სომხეთის პატრიარქის დალოცვამ მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტები აღაშფოთა

REUTERS
 დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა,ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათალიკოსი, გარეგინ მეორე მიიღო.  თბილისის მთავარი საკათედრო ტაძრის შესასვლელში პატრიარქებს დროშებითა და ბაირაღებით შეხვდნენ. გარეგინ მეორე, ისევე როგორც ილია მეორე, მრევლს საკურთხევლისკენ მსვლელობისას ერთობლივად სახავდა ჯვარს. პატრიარქების ტაძარში შესვლისას, მორწმუნეთა ნაწილმა ვერ გააცნობიერა, რომ ილია მეორეს გვერდით არამართლმადიდებელი პატრიარქი იდგა და გარეგინ მეორეს თავზე ხელის დადებით დალოცვის საშუალება მისცა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტაძრის სტიქაროსნებმა მრევლის ამ ჟესტს აგრესიით უპასუხეს. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით ”სტიქაროსანმა ხელი მომკიდა, მღვდელთან მიმიყვანა და მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩავაბარო აღსარება მწვალებლისგან კურთხევის გამოთხოვის გამო”.

მიუხედავად შეხვედრის დამსწრე პირთა არაერთგვაროვანი რეაქციისა, კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სტუმარი ამბიონზე მიიპატიჟა და მასთან ერთად სანთელიც დაანთო - რაც მართლმადიდებელ ფუნდამენტალისტთა აზრით მწვალებელთან თანალოცვა და შესაბამისად, მართალი რწმენის ღალატია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქომ 1999 წელს, რომის პაპის, ნეტარი იოანე-პავლე მეორის ვიზიტისას,  მას რიყეზე მესის აღსრულების საშუალება არ მისცეს. ხოლო მრევლს სპორტის სასახლეში გამართულ პონტიფიკალურ მესაზე დასწრება აუკრძალა.

იმის გასარკვევად მრევლის გაფრთხილება ცალკეული სასულიერო პირების ინიციატივა იყო თუ ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავდა, საპატრიარქოს პრესცენტრთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. გამოხმაურების შემთხვევაში მათ კომენტარს ტაბულა აუცილებლად მიაწვდის მკითხველს.

 

 

კომენტარები