”კომერსანტი”: ვანუატუმ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა

ვანუატუს რესპუბლიკამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა - ამის შესახებ გაზეთი ”კომერსანტი” იუწყება. რუსული გამოცემის ცნობით, ამის დასადასტურებლად ”კომერსანტს”  აფხაზურმა მხარემ ”ორ ქვეყანას შორის” ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ დოკუმენტის ასლი გამოუგზავნა.  ვანუატუს რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით განცხადება რუსულ მედიასთან აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ ღვინჯიამ გასულ კვირას გააკეთა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ვანუატუს ელჩმა გაეროში, დონალდ კალპოკასმა უარყო. ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ორჯერ დაუკავშირდა თავისი ქვეყნის ხელმძღვანელობას და ორივეჯერ პასუხად მიიღო, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით ვანუატუს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. ”ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ის ვინც სხვა რამეს ამბობს, უბრალოდ ცილს გვწამებს და ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემლობას იჩენს,” აღნიშნა კალპოკასმა.

გაეროში ვანუატუს ელჩის განცხადების მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ვანუატუს რესპუბლიკამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო. ”როგორც ჩანს, დონალდ კალპოკასმა უბრალოდ არ იცის იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მის ქვეყანაში ხდება. არ არის გამორიცხული რომ მასზე ნიუ იორკში ზეწოლას ახდენდნენ,” განაცხადა მაქსიმ ღვინჯიამ ”კომერსანტთან” საუბრისას.

რუსული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დღეს კომენტარი პრეზიდენტის პრეს სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით გაეროს ინფორმაციას ეყრდნობა. მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ განსხვავებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციას არ აქვს. ”საგარეო უწყებამ მოაგაწოდათ სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ახალს ვერაფერს ვიტყვით,” თქვა მანჯგალაძემ.

ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. ”ვანუატუს არ განუცხადებია, რომ რაიმე ფორმით აფხაზეთის აღიარებას გეგმავდა ან გეგმავს. ჩვენ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს,” თქვა კალანდაძემ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვანუატუ მსგავს გაუგებრობაში ეხვევა. 2004 წელს ვანუატუს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა სერჟ ვოხორმა ტაივანი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. თუმცა მაშინ ”დიპლომატიურმა ურთიერთობებმა” ერთ თვეზე ოდნავ მეტს გასტანა. მას შემდეგ, რაც ჩინეთის ხელისუფლება დაიმუქრა, რომ ვანუატუს ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტდა, წყნარი ოკეანის ჯუჯა სახელმწიფოს მინისტრთა საბჭომ ტაივანის აღიარება უკან წაიღო, ხოლო ვოხორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

კომენტარები