მოსკოვი თბილისს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

თბილისსა  და ბათუმში  გამართულ  საპროტესტო აქციებზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება ”ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაში” დაადანაშაულა.  „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის  ქმედებებს განვიხილავთ, როგორც მოსახლეობისა და პოლიტიკური ძალებისთვის ხელის შეშლას მათი ძირითადი უფლებების -  გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზებაში,” განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელემა, კონსტანტინ დოლგოვმა.

„თუ საქართველოს ხელისუფლება, არ შეწყვეტს ძალისმიერ ქმედებებს, ეს მომავალში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებასა და ქვეყანაში საერთო მდგომარეობის კიდევ უფრო დიდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს,” განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

ამის პარალელურად, თბილისში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ სახალხო კრების მხარდამჭერებს  26 მაისს  თავისუფლების მოედანზე მობილიზებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას აღლუმის ჩატარების უფლება არ უნდა მისცენ.  26 მაისამდე კი, ბურჯანაძის აზრით, აქციების კერა ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელთან უნდა შენარჩუნდეს.

დღესვე ბურჯანაძემ "ძალიან საიმედო და სანდო წყაროზე“ დაყრდნობით გააკეთა განცხადება, რომ "ქართულმა ჯარმა  კატეგორიული უარი განაცხადა შეთავაზებაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში აწიოს ხელი ქართველ ხალხზე.”

ბურჯანაძის განცხადებების შემდეგ, პარალმენტის თავმჯდომარემ,  დავით ბაქრაძემ  ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ 26 მაისს აღლუმი ”აუცილებლად ჩატარდება.” ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა: „ზოგს ჰგონია, რომ აღლუმი მხოლოდ მოსკოვში უნდა იმართებოდეს, პუტინის გვერდში იდგეს და პოკლონაია გორაზე თავს ხრიდეს.” თუმცა დეპუტატის თქმით,  ქართული საზოგადოება ”ასე არ ფიქრობს.” „პუტინის ჩექმაზე მკოცნელ ქართველ პოლიტიკოსებს საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის შანსი არა აქვთ,” განაცხადა გაბაშვილმა. 

კომენტარები