ფასების ზრდა და ინფლაცია

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2011 წელს, საქართველოში ინფლაცია 9.5% იქნება. მეზობელი ქვეყნებიდან, ბანკის ანგარიშში სომხეთი და აზერბაიჯანი მოხვდა. ორივე ქვეყანაში ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი საქართველოზე 2%-ით დაბალია. მაღალი ინფლაციის მთავარი მიზეზი, საქართველოში, მეზობლებთან შედარებით, გაზრდილი ფულის მასაა. პრობლემის გადასაჭრელად ერთადერთი გზა არსებობს: მთავრობამ ეკონომიკაში ფულის მასის ხელოვნური ზრდა შეწყვიტოს.

სტატიის სათაურში ინფლაციისა და ფასების ზრდის ერთმანეთისგან გამიჯვნა, შეიძლება, ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს. დღეს ინფლაცია და ფასების მატება სინონიმებია. თუმცა მეცხრამეტე საუკუნემდე, ტერმინი ინფლაცია მხოლოდ ფულის გაუფასურებას აღნიშნავდა. მისი ხარისხით იზომებოდა თუ რამდენად იყო ეკონომიკაში ფულის მასა გაზრდილი, „გაბერილი”. ამ ლოგიკით, ფასების მატება ინფლაციის მამოძრავებელი ძალა არ იყო. ის ინფლაციას ასახავდა: ფასები იზრდებოდა არა პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის, არამედ ზედმეტი ფულის გამო. 

ფულის მასის ზრდას ეკონომიკაში ერთჯერადი ეფექტი მართლაც აქვს – ფასები მცირდება. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. როცა გასაყიდი პროდუქციის რაოდენობა იმ ტემპით ვეღარ გაიზრდება, როგორც ფულის მასა, ფასები ისევ მოიმატებს. ამასთან, როგორც კი ფულის მოცულობა პროდუქციის რაოდენობას გადააჭარბებს, ფულის მსყიდველუნარიანობა ეცემა: ჭარბი ფულის პირობებში მისი ერთეული უფასურდება. 
 
აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, შარშან საქართველოში ფულის მასა 35%-ით, აზერბაიჯანში – 26%-ით, ხოლო სომხეთში – 12%-ით გაიზარდა. საქართველოს, ამ პარამეტრის მიხედვით, აზერბაიჯანთან შედარებით 1.3-ჯერ, ხოლო სომხეთთან შედარებით  2.9-ჯერ უარესი მაჩვენებელი აქვს. ეს ერთადერთი პარამეტრია, რის მიხედვითაც, მეზობელ ქვეყნებს შორის დიდი სხვაობაა. 
 
სხვა პარამეტრების მიხედვით (მშპ, საბიუჯეტო დეფიციტი, საგარეო ვალი) საქართველო  მეზობლებთან შედარებით ან თანაბარ, ან უკეთეს პოზიციებზეა. 2010 წელს საქართველოში მშპ-ს ზრდა 6.5%, აზერბაიჯანში – 5%, სომხეთში კი – 2.3% იყო. 2010 წელს, საბიუჯეტო დეფიციტი საქართველოში 6.5%, სომხეთში – 6% გახლდათ. საგარეო ვალის მოცულობამ საქართველოში 37%, სომხეთში –  35% შეადგინა. ორივე პარამეტრის მიხედვით, ძვირადღირებული ბუნებრივი რესურსის – ნავთობის მფლობელი აზერბაიჯანი მეზობელ ქვეყნებზე გაცილებით უკეთეს პოზიციებზეა: საგარეო ვალი მშპ-ს 9%-ია, დეფიციტი კი – მშპ-ს 0.9%. დეფიციტის ასეთ დაბალ ნიშნულს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობფონდის (SOFAZ) მიერ ეკონომიკაში ჩადებული თანხები უზრუნველყოფს. ეს რომ არა, აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, აზერბაიჯანის დეფიციტი მშპ-ს 15.1%-ს მიაღწევდა.
 
სამივე ქვეყანაში, ფულის მასის ზრდას, კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემა და შემდეგ სახაზინო ვალდებულებების გამოშვება იწვევს. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული (სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში, ცენტრალური) ბანკი კომერციულ ბანკებზე დაბალ პროცენტად გასცემს სესხებს – ისინი კი, თავის მხრივ, მთავრობაზე უფრო სარფიანად აპროცენტებენ. შედეგად, ხაზინაში გროვდება ზედმეტი ფული, რომელსაც კერძო სექტორთან კავშირი არ აქვს. ამ ფულზე მოთხოვნა არ არსებობს, რადგან ბაზრის ყველა მოთამაშეს იმდენივე აქვს, რაც ადრე ჰქონდა. მხოლოდ ხაზინას მოეპოვება მეტი. შესაბამისად, ფული უფასურდება – ინფლაცია იზრდება.
 
აზიის განვითარების ბანკის მონაცემებით, 2010 წელს რეფინანსირების განაკვეთი სამივე ქვეყანამ გაამკაცრა: საქართველოში – 8%, სომხეთში – 7.25%, აზერბაიჯანში – 5%.
 
აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2011 წელს საქართველოში ფულის მასა 20-25%-მდე შემცირდება. ამ შემთხვევაში ქვეყანას სომხეთის დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით, საშუალოდ 1.9-ჯერ უარესი, ხოლო აზერბაიჯანის დღევანდელ მაჩვენებელზე 1.1-ჯერ უკეთესი მაჩვენებელი ექნება. ბანკის პროგნოზით, 2011 წელს, საქართველოში ინფლაცია მეზობლებთან შედარებით 1.3-ჯერ მაღალი იქნება.
 
ინფლაცია პირველ რიგში ღარიბ მოსახლეობას აზარალებს: შემოსავლის დიდი ნაწილი საკვების შეძენას ხმარდება, მათ ხელთ არსებული თანხა კი სულ უფრო ნაკლებ პროდუქტს ყიდულობს.  
 
აზიის განვითარების ბანკის გათვლებით, 2011 წლის პირველ 8 თვეში ხორბალზე ფასმა 99.6%-ით მოიმატა. თუ ინფლაცია საშუალოდ ისევ ორციფრა ნიშნულზე შენარჩუნდება, მსოფლიოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 7.2%-ით გაიზრდება. 
 
გაეროს მონაცემებით, 2010 წელს საკვების იმპორტზე გლობალურად 1 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა. მსოფლიოს უღარიბესმა ნაწილმა, 2009 წელთან შედარებით, იმპორტირებულ საკვებში 20%-ით მეტი გადაიხადა. იმპორტირებულ საქონელზე ადგილობრივ ფასს ვალუტის გაცვლითი კურსი განსაზღვრავს, რაც ქვეყანაში ინფლაციის დონეს პირდაპირ ასახავს. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ფასის ზრდა ინფლაციის მამოძრავებელი ძალა კი არა – შედეგია. 

კომენტარები