ტრადიცია და თანამედროვეობა

0 კომენტარი

თბილისის იუსტიციის სახლიდან მტკვარგაღმა რომ გაიხედავ, მოჩანს ერთი კარგად ცნობილი აღმართი, რომელსაც აივლი და ჩუღურეთიდან ავლაბარში მოხვდები. აღმართს ელენე ახვლედიანის სახელი ჰქვია. სწორად ჰქვია: თავს ცოტა ძალას თუ დაატან, ეგებ იფიქრო, რომ იმ აღმართის სიმაღლიდან შეიძლება დაგენახა ძველი თბილისი, როგორიც ის არის ხოლმე ელენე ახვლედიანის სურათებზე.

მეტეხის ეკლესიიდან ჯერ მეტეხის აღმართს და მერე მეტეხის ქუჩას თუ შეუყვები, ანაც ურბნისის ქუჩას, ავლაბრის მთავარ ავენიუმდე ერთ პატარა ფოლორცს გადაკვეთ – ფერისცვალების ქუჩას. იმის მერე უკვე ქეთევან წამებულის გამზირია.

ლესელიძეზე (დღეს კოტე აფხაზი ჰქვია) თავისუფლების მოედნიდან ჩასვლისას, მარცხნივ პირველივე შესახვევს დიუმას ქუჩაზე შეყავხარ. დიუმას ქუჩიდან ასე, ხუთ სხვა ვიწრო ქუჩაზე შეგიძლია მოხვდე, ანაც პუშკინზე გახვიდე. ერთი არასწორი ასოციაცია მქონდა: წარმოვიდგენდი ხოლმე, სახელოვანი კამო (ერისკაცობაში სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი) ამ ქუჩიდან როგორ შეეთესა ჟანდარმებს იმ ცნობილი ტერორისტული აქტის შემდეგ ერევნის მოედანზე.

თბილისის უცნობილეს ქუჩაზე აღარაფერს ვიტყვი, მხოლოდ მოვიხსენიებ. დღეს მისი სახელი ცოტა გამკრთალია, თორემ პირველი თაობის მცირე რესტორნების აღმოცენებისას ის შეუცვლელი იყო. სტაბილურობისა და კაი ცხოვრების სუროგატს მოქალაქეები ამ ქუჩაზე გრძნობდნენ. 20 წელზე მეტია, გიორგი ახვლედიანის (ენათმეცნიერის) სახელი ჰქვია, მაგრამ დღემდე პეროვსკაიას ეძახიან; ხოლო უფროს თაობათა მცნობელი ხალხი ირწმუნება, პეროვსკაიას არავინ იტყოდა, პეროვზე გავიარე, ასე ამბობდნენო.

სოფია პეროვსკაია ბუნდოვნად ეგებ შემორჩა კიდეც იმათ მეხსიერებას, ვისაც სკოლაში რუსეთის ისტორიას ასწავლიდნენ სსრკ-ის ისტორიის სახელით. სოფია მარტო არ იყო: სახელმძღვანელო მასთან ერთად იხსენიებდა ანდრია ჟელიაბოვს, ნიკოლაი კიბალჩიჩს და ვერა ფიგნერს. ამ ოთხს (სხვა ბევრთან ერთად) ერთი ორგანიზაცია შეექმნა რუსეთის იმპერიაში და სხვადასხვა სიკეთე სურდათ კაცობრიობისთვის: საყოველთაო საარჩევნო უფლება, წარმომადგენლობითი დემოკრატია (მუდმივ სახალხო წარმომადგენლობას უწოდებდნენ თვითონ), სიტყვის, სინდისის, პრესის, შეკრების თავისუფლება... გზაც არჩეული ჰქონდათ ამის მისაღწევად: ტერორი. ორგანიზაციას ერქვა Народная Воля („ხალხის ნება”, დიახ). რიცხოვნობით დაახლოებით ათჯერ ნაკლებნი იყვნენ, ვიდრე ცოტა გვიან გაჩენილი ბოლშევიკური პარტია.

სწორედ „ნაროდნაია ვოლიამ” დაგეგმა და განახორციელა იმპერატორ ალექსანდრე მეორის მკვლელობა, რომელსაც პეროვსკაიას, ჟელიაბოვისა და კიბალჩიჩის სიკვდილით დასჯა მოჰყვა იმავე 1881 წელს. ვერა ფიგნერი ორი წლის შემდეგ დაიჭირეს და 20 წელი სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს. მერე გამოვიდა, ცხრაასჩვიდმეტში ქვეყანაც გადატრიალდა და ვერა ფიგნერმა ლიტერატურულ საქმიანობას მიჰყო ხელი. ძალიან გამძლე ეგზემპლარი გამოდგა: 90 წლისა გარდაიცვალა, 1942 წელს.

ალბათ, 1923 წელს ხანდაზმული ვერა ფიგნერი იმასაც გაიგებდა, რომ ყოფილი და განახლებული იმპერიის ლამაზ კუთხეში მისი სახელი უწოდეს პატარა ქუჩას – აი, იმას, დღეს რომ ფერისცვალებისა ჰქვია. 1923 წლიდან ჟელიაბოვი ეწოდა მანამდე იმერეთის მეფის, სოლომონ II-ის ქუჩას; იმას უფრო ადრე დიდ ტალახიან ქუჩას ეძახდნენ ოფიციალურად, ხოლო სულ დასაწყისში მაცხოვრის ქუჩა ერქვა. დღეს ის „სამი მუშკეტერის” ავტორის სახელობისაა. ასევე 67 წელი ატარა და 1990 წელს დაკარგა კიბალჩიჩის აღმართმა თავის სახელი: ამ აღმართს დღეს მტკვრის მარცხენა სანაპიროდან აჰყავხარ პრეზიდენტის რეზიდენციასთან. კი, ეგ არის – ელენე ახვლედიანის აღმართი.

რატომ გამახსენდა ეს ქუჩები თავის ძველი, „ტერორისტული” სახელებით:

ამას წინათ იუსტიციის სახლის წინ მომცრო მონუმენტი დადგეს. ზედაპირზე ამოტვიფრულია იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც პოლიციის მოქმედებამ იმსხვერპლა. არის ხალხი, ვინც ამას 2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალს უწოდებს. სკულპტურა გახსნა და სიტყვა წარმოთქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მალევე, კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ, საჯაროდ განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიესალმება ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სახელებს მემორიალზე, რადგან „ეს ადამიანები იყვნენ კანონიერი ქურდის ჯეკო მამოიანის დაჯგუფების წევრები, ხოლო ალექსანდრე ხუბულოვი რუსთავის N5 დაწესებულების „მაყურებელი” იყო”. „როცა თბილისის ცენტრში კრიმინალურ ავტორიტეტს ძეგლს უდგამ, ეს პოლიციელებისთვის ძალიან ცუდი გზავნილია”, – დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორი დღის შემდეგ.

რა მინდა ვთქვა: კლიო, მუზა ისტორიისა, თავისას ქსოვს. გოროზი მოხელე მის ხელში უნებლიე ყაისნაღი შეიძლება იყო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები