩემის ძმა, აკადემიკოსი შოთა ძიძიგური იკვლევდა ქართველებისა და ბასკების ნათესაობის ლინგვისტურ საფუძვლებს. სადაც ბასკები, იქაც მათი ბიძაშვილი გასკონელები და მეც მკლავებდაკაპიწებული ვეკვეთე დიუმას ტრილოგიას.

შევალიე დ’არტანიანის იმერული კუდაბზიკობა და ძმაკაცური ურთიერთობებისკენ ლტოლვა “სამი მუშკეტერის” პირველივე თავებში აღმოვაჩინე.

გახსოვთ, როგორ აცილებს პარიზში (თბილისში, ქუთაისში ან ბათუმში) სოფლიდან მიმავალ ვაჟს მამამისი? ძველ ძმაკაც დე ტრევილთან (აქ ნებისმიერი ქართული გვარი გამოდგება) წერილს ატანს, თუ ძმა ხარ, ბიჭს მიმიხედეო. თავის ძველ ტანსაცმელსა და „შპაგას” აძლევს (გაიხსენეთ ალექსანდრე რონდელის “დაკარგული სამოთხე”), საგზალის ნაცვლად, გამზრდელი ბებიის (რომელი არ ხართ ბებიის გაზრდილი?!) რეცეპტით დამზადებულ მალამოს უფეშქეშებს, წითურ ჯაგლაგზე სვამს (ჩვენებურის გარდა, რომელი ჭკუათმყოფელი წავა პარიზში ასეთი ბედაურით?!) და კმაყოფილი ემშვიდობება.

მენგში (ხაშურში ან სადმე “პერევალზე”, მაგალითად “ჯარგვალში”) სადილად გაჩერებული, თვალს მოკრავს თუ არა ქალაქელ ბანოვან მილედის, ყურადღების მისაქცევად ატეხს აყალმაყალს და უშიშრად დაეტაკება მის თანმხლებ როშფორს („ბებერ ცეხავიკს”). დაიჭრება, მაგრამ მაინც კმაყოფილია! რომელი მეტყვით, რომ ეს არაა წმინდა ქართული საქციელი?!

რას აკეთებს ჩვენი გმირი პარიზში ჩასვლისთანავე? ქირაობს ბინას, მომენტალურად ივიწყებს დილით ოცნების ქალად მონათლულ ლედი ვინტერს, სასწრაფოდ ებმება ჩხუბში მომხიბვლელი კონსტანციას გამო და ბინის პატრონის ცოლს უმალ საყვარლად გაიხდის... ასეთი ეპიზოდები მამებს მოკითხეთ, უთუოდ მოგიყვებიან – “...ჰოდა, 62 წელია და ჩავედი მოსკოვში...”

...აქ მთელ რომანს ვერ გავარჩევ, ამაზე ჩემს მომავალ ფუნდამენტურ ნაშრომში გესაუბრებით. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე საკვანძო კითხვაზე შევჩერდები.

– სადაური კაცი დაუნიშნავს “სტრელკას” ერთდროულად სამ გამოცდილ დუელანტს, მერე მათთან ერთად შეებრძოლება სრულიად უცნობ ხალხს და ბოლოს ახლადშეძენილ ძმაკაცებთან ერთად საქეიფოდ წავა?

– სადაურია კაცი, რომელიც ყველა შემხვედრ ლამაზმანს ეპრანჭება, სიყვარულს ეფიცება და პირველივე ხელსაყრელ მომენტში მის მოახლეს კეტის (ქეთის) შეაცდენს?

– სადაურია კაცი, რომელიც მოღალატე ცოლის (თუნდაც, დედოფლის) “ბროშკის” გამო ნახევარ ევროპას გაივლის, ნახევარ საფრანგეთს გაჟლეტს და საგმირო საქმეთა სამადლობლად მიღებულ ბეჭედს ტავერნაში (დუქანში) დაამღერებს?

– სადაურია კაცი, რომელიც ომის დროს, სანაძლეოს დადებს, ნასესხებ საგზალს გაიყოლებს (პრასი არ გვინდა, ჩვენი გვაქვს!) და მტრის ზურგში “პაკაზუხურად” იქეიფებს?

ასეთი კითხვა კიდევ ბევრი მაქვს, პასუხი კი თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ასე რომ, დაელოდეთ ჩემს დისერტაციას. იქამდე კი წინაპრების სადღეგრძელოში ჩვენებური შევალიეს ხსენება არ დაგავიწყდეთ!

კომენტარები