აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს

თავდაცვის სამინისტრო

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი იდენტიფიცირება რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, 17 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

"წელს ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 58 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა, რისთვისაც მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოს პრემიერმინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერით, წითელ ჯვართან ერთად, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით განვაგრძობთ მუშაობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რათა შეძლებისდაგვარად მეტ ოჯახს დავუბრუნოთ პასუხი მათი გაუჩინარებული ოჯახის წევრის ხვედრის თაობაზე“ - თქვა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის) მხარდაჭერილი ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ჯამში მოძიებულია და ოჯახებს გადასცეს 273 ადამიანის ნეშტი.

"1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, დღეისათვის, 1 870 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც დაკარგულად ითვლება, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადასაცემად, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს" - აცხადებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

კომენტარები