სარკოზის ვიზიტი

ნიკოლა სარკოზი: მე როდესაც თბილისში ვიმყოფები, ევროპაში ვარ და არსად სხვაგან

საქართველოს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ესტუმრა. თბილისში ”თავისუფლების მოედანზე ”  შედგა ვიზიტის მთავარი ღონისძიება - შეხვედრა ხალხთან.  ”თავისუფლების მოედანზე” შეკრებილ ათასობით ადამიანს სიტყვით მიმართეს ნიკოლა  სარკოზიმ და მიხეილ სააკაშვილმა.    საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლა ,  როგორც წინასწარ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა განმარტა, უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხისდამი სოლიდარობის გამოხატვა.  

”როდესაც, 2008 წლის 12 აგვისტოს ღამეს თბილისში ჩამოვედი, ათასობით, შესაძლოა, ათი ათასობით თქვენგანი ქუჩაში, პარლამენტის წინ იმყოფებოდით, რათა მრისხანედ გეყვირათ იმ შეურახცყოფის გამო, თქვენს ქვეყანას რომ მიაყენეს და გამოგეხატათ თქვენი მტკიცე ნება მისი დამოუკიდებლობის  გადასარჩენად.სამი წელი გავიდა და ბედნიერი ვარ, რომ  აქ, თავისუფლების მოედანზე, შემიძლია  მივმართო დამოუკიდებელ ერს, დამოუკიდებელ ხალხს!”- ასე დაიწყო ნიკოლა სარკოზიმ  ქართველი ხალხისადმი მიმართვა.   თავის სიტყვაში მან  ხაზი გაუსვა , რომ  3 წლის წინ   ქართული სახელმწიფოებრიობა გადარჩა ,  დღევანდელი ვითარება კი ასე დაახასიათა: ”ათობით ათასი თქვენი თანამემამულე იძულებული გახდა სახლ-კარი მიეტოვებინა და იმ ასობით ათას თანამემამულეთა რიგებს შემატებოდა, რომლებიც წინა კონფლიქტების შედეგად, თავიანთი მიწებიდან და კერებიდან გამოაძევეს. თქვენ ტერიტორიის ერთი ნაწილი წაგართვეს. ეს ისეთივე მტკივნეულია, როგორც  კიდურის მოკვეთა, ამ ტკივილს მუდმივად გრძნობ.ყოველგვარი სტრატეგიული ლოგიკის საწინააღმდეგოდ და ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფით, მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები არა მხოლოდ დარჩა, არამედ გაძლიერდა კიდეც თქვენს კართან, გამყოფი ხაზის გადაღმა.” ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთმა ერთ-ერთმა პირველმა განალაგა საქართველოში , ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, საკუთარი  ჟანდარმები . ხაზი გაუსვა, რომ დღესაც საქართველოში  მშვიდობის უზრუნველყოფაზე 200-ზე მეტ ევროპელი დამკვირვებელი ზრუნავს და ნათქვამს დასძინა, რომ საფრანგეთი მიღწეულით არ კმაყოფილდება.  

ნიკოლა სარკოზიმ თბილისში საფრანგეთის და ევროპის სახელით მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.  დაადასტურა საკუთარი ვალდებულება თვალი მიადევნოს ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულებას, რადგან ეს შეთანხმებები პასუხისმგებლობას აკისრებს ხელმომწერ ქვეყნებს და, ასევე, დაადასტურა ქართველი ხალხის უფლება თავად  განსაზღვროს საკუთარი გზა.

 სარკოზიმ  თავის  გამოსვლაში  აღნიშნა რამდენად მძაფრად  გრძნობს  საფრანგეთი საქართველოს ძალისმიერი გზით გაყოფის  ტკივილს,  ქართველი ხალხისთვის სეპარატიზმის თავსმოხვევით განპირობებულ ტკივილს,    სახლებიდან გამოძევებული ოჯახების ტკივილს   და საქართველოს და რუსეთს მოუწოდა მიყვნენ იმ ევროპელი ერების გზას ( მაგალითად საფრანგეთის და გერმანის გზას) რომლებმაც დამანგრეველი ომების შემდეგ შეძლეს შერიგების გზაზე დადგომა.

საქართველომ ევროპის პარლამენტის წინაშე იკისრა ვალდებულება არასდროს გამოიყენოს ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავსი ვალდებულება უნდა იკისროს რუსეთმაც.  ნიკოლა სარკოზის სიტყვებით ევროპელ დამკვირვებლებს უნდა შეეძლოთ აფხაზეთსა და  ცხინვალის რეგიონში შესვლა.   სარკოზიმ დაადასტურა დევნილების უფლება დაუბრუნდნენ სახლებს. აღნიშნა, რომ  კონფლიქტის მხარეები აქტიურად უნად ჩაერთონ  ჟენევის  დისკუსიებში. ზომები უნდა გატარდეს ნდობის აღდგენისთვის, სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

შეგახსენებთ ახლახან  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-17-ე რაუნდზე საქართველოს დელეგაციამ საგანგაშოდ მიიჩნია რუსეთის დამოკიდებულება, როცა  მისმა  წარმომადგენლებმა საერთოდ უარი  თქვეს ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული პროექტების განხილვაზე მანამდე, სანამ განხილვის საგანი არ გახდება  აფხაზეთის და  ცხინვალის რეგიონის პოლიტიკური სტატუსი.

ნიკოლა სარკოზი კი აცხადებს:  ”პარტნიორი და მეგობარი აი, ვინ უნდა იყოს  ან  გახდეს რუსეთი საქართველოთვის ”.  თბილისში ”თავისუფლების მოედანზე” მისი გამოსვლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო იმის  აღნიშვნა, რომ საბჭოთა კავშირი ჩაბარდა ისტორიას და  მას ვეღარ  ჩაენაცვლება  გავლენის სფეროების   პოლიტიკა .  საქართველომ თავისუფლად უნდა გამოხატოს  თავისი მისწრაფება შევიდეს ნატოში, საქართველოს თავისუფალი ნებაა დაუკავშირდეს ევროკავშირს. ”ევროკავშირთან დაახლოება დამოკიდებულია უწინარეს ყოვლისა თქვენს რეფორმებზე და თქვენი დემოკრატიის გაღრმავებაზე.რაც შემეხება მე, როდესაც თბილისში ვიმყოფები, თავი ევროპაში მგონია!  მე მოვედი, რათა დაგარწმუნოთ, რომ საფრანგეთი, ისევე როგორც გუშინ, ხვალაც ერთგული მეგობარი იქნება, რომლის იმედიც საქართველოს მუდამ შეუძლია ჰქონდეს.” -თქვა ქართველი ხალხისადმი მიმართვაში საფრანგეთის პრეზიდენტმა  .  მისივე განცხადებით,  რეფორმების სტრატეგია საქართველოსთვის საუკეთესო შანსია, რათა აფხაზები და ოსები დარწმუნდნენ, რომ მათი მომავალი ქართველ თანამემამულეთა გვერდით, ღია სახელმწიფოშია და არა დამონებულ ფსევდოსახელმწიფოებში.

 

კომენტარები