ინტერვიუ

ინტერვიუ თემურ იაკობაშვილთან: ახალი რეალობა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში

 გახდება თუ არა ნოემბერში ამერიკაში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნები და პრეზიდენტების, ობამასა და სააკაშვილის შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანის წინაპირობა? რა პოლიტიკურ გზავნილს შეიცავს აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩად ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის დანიშვნა? ამ და სხვა კითხვებზე ტაბულას ესაუბრა თემურ იაკობაშვილი, რომლისთვისაც ახალი დანიშვნა დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებას ნიშნავს – იგი ხომ 1990 წლიდან 2001 წლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოღვაწეობდა, სადაც სხვათა შორის ამერიკისა და კანადის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. 2001-2008 წლებში კი ის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იყო და ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილებაც აქვს. 

 

დიპლომატიურ სამსახურს უბრუნდებით. რით იყო თქვენი დანიშვნა განპირობებული?

ბათუ ქუთელია ძალიან კარგი და ღირსეული ელჩი იყო. იმის გამო, რომ ამერიკასთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა იქ სხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ფიგურა გაეშვა. ფიგურა არა იმ თვალსაზრისით, რომ მე მაგარი პოლიტიკოსი ვარ – არამედ, როდესაც ვიცე-პრემიერს გზავნი ელჩად, ეს ერთგვარი პოლიტიკური სიგნალის მატარებელია და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გაჩენილ ახალ რეალობებზე პასუხს წარმოადგენს
 
რას გულისხმობთ „ახალ რეალობებში”?
 
ახალ რეალობებში რამდენიმე კომპონენტია. პირველი ისაა, რომ მსოფლიოში საქართველოს მიმართ ომით გამოწვეულმა დაბნეულობამ ჩაიარა. 
ბოლო ორ წელიწადში სამი ძალიან სერიოზული კრიზისი გადავიტანეთ – რუსეთთან ომი, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. საქართველო ღირსეულად გამოვიდა ამ კრიზისებიდან. დღეს კვლავ საქართველო გვქვია და ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ რაღაცა დაიკარგა, არამედ იმაზე, რომ ოკუპაციასთან გვაქვს საქმე. 
 
ომის შემდგომ დადასტურდა ის, რაც ჩვენ ვიცოდით და ერთმანეთში ვლაპარაკობდით – რომ რუსეთი მშვიდობისმყოფელი არ ყოფილა და მისი ჯარი არის საოკუპაციო ძალა. ამის შესახებ განცხადებები გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის მხრიდანაც. 
 
წელს ჩვენთან  6%-იანი ეკონომიკური ზრდაც აღინიშნა. ამბიცია გაცილებით დიდია, თუმცა ეს ციფრი, რაც გვქონდა, იმასთან შედარებით პროგრესის მანიშნებელია. შევძელით ისიც, რომ წელს ჩავატარეთ, ალბათ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ღირსეული არჩევნები. ეს რეალობის ერთი ბლოკია და ხსენებული ფაქტორები მსოფლიოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. 
მეორე კომპონენტი ისაა, რომ ობამა აღარ არის ახალი პრეზიდენტი. მან უკვე მიიღო გამოცდილება. ის შეხვედრა, რომელიც ახლახან გაიმართა ორ პრეზიდენტს შორის, არ იყო მხოლოდ სიმბოლური. მე ვიყავი ამ შეხვედრაზე და საკმაოდ დეტალურად იყო საუბარი იმ თემებზე, რომელიც განსახორციელებელია. 
 
მესამე ფაქტორი კი, ამერიკის არჩევნები და კონგრესში და სენატში ახალი ხალხის მოსვლაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ორივე პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ეს იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორობა სახელმწიფო ინტერესების ბაზაზეა აგებული, ანუ ემთხვევა საქართველოსა და ამერიკის ინტერესები და არა ცალკე აღებული პოლიტიკური ელიტების ინტერესები.
 
ეს ყველაფერი კომბინაციაში იძლევა შესაძლებლობას, რომ ის საქმე, რაც წამოწყებული იქნა საქართველოსა და ამერიკას შორის ქარტიის გაფორმებით, განხორციელების აქტიურ ფაზაში გადავიდეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა სხვანაირი ძალების მობილიზაცია და განსხვავებული მიდგომები. ეს ყველაფერი კი, საკადრო გადაწყვეტილებებზეც აისახება. 
 
ამერიკის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემდეგ რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთვის? 
 
ის, რომ ობამას საგარეო პოლიტიკა გააქტიურდა, ფაქტია. ჩვენთვის იცით რა არის მნიშვნელოვანი? უნდა შევხედოთ, თუ რა პოლიტიკური დისკურსის ნაწილია საქართველო. აქამდე ჩვენ ვიყავით ერთი პოლიტიკური დისკურსის ნაწილი, რომელსაც სახელად ერქვა თავისუფალი და გაერთიანებული ევროპა. მე მიმაჩნია, რომ ის თვისებები, რაც საქართველოს აქვს შეძენილი საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობის და პოლიტიკის გამო, გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე თავისუფალი და მთლიანი ევროპის კონტექსტი.
 
ჩვენ უკვე დემოკრატიზაციის კონტექსტში მოვიაზრებით, როგორც ამის წარმატებული მაგალითი. ასევე მოვიაზრებით ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ენერგოუსაფრთხოების, ავღანეთის კონტექსტში – როგორც მონაწილეობის, ასევე ტრანზიტის თვალსაზრისით; ასევე სატრანზიტო დერეფნის, თურქეთთან, რუსეთთან და ირანთან ურთიერთობის კონტექსტში. ჩვენ ვჯდებით გლობალური უსაფრთხოების ისეთ კონტექსტში, როგორიცაა ტერორიზმი. რაღაც ტერორისტულ სენდვიჩში ვართ – ზემოდან ჩრდილო კავკასია, ქვემოთ ახლო აღმოსავლეთი. 
მე იმის თქმა მინდა, რომ ეს დისკურსი, რომელიც მოიაზრება საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ცოტა მოძველებულია. ახალი თვისებები, რის გამოცაა საქართველო საინტერესო, ჯერ სათანადოდ წარმოჩენილი არ გახლავთ. თუმცაღა სიახლის შეგრძნება აშკარად არის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამის დანახვა პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრისას.  
 
 ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა მიმართულებით აპირებთ აშშ-ში მუშაობას? 
 
 მე ვაპირებ ახალ ეტაპზე გადავიყვანო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. აქ არის ორი ძირითადი ელემენტი, პირველი – ქარტიის განხორციელება და მეორე – საქართველოს ახალ კონტექსტებში ჩასმა და ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარება.  რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
 
ნელ-ნელა ევროატლანტიკურ ლექსიკონში აფხაზეთისა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის მიმართ მკვიდრდება ტერმინი ოკუპაცია. როდის გადავა დასავლეთი რეალობის სწორი აღწერიდან მისი შეცვლის პოლიტიკაზე?
 
მსოფლიოში რუსეთთან ურთიერთობის სამი მეთოდოლოგია არსებობს. ისტორიულად ასეა. ესენია – კონფრონტაცია, დაყვავება-დათმობა და მცდელობა, რომ რუსეთი ჩართო პროცესებში და ამ გზით გახადო მისი ქცევები უფრო პროგნოზირებადი და ცივილიზებული. მსოფლიოს ურთიერთობა რუსეთთან ძირითადად ამ სამი თარგის მიხედვით მიმდინარეობდა ხოლმე. ხანდახან ეს კომპილაცია, ხანდახან ერთ-ერთი მათგანი იყო. 
 
თუ გვაინტერესებს, რომელია ამათგან ყველაზე წარმატებული – ალბათ, ეს გახლდათ კომბინაცია ჩართულობისა და დაპირისპირებისა. კლასიკური ამ თვალსაზრისით რეიგანის ეპოქა იყო. მშვენივრად გვახსოვს, რომ ღია კონფრონტაცია რუსეთთან კარგად არასდროს დამთავრებულა – არც გერმანელებისთვის, არც ფრანგებისთვის, არც თურქებისთვის, არც იაპონელებისთვის... და ყველაზე ეფექტიანი გამომდგარა კონფრონტაციის დიპლომატიურად წარმართვა და მცდელობები, რომ რუსეთი ჩართო უფრო ფართო პროცესებში. ვფიქრობ, დღეს მსოფლიო ცდილობს რუსეთთან ასეთი პოლიტიკა აწარმოოს. 
 
მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ, თუ ამერიკა, ევროპა და რუსეთი ერთმანეთთან ურთიერთობას დაათბობენ. ეს დათბობა საქართველოს ხარჯზე არ ხდება. მეტიც, საქართველოს საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში და რუსეთთან უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოზიციები ამგვარად არ წარმოჩნდეს – ვთანხმდებით, რომ ვერ ვთანხმდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თემა რუსეთთან აქტიური დისკუსიის საგანი იყოს. 
 
ზედმეტი ოპტიმიზმი არ მახასიათებს, ეს თემა კვლავ მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს. თვითონ მედვედევის სიტყვებს გავიმეორებ, ის ამბობს, რომ შეუთანხმებლობის ძირითადი ელემენტი საქართველოა. სრულფასოვანი თანამშრომლობა კი მხოლოდ შეთანხმებულ საკითხებში მოიაზრება. საქართველო უბრალოდ ერთ-ერთი თემა არაა. ის არის ყველაზე სერიოზული უთანხმოების თემა.
რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ამ თემის კიდევ უფრო აქტივიზაცია და იმის მცდელობა, რომ რუსეთიმა – დასავლეთთან ჩახუტებით იქნება, თუ მეტი ინტეგრაციით – შეცვალოს თავისი დამოკიდებულება მეზობლებთან და ცივილურ ურთიერთობებზე გადავიდეს.

 

კომენტარები