ამერიკა, გვაცალე ოცნება!

ქართული ოცნების და მისი გულშემატკივრების რეაქცია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის რეიტინგებზე გაცილებით უფრო მკაფიოდ აჩვენებს მის სისუსტეს, ვიდრე თავად კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც გამოკითხულთა მხოლოდ 11 პროცენტი აპირებს, ოქტომბერში ამ კოალიციას მისცეს ხმა.

როდესაც ამ რამდენიმე თვის წინ ასპარეზზე პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, პოზიტიური რეაქციები ორი სახისა იყო. პირველი იყო მარტივი და გასაგები: აი დევგმირი, რომელიც გველეშაპს დაგვიმარცხებს და ახალ და ბედნიერ ქვეყანას აგვიშენებს. ამ ადამიანებთან საკამათო არაფერი მაქვს: ისინი ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობენ, ოღონდ, სამწუხაროდ, ბედნიერ დასასრულს ვერასოდეს ეღირსებიან.

ჩემთვის უფრო პრობლემური მეორე ჯგუფია, რომელშიც ბევრი საკმაოდ განსწავლული ინტელექტუალი შედის. ის გაცილებით უფრო დახვეწილი არგუმენტაციით შეეგება სიახლეს: მთავარი ის კი არაა, როგორი პოლიტიკოსია ივანიშვილი (ანუ: „ჩვენც კი გვესმის, რომ მას ბევრი სისუსტე აქვს”), მთავარია, ხელისუფლებას ჰქონდეს საპირწონე, ბალანსი, რომ მან არ ჩათვალოს, რომ მისთვის ყველაფერი დასაშვებია. ივანიშვილთან ერთად ციდან ჩამოვარდა შანსი იმისა, რომ საქართველოში უფრო დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა შეიქმნას. „მე არა ვარ ივანიშვილის მომხრე, მაგრამ მისი მოსვლის შემდეგ ჩვენ სულ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ (ანუ ისეთში, სადაც არსებობს ხელისუფლების საპირწონე). ამიტომ ყველა, ვინც პრინციპში დემოკრატიის მხარეზეა, ამას უნდა მიესალმოს” – ასე შეგვიძლია შევაჯამოთ ეს პოზიცია.

თეორიულად, აბსოლუტურად სწორია: თუკი რამე აკლია ჩვენს ხელისუფლებას, ეს, პირველ რიგში, ძლიერი (შიდა) ოპონენტია, რომელსაც ის იძულებული იქნება, ანგარიში გაუწიოს. თუკი რამე აკლია ზოგადად ჩვენს დემოკრატიას – ეს არის შეჯიბრი სერიოზულ პოლიტიკურ ძალებს შორის. მაგრამ ეს თუ გვინდა და უნდა გვინდოდეს, არ ნიშნავს, რომ ჩვენც რაღაც ზომით „ოცნების” ტყვეობაში აღმოვჩნდეთ: გაწონასწორებული პოლიტიკური სისტემები მაგიით და მენცარობით ვერ იქმნება.

დღეს უკვე დადასტურდა: იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსვლით არსებითად შეიცვლებოდა ძალთა თანაფარდობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის (ცხადია, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ), მირაჟი აღმოჩნდა. პირიქით, დავინახეთ, რომ ხელისუფლების რეიტინგმა იმატა. ივანიშვილმა მხოლოდ დროებით შექმნა ოპოზიციის გაძლიერების ილუზია და სავსებით შესაძლებელია, რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, აზარალა საქართველოში დაბალანსებული პოლიტიკური სისტემის შექმნის პერსპექტივა.

ძირითადი გაკვეთილი, რაც აქედან შეიძლება გამოვიტანოთ, შემდეგია: მეოცნებეობა და მირაჟები ცუდია, ხოლო რეალობის დანახვის უნარი – კარგი. ეს მსჯელობა იქნებ ტრივიალური მოგვეჩვენოს, მაგრამ არც ისე მარტივადაა საქმე. 1960-იანი წლების დასავლური მემარცხენე იდეოლოგია, რომელიც გლობალური კულტურის კომპონენტად იქცა, იმას გვასწავლიდა, რომ უტოპია კარგია, რომ უნდა გავბედოთ და შეუძლებელი მოვითხოვოთ, ხოლო ვინც რეალობასთან გვაბრუნებს და ოცნებაში ხელს გვიშლის, ცუდი და რეაქციონერია.

მეორე მხრივ, აბა საბჭოთა კავშირი რა იყო, თუ არა უდღეურ ინტელექტუალ-მეოცნებეთა ესკიზებით აგებული რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომლის ნარჩენი არმატურა დღესაც ჯართად გაგვაქვს მეზობელ ქვეყნებში? კომუნისტური იდეოლოგია კი უარვყავით, მაგრამ რომანტიკული მეოცნებეობის კულტი, რომელიც მას საფუძვლად ედო, ასე ადვილი დასაძლევი არაა. კომუნიზმი აღარ გვინდა, მაგრამ იმაზე ოცნებას კი ვერ ვიშლით, რომ ორ წელიწადში ავაშენებთ დემოკრატიას, რომლითაც ევროპას თვალს დავუბრმავებთ.

არ ვიცი, საბოლოოდ რით დამთავრდება ქართული ოცნების ოდისეა, მაგრამ ამერიკის ელჩისადმი მიძღვნილი ეპისტოლე იმსახურებს, ჩვენი პოლიტიკური აზროვნების ძეგლად დარჩეს. აქ პირდაპირ და წრფელად არის ნათქვამი: ბიძიებო, კი გიფასებთ, რომ პირსისხლიანი სააკაშვილის რეჟიმისგან გვიცავთ და თქვენი ელჩი დროდადრო ხმას იმაღლებს ჩვენს დასაცავად, საერთოდ, ისევ თქვენს იმედზე ვართ, მაგრამ სიმართლეს რომ გვეუბნებით, გვიტყდება, და გაგვიგეთ, რა! გეხვეწებით, არჩევნებამდე მაინც გვაცალეთ, ჩვენც დავბოლდეთ და ხალხიც დავაბოლოთ!

ის, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები საქართველოში ძალიან იშვიათად ტარდება და ეგზოტიკურ ცხოველად რჩება, რომლის დანახვაზე ბევრს კვლავ ელეთმელეთი ემართება, ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომლის სიღრმეც ბოლომდე არ გვესმის. მათი თითქმის არარსებობა საშუალებას გვაძლევს ყოველი წინადადების შემდეგ გავიმეოროთ, რომ „ხალხი ამას მოითხოვს” და „ხალხს ეს აწუხებს” და არც კი შევეცადოთ იმის შემოწმებას, სინამდვილეში რა უნდათ და რას ფიქრობენ ჩვენი თანამემამულეები.

სოციოლოგიური გამოკითხვები არასრულყოფილი იარაღია, რომლის შედეგების ინტერპრეტაციას სიფრთხილე და საღი აზრი სჭირდება. მაგრამ ეს არის სარკე, ურომლისოდაც თანამედროვე საზოგადოებას ისევე აღარ შეუძლია ცხოვრება, როგორც ტელევიზორის ან მობილური ტელეფონის გარეშე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ახდენს „ხალხის” ცნების დემისტიფიკაციას, ანუ „განჯადოებას”. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დემოკრატიაში „ხალხი” ყველაზე სახიფათო ცხოველია: მე-20 საუკუნეში სწორედ მისი სახელით მოხდა ყველაზე მეტი დანაშაული.

რიგით ამერიკელს, რომელსაც შეუძლია, ლამის ყოველდღე დააკვირდეს, როგორ იცვლება მის თანამოძმეთა შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელმაც იცის, რამდენი პროცენტით იწევს თუ მცირდება რომელიმე ლიდერის პოპულარობა მისი ყოველი ნაბიჯის და განცხადების შემდეგ, ადამიანების რა ნაწილი წუხს ამა თუ იმ პრობლემაზე და რამდენს „კიდია” – პოლიტიკოსები ისე ადვილად ვერ დააბოლებენ. თორემ დემაგოგი, რომელიც “ხალხის” ცნებით მანიპულირებას მოინდომებს, ყველგან ბევრია.

პროტესტი გამოკითხვების წინააღმდეგ არის ბრძოლა მაგიური და, საბოლოოდ, ავტორიტარული პოლიტიკის შესანარჩუნებლად. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა: ამ ბრძოლაშიც კვლავ ამერიკის იმედად ვრჩებით!

კომენტარები