განათლების სისტემა კერძო და საზოგადო ინტერესს შორის

0 კომენტარი

როდესაც განათლების მიღება სავალდებულო ხდება, საზოგადოების წევრებისა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის ბუნებრივი კონფლიქტი წარმოიშვება. კონფლიქტის რაობის შესახებ დაფიქრებამ შესაძლოა დაგვანახოს ის პრობლემები, რაც ხანდახან მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსის უნიათობას, კონკრეტული სკოლის ხელმძღვანელს ან საზოგადოების ინერტულობას მიეწერება ხოლმე. სინამდვილეში კი ეს პრობლემები თავად განათლების სისტემის საფუძველშივეა ჩადებული და მათი გააზრება, შესაძლოა, გაუმჯობესების გზების დანახვაში დაგვეხმაროს.

სკოლა, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები და ოჯახი სოციალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი თანამედროვე ინსტრუმენტებია. უპირატესად მათი ზემოქმედებით ყალიბდებიან ადამიანები პიროვნებებად, ჩვენს შვილებად და მოქალაქეებად. განათლებით დაინტერესებული ჯგუფები თანხმდებიან ან კონკურენციას უწევენ ერთმანეთს აღზრდის მიზნების და მათი შესაბამისი მიდგომების თვალსაზრისით. მაგალითად, სახელმწიფოში შეთანხმებული მიზანი ადამიანებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ ყოველთვის არ არის გაზიარებული ზოგიერთი მშობლის ან რელიგიური ინსტიტუტის მიერ. ზოგჯერ საზოგადოების ნაწილისთვის ტრადიციების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი გააზრება.

არსებული დაპირისპირების ზოგიერთი ასპექტის დასანახად, განათლების სისტემის შესახებ ორი უკიდურესად დაშორებული წარმოდგენა განვიხილოთ. ერთის მიხედვით, ფართო სოციალიზაცია განათლების მეორადი, შესაძლოა, ნეგატიური და არა სასურველი შედეგია. ამ თვალსაზრისით, განათლება დაახლოებით ისეთივე ეკონომიკური სიკეთეა, როგორც რაიმე პროდუქტი ან მომსახურება, რომლის მფლობელიც და მოსარგებლეც უშუალოდ მისი მომხმარებელი და არა საზოგადოებაა. ამ კონცეფციის მიხედვით, სკოლით მიღებული სიკეთე სტრუქტურულად თეატრში, მაღაზიაში, ან კერძო რეპეტიტორთან სიარულის მსგავსია.

მეორე უკიდურესი კონცეფციით, განათლება მხოლოდ საზოგადო სიკეთეა. სკოლის ძირითადი ფუნქცია ადამიანის საზოგადოების წევრად ჩამოაყალიბებაა. განათლების სისტემა მას უნდა უნერგავდეს ღირებულებებს, უვითარებდეს ეკონომიკური საქმიანობისთვის მნიშვნელოვან კომპეტენციებს და უყალიბებდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან იდენტობას. განათლებას, ამგვარი პოზიციიდან, ხშირად, როგორც საზოგადოების პროგრესის ინსტრუმენტს, როგორც მოქალაქის ჩამოყალიბების, ანუ ყალიბში გატარების პროცესს განიხილავენ.

სავარაუდოდ, ცოტაა ისეთი, ვინც განათლებას, როგორც ექსკლუზიურად კერძო, ან მხოლოდ საზოგადო სიკეთედ განიხილავს. რთული არ არის იმის დანახვა, რომ მიუხედავად საზოგადო ინტერესისა, ოჯახებს უპირატესი უფლება აქვთ, თავად გადაწყვიტონ, თუ რა ღირებულებების მატარებლებად აღზარდონ საკუთარი შვილები. საბედნიეროდ, არც რაიმე ლეგიტიმური გზა არსებობს, რომ ქართველ მშობელს აუკრძალო, ვთქვათ, აგნოსტიკოსად აღზარდოს საკუთარი შვილი. ამავდროულად, რთული არ არის იმის დამტკიცება, რომ დემოკრატიის წარმატებისთვის წერა-კითხვის, საერთო იდენტობისა და კრიტიკულად მოაზროვნე ამომრჩევლის არსებობა აუცილებელი პირობაა. სწორედ ამიტომ, ბევრისთვის მისაღებია, როდესაც სახელმწიფო მშობელს თავისუფლებებს გარკვეული თვალსაზრისით უზღუდავს და შვილის სკოლაში ტარებას ან სხვაგვარად მისი კომპეტენციების განვითარებას ავალდებულებს.

კონფლიქტი კერძო და საჯარო ინტერესს შორის ხშირად მაშინ ვლინდება, როდესაც სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმომადგენლებს წინააღმდეგობრივი ინტერესები უჩნდებათ. როდესაც საზოგადოების წევრები მოქმედებას საკუთარ თავზე იღებენ, ხანდახან ამ კონფლიქტს გარკვეულ დადებით განვითარებამდეც მივყავართ. როდესაც ჩვენთან ორი საუკუნის წინ საჯარო განათლების სისტემის დანერგვა დაიწყო, იმდროინდელ სახელმწიფოს რუსეთის იმპერია წარმოადგენდა. მის ინტერესში სულაც არ იყო ქართული ენის სწავლება. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება კი საპასუხოდ დამოუკიდებელ სკოლებს ხსნიდა, სადაც ქართულის სწავლის მეტი შესაძლებლობა იყო.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უფრო ვრცელი მიზანი, ცხადია, ერთიანი ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაც იყო, რაც იმ დროს ნაკლებად არსებობდა და რაც იმდროინდელი სახელმწიფოს ინტერესს ეწინააღმდეგებოდა. „ეს პატარა, იაფი წიგნაკი, შემკული მრავალი სურათით და დედაენით, პატარა მინინოსკასავით, ნაღმოსანივით მისცურავს სოფლებში, შესრიალებს ხეობებში, ადის მთაში. უწევს ოსეთსა და ქისტეთსა და ჰბადავს მოთხოვნილებას და სიყვარულს ქართულის მწიგნობრისას. ეხლა ეს პაწია ნაღმოსანი იფინება სოფლებად და ქალაქებად წელიწადში 30 000 ეგზემპლიარი. წერა-კითხვის საზოგადოებამ რომ მეტი სიცოცხლე გამოიჩინოს და პატარა „დედა ენა” უხვად გზავნოს დამტარებლების ხელით პროვინციებში, მისი წლიური გასავალი ასი ათასამდე ავა, და ქართულის წიგნების კითხვა მთელ საქართველოს ხალხს გარდაექცევა ყოველდღიურ მოთხოვნილებად. არა, ბ-ნო ჰამუთბეი*, ჩვენი ეროვნული საქმე ამ დარგში ნორმალურად არის დაყენებული, მათემატიკურად არის გამოანგარიშებული, მოწყობილია შესაბამისად ჩვენის აწინდელის მდგომარეობისა და სხვა საქმეებიც რომ ვაწარმოოთ ამგვარივე შესაბამისობით, ჩვენის ქვეყნის ჭირ-ვარამი თანდათან იკლებს და ქართველ ხალხსაც გაუღიმებს უკეთესი მომავალი”. იაკობ გოგებაშვილის ამ წერილში მკაფიოდ ჩანს, რომ დედაენის სახელმძღვანელოს შექმნა რაციონალურად დაგეგმილი, ნაციონალური პროექტის ნაწილი იყო.

საზოგადო ინტერესიდან გამომდინარე, სავალდებულო განათლების შემოღებით სხვადასხვა კერძო ინტერესის შეზღუდვა თავად სისტემის თავისებურებიდან გამომდინარეობს. საერთო ინტერესია, რომ განათლება საზოგადოების შეჭიდულობას, სტაბილურობას, იდენტობას, ეკონომიკური შესაძლებლობის ზრდას და სხვა სიკეთეებს ემსახურებოდეს. ამ მიზნებიდან და ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი მიზნებისა და შინაარსის სისტემა იგება. მაგალითად, სისტემა ირჩევს დომინანტურ ენას სწავლების ენად, თავად ამ ენის სტანდარტიზაციას იწყებს და, შესაბამისად, ენობრივი თუ ზოგადად კულტურული მრავალფეროვნებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის.

ასევე იქმნება პრობლემები ადგილობრივი, არსებული სოციალური ურთიერთობებისთვისაც. მაგალითად, განათლების თანამედროვე სისტემები ეფუძნება რაციონალურობის უპირატესობის ღირებულების დანერგვას. ეს კი, შესაძლოა, შემეცნების ან კომუნიკაციის სხვადასხვა ღირებული ტრადიციული ხერხების გაქრობას უწყობდეს ხელს პატრიოტიზმისა და ზოგადსაკაცობრიო პროგრესის სახელით.

რა გამოსავალი არსებობს ამ კონფლიქტიდან? როგორ შეგვიძლია ერთბაშად კერძო და საზოგადო სიკეთეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა ავაგოთ? განათლების სისტემა მხოლოდ იმდენად უნდა იყოს ძლიერი, რამდენადაც საშუალებას იძლევა მრავალფეროვნებისა და ზოგადად კერძო ინტერესის შესანარჩუნებლად. ბალანსის გარკვეული მაგალითები არსებულ რეალობაში უკვე გვაქვს. წარმოიდგინეთ, რა დასანანი იქნებოდა, განათლების სისტემა იმდენად დამთრგუნავი იყოს, რომ საქართველოს ყველა კუთხეში ერთნაირი სტანდარტული მეტყველებით საუბრობდნენ, ერთსა და იმავე კერძებს აკეთებდნენ, ერთსა და იმავე სიმღერას მღეროდნენ და ერთსა და იმავე ცეკვას ცეკვავდნენ. სამწუხაროა, მაგრამ გარკვეული ამგვარი დანაკარგები უკვე გვაქვს ტრადიციული მედიცინის, სოფლის მეურნეობის თუ სხვა მნიშვნელოვანი კულტურული სიმდიდრის თვალსაზრისით.

მეორე მნიშვნელოვანი რამ საგანმანათლებლო ალტერნატივების არსებობაა. ფორმალურად, არჩევანი კერძო და საჯარო სკოლებს, ან თუნდაც სახლში განათლების მიღებას შორის არსებობს. სინამდვილეში კი არჩევანი ძალიან შეზღუდულია. სკოლების ალტერნატიული რაოდენობა მრავალ დასახლებულ პუნქტში მცირეა, კერძო განათლებისთვის საჭირო ხარჯები კი, ბევრისთვის მაღალი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კერძო განათლების განვითარების ხელშეწყობასთან ერთად სახელმწიფომ საჯარო სკოლების მრავალფეროვნების ზრდაზეც იფიქროს.

მრავალფეროვანი კერძო ინტერესის მეტ-ნაკლებად მხარდაჭერა მოხერხდება სკოლებისთვის სასწავლო პროცესის, შინაარსისა და მასალების დაგეგმვაში მეტი თავისუფლების მიცემით. თუმცა განათლების მიღების ინსტიტუციური მოწყობის ფორმების მრავალფეროვნების განვითარება უფრო დიდი ნაბიჯი იქნებოდა. სახელმწიფო დღეს საგნების მკაცრ ჩამონათვალზე, აუცილებლად კლასებად ორგანიზებულ, სახელმძღვანელოებსა და ტესტებზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს მოითხოვს. მე-19 საუკუნეში შემუშავებული ეს სისტემა სერიოზულად მოძველებულია დღევანდელი, თუნდაც ისეთი მწირი ეკონომიკური რესურსების მქონე ქვეყნისთვისაც კი, როგორიც საქართველოა.

დაბოლოს, არანაირი კერძო ინტერესი არ იქნება გათვალისწინებული, თუ სკოლების მართვაში რეალურად არ იქნება ჩართული ადგილობრივი თემი. ცხადია, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, სტანდარტული მოთხოვნები ყველა სკოლისთვის უნდა არსებობდეს. მაგრამ ადგილობრივ თემს საშუალება უნდა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს სკოლის განვითარებაში. ეს არა მხოლოდ შინაარსობრივ და ფინანსურ ავტონომიას უნდა გულისხმობდეს, არამედ იმის უფლებასაც, რომ დაარსდეს არამოგებიანი, სათემო სკოლები, რომლებსაც სახელმწიფოსგან ისეთივე მხარდაჭერა ექნება, როგორც სხვა არამოგებიან, საჯარო სკოლებს.

 

*ჰამუთ ბეი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, აფხაზეთში მოღვაწე ჩემი დიდი ბაბუის, ნიკო ჯანაშიას ფსევდონიმია

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები