აფხაზეთი

ვანუატუს ახალმა მთავრობამ აფხაზეთის აღიარება გააუქმა

ვანუატუს ახალმა მთავრობამ წინა მთავრობის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ალექსიძემ აცნობა. მისი თქმით, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა პრესრელიზი, სადაც აღნიშნულია, რომ წინა მთავრობის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ადმინისტრაცია აუქმებს. ”ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ვანუატუს დღევანდელი მთავრობის პოზიციას, რომ ვანუატუ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წინა მთავრობის გადაწყვეტილება იყო შეცდომა და გაუგებრობა,” თქვა ზურაბ ალექსიძემ.

ვანუატუს მთავრობა 15 ივნისს შეიცვალა. წინა პრემიერ მინისტრი, სატო კილმანი, რომელიც ამ პოსტზე 13 მაისს დაინიშნა, ედვარდ ნატაპეიმ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი თვის მანძილზე ვანუატუს პრემიერი უკვე მესამედ შეიცვალა.

ივნისის დასაწყისში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუს ჟურნალისტებს აცნობა, რომ ვანუატუმ სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია გაეროში ვანუატუს ელჩმა, დონალდ კალპოკასმა კატეგორიულად უარყო. კალპოკასის განცხადებას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. რუსულ გაზეთ „კომერსანტს“ მან ვანუატუსა და აფხაზეთს შორის „დიპლომატიური ურთიერთობების“ დაწყების შესახებ დადებული ხელშეკრუ-ლების ასლი გაუგზავნა. 10 ივნისს კი ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანუატუს რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება დაადასტურა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვანუატუ სეპარატისტული რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებულ გაუგებრობაში ეხვევა. 2004 წელს ვანუატუს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა სერჟ ვოჰორმა ტაივანი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. თუმცა მაშინ ”დიპლომატიურმა ურთიერთობებმა” ერთ თვეზე ოდნავ მეტს გასტანა. მას შემდეგ, რაც ჩინეთის ხელისუფლება დაიმუქრა, რომ ვანუატუს ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტდა, წყნარი ოკეანის ჯუჯა სახელმწიფოს მინისტრთა საბჭომ ტაივანის აღიარება უკან წაიღო, ხოლო ვოჰორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები