აფხაზეთი

ბჟანია: იმედია, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი, ასლან ბჟანია

ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა და აღნიშნა: "იმედი მაქვს, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს".

აქამდე, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის აგრესიისადმი უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობის გამო, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალი პერსპექტივები გაეხსნება".

"[უკრაინის პრეზიდენტის] ეს განცხადებები მიუთითებს იმას, რომ ზელენსკის და მის უკან მყოფ ძალებს სურთ ახალი სისხლიანი ომის დაწყება კავკასიის რეგიონში. უკრაინა ცდილობს, გააფართოოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას არასტაბილურობის დამატებითი ზონა რუსეთის გარშემო. [...] იმედი მაქვს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს. არ მგონია, რომ ომი დღეს მათთვის მომგებიანი იყოს". - თქვა აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა.

ბჟანიას თქმით, ზელენსკი მსგავსს განცხადებებს რეგულარულად აკეთებს და "დასავლეთი მათზე ან დუნედ რეაგირებს ან საერთოდ არ რეაგირებს, რადგან ისინი იზიარებენ ასეთ შეხედულებებს აფხაზეთთან მიმართებით".

"ასეთ დეტალებში ვლინდება დასავლური სახელმწიფოების ე.წ. ლიდერების მთელი არსი. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ომის დაწყებაზე და არანაირი რეაქცია არ არის". - თქვა ბჟანიამ.  

აფხაზეთის პორტში რუსული საზღვაო ბაზის განთავსების გეგმებთან დაკავშირებით შეკითხვაზე ბჟანიამ აღნიშნა, რომ "რუსეთის საზღვაო ძალების საბაზო პუნქტის განთავსება ოჩამჩირაში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს".

კომენტარები