საინფორმაციო ტექნოლოგიები

ევოლუცია ორთვალა კლდიდან ღრუბლამდე

წარმოიდგინეთ, რომ ისეთი მასშტაბური ღონისძიებისთვის, როგორიც პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის ქორწილია, ვებსაიტის შექმნა გადაწყვიტეთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ნაცად ხერხს მიმართოთ: იქირაოთ მონაცემთა დიდი, სერვერებით დატვირთული ცენტრი, რომელსაც მაღალი ტრაფიკი ექნება. თუმცა, როცა მხოლოდ ქორწილის სანახავად დღეში 15 მილიონი ადამიანი შემოდის, საიტს ამის გაძლება მაინც გაუჭირდება. ხოლო თუ ალტერნატიული მეთოდით ისარგებლებთ – საკუთარ ვებსაიტს ღრუბელში განათავსებთ – პრობლემა აღარ იარსებებს.

კომპიუტერული ღრუბელი დღეს ყიდვა-გაყიდვის ისეთივე საგანია, როგორიც, ვთქვათ, ნავთობი, საკვები პროდუქტები ან პირველადი მოხმარების ნივთები. მომხმარებლის მონაცემები ღრუბელში – ამა თუ იმ კომპანიის მონაცემთა ცენტრშია განთავსებული. ამ მონაცემებთან წვდომა ყველა კომპიუტერიდან არის შესაძლებელი. ამრიგად, თქვენ აღარ ინახავთ მნიშვნელოვან კონტენტს კომპიუტერის პროცესორში, რომლის ტევადობა საკმაოდ შეზღუდულია და ერთ დღესაც, შეიძლება, სულაც გაფუჭდეს. არც მძიმე ნოუთბუქის თრევა გიწევთ მოგზაურობისას. ერთადერთი, რაც გჭირდებათ, ნებისმიერი კომპიუტერი და ინტერნეტია – და სადღაც, „ჰაერში” შენახულ საკუთარ ინფორმაციასთან წვდომა გარანტირებული გაქვთ.
ღრუბელი არა მხოლოდ კერძო პირებისთვისაა მისწრება – მათთვის, ვინც hotmail-ს, Flickr-ს ან Dropbox-ს იყენებს. ტექნოლოგიების განვითარებისგან სარგებლის მიღება კომპანიებსა და დიდ ორგანიზაციებსაც სურთ. ასე მაგალითად, NATO-ს 28 წევრ ქვეყანას საკუთარი მონაცემები ერთ საერთო, პრივატულ ღრუბელში აქვს განთავსებული: ეს ერთმანეთს შორის ინფორმაციის გავრცელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ღრუბელს ბევრი უპირატესობა აქვს: უფრო იაფია, კომპანია მეტად დაზღვეულია, თანაც, კუთვნილი სერვერების სამართავად დიდი IT ჯგუფი აღარ სჭირდება. რაც მთავარია, ინფორმაციის საერთო „სათავსო” უფრო აადვილებს თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების პროცესს. განსაკუთრებით, თუ მასში ჩართული ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არიან გაფანტული. Amazon, Google, Microsoft და სხვა მრავალი – ის გიგანტი კომპანიებია, რომლებიც მომხმარებელს ამ სერვისის განსხვავებულ სახეებს სთავაზობენ.

ამრიგად, გასაკვირი არაა, რომ მენეჯმენტის კონსულტანტები საკუთარ კლიენტებს ურჩევენ, ტექნოლოგიურ ინოვაციებს ფეხი აუწყონ და ღრუბლებში აფრინდნენ.

ეს, რაც შეეხება, ტექნიკურ მხარეს. კიდევ უფრო საინტერესო სხვა რამაა: ღრუბელი, როგორც ასეთი, ახალი სულაც არ არის. იდეათა კოლექტიური გაცვლა მუდამ იყო ადამიანური პროგრესისა და გამოგონებების წყარო: ტექნოლოგიური პროგრესი, რომლის ბენეფიტებს დღესაც სულმოუთქმელად ვიმკით, კონკრეტულად არავის შეუქმნია. ასი ათასობით წლის მანძილზე კაცობრიობის სოციალურ ევოლუციას იდეათა კოლექტიური გაცვლა ამოძრავებდა – რაც უფრო მეტი ადამიანი ცვლიდა და რაც უფრო ინტენსიურად, პროგრესი მით უფრო შთამბეჭდავი იყო. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს, ინოვაციური ტექნოლოგიები იდეათა გაცვლისთვის უპრეცედენტო საშუალებებს გვთავაზობს.

კაცობრიობის პროგრესზე საუბრისას, ამგვარი კითხვა ჩნდება: როგორ მოვედით აქამდე, როგორ შეიქმნა ცივილიზაცია და ყოველივე ის, რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდით?

რა თქმა უნდა, შეგვიძლია, პასუხები ბიოლოგიაში ვეძებოთ და ადამიანის კრეატიულობისა თუ სიახლეების შექმნის უნარი გენეტიკურ მუტაციას მივაწეროთ. ბევრი ანთროპოლოგი და არქეოლოგი ამას სწორედ ადამიანის ტვინში ოდესღაც მომხდარ გარდატეხას, ან ბიოლოგიური ევოლუციის პროცესში „ჯადოსნური” გენის გამოჩენას მიაწერს.

საქმე ისაა, რომ ათასეული წლების წინ ადამიანის ტვინში უცაბედი ცვლილება არ მომხდარა. უტრირებას თუ მოვახდენთ, 30 ათასი წლის წინ გამოქვაბულის კედელზე დახატული ბიზონის თავი და ქალის შიშველი სხეული, გასულ საუკუნეში პიკასოს მიერ შექმნილი ნახატისგან – „მინოტავრი თავს ესხმის გოგონას”, დიდად არ განსხვავდება.

ევოლუციის პროცესის უკეთ აღსაქმელად იმ პერიოდს მივმართოთ, როცა თანამედროვე ადამიანმა თავისი წინაპარი, ნეანდერტალელი ჩაანაცვლა. სხვათა შორის, სამხრეთ კავკასია, ნეანდერტალელ და თანამედროვე ადამიანებს შორის კავშირის გამოკვლევისთვის, არქეოლოგებისა და ანთროპოლოგებისთვის საუკეთესო მასალაა. კონკრეტულად, საქართველოში მდებარე „ორთვალა კლდედ” წოდებული ადგილი – აქ ერთმანეთისგან რამდენიმე კმ-ით დაშორებულ ადგილებში ორივე მათგანის არტეფაქტებია შემონახული. აღმოჩენების მიხედვით, მაშინ როცა ნეანდერტალელთა იარაღები ადგილობრივი მასალებისგან არის შექმნილი, თანამედროვე ადამიანის იარაღებში გამოყენებული მასალა მხოლოდ მრავალი კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიებზე მოიპოვებოდა – ეს უკვე გაცვლა-გამოცვლასა და ვაჭრობას ნიშნავს.

უკანასკნელ 100 ათას წელიწადში, ადამიანის წარმატება და კულტურული პროგრესი, სწორედ გაცვლამ გამოიწვია. არც ერთი ინდივიდი არ ფლობს გარემოს სრულყოფილ ცოდნას. ცოდნა გაფანტულია. იმისათვის, რომ იგი ლოგიკურ შედეგამდე, პროდუქტის შექმნამდე მივიდეს, გაზიარება სჭირდება. ამას კარგად აღწერს ლეონარდ რიდი თავის ცნობილ ესეში „მე, ფანქარი”: მსოფლიოში არავინ იცის ზუსტად, როგორ შექმნას ერთი შეხედვით მარტივი ნივთი – ფანქარი. ეს ცოდნა გაფანტულია ათასობით მემაღაროეს, ტყის მჭრელს, მუშას, დიზაინერს, გამყიდველს და სხვა მრავალთა შორის. წესი ყველაფერს მიესადაგება – კომპიუტერიდან დაწყებული, იმ ტანისამოსით დამთავრებული, რომელიც გვაცვია. ჩვენ, კონკრეტულმა ადამიანებმა, არ ვიცით – იცის მხოლოდ „ღრუბელმა”, ჩვენი საერთო ცოდნის აკუმულატორმა.

იმის უკეთ გასაგებად, თუ რას ნიშნავს „გაფანტული, გაზიარებული ცოდნა”, ფრიდრიხ ჰაიეკს მივმართოთ. ჰაიეკის მიხედვით, ადამიანები არ აღიქვამენ საგნებისა და მოვლენების ობიექტურ, თავისთავად მნიშვნელობას. ამის მაგივრად, მნიშვნელობა გონებაში სუბიექტური „ფილტრის” გავლით შემოდის: გვაქვს „სენსორული წესრიგი” – სადაც წარსული გამოცდილებები, შეგრძნებებია შენახული. ყოველ ახალ შეგრძნებას, ცოდნას ამ „სენსორულ წესრიგში” ვრთავთ. შესაბამისად, ახალი ინფორმაციის ინტერპრეტაციას წარსული ცოდნისა და გამოცდილებების საფუძველზე ვახდენთ.

მსოფლიოში იმდენივე „სენსორული წესრიგი” არსებობს, რამდენიც ადამიანია – ანუ ყველა ცოდნა უნიკალურია. არც ადამიანს, არც რაიმე კომპიუტერულ მანქანას არ შეუძლია დათვალოს კომბინაციათა უსასრულო რაოდენობა, რომელიც შეიძლება გონებაში მოხდეს, როდესაც ის ახალ გამოცდილებას ძველებს უერთებს. მეტიც, ამის სრულად გააზრება არც ინდივიდს შეუძლია – აღქმის პროცესი არაცნობიერად მიმდინარეობს. ჩვენ არ შეგვიძლია, საკუთარი გონების „მიღმა გავიდეთ” და გარედან „ობიექტურად” აღვიქვათ ის.

„სენსორული წესრიგი” უცვლელი მოცემულობა არაა: ყოველი ახალი გამოცდილება მას ცვლის. ამასთან, კიდევ უფრო ზრდის იმ კომბინაციათა რაოდენობას, რომელიც გონებას შეუძლია ჩაატაროს ამა თუ იმ მოვლენის აღქმისას. შესაბამისად, წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, თუ როგორ მოიქცევა ადამიანი ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში. არც მისი მოტივაციების ზუსტი გაშიფვრაა შესაძლებელი. ასეთია გონების ევოლუციური პროცესი, რომელიც ჩვენი ტვინის Terra Incognita-ში, შეუცნობელ ადგილას მიმდინარეობს.

ეს თეორია ეკონომიკურ ქცევას ებმის: ეს უკანასკნელი კი „ობიექტური” ფაქტებისგან არ წარმოიშობა. მას სუბიექტური მოტივები განაპირობებს. რადგან ადამიანის მოტივაციებისა და ქცევის წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია, ეკონომიკის ცენტრალური დაგეგმვაც აბსურდის ტოლფასია. თუ ამას შევეცდებით, მილიარდობით უნიკალური „სენსორული წესრიგის” ერთ ფორმულაში ჩატევა მოგვიწევს. ბუნებრივია, ასე რეალობას მოვწყდებით და ინტელექტუალური ფანტაზიების სფეროში გადავალთ – სადაც ინდივიდები სტატიკური, „მკვდარი” მოცემულობები არიან.
ვაჭრობა იდეათა გაზიარების მექანიზმია. სწორედ მან მისცა თანამედროვე ადამიანს საშუალება, წინაპარი „დაემარცხებინა” და წინ წასულიყო. ვაჭრობის საშუალებით ვრცელდება სასარგებლო იდეები – ადამიანს საკუთარი ტომის მიღწევებითა და აღმოჩენებით შემოფარგვლა აღარ უწევს. გაცვლის პირობებში, ყველა სასარგებლო იდეა დანარჩენებისთვისაც ხელმისაწვდომია. ასე იქმნება კოლექტიური, ინოვაციური ტვინი – ღრუბელი, რომელიც იმდენადვე დიდია, რამდენადაც თვითონ ვაჭრობის ქსელი. როგორც კი ადამიანები მას მოწყდებიან, მათი პროგრესი ჩერდება.

ამრიგად, თავისუფალი ბაზარი ევოლუციური პროცესის ნაწილი და, როგორც ვნახეთ, სპონტანური, წინასწარ განუზრახველი შედეგია. საბაზრო გაცვლაში იდეები ერთმანეთს ხვდებიან და მრავლდებიან. ბიოლოგიურ ევოლუციასთან პარალელის გავლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური ევოლუციისთვის გაცვლა იგივეა, რაც სექსი ბიოლოგიური ევოლუციისთვის.

აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ პროგრესის მამოძრავებელი ძალა არა ცალკეული ინდივიდი, არამედ ადამიანთა თანამშრომლობაა. ვაჭრობა და თავისუფალი ბაზარი საშუალებას გვაძლევს, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც სასარგებლონი ვიყოთ. სწორედ ამიტომ იმსახურებს ინტერნეტი აღფრთოვანებას – გარდა დიდი, კოლექტიური ტვინისა, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანებს აქვთ სივრცე, სადაც ტერიტორიული დაშორება დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, გაზიარება იქ ყველა მსურველს შეუძლია.

კომენტარები