პოლიტიკური სპექტრი

უილიამ ბერნსი ოპოზიციას შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე  უილიამ ბერნსი და საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი ქართული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ირაკლი ალასანია, ლევან ბერძენიშვილი, დავით გამყრელიძე, კახა შარტავა და გიორგი თარგამაძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განუცხადა, რომ  მაღალი რანგის ამერიკელ სტუმარს  საქართველოს შიდა პოლიტიკაში შექმნილ ვითარებაზე  და "პოლიტიკაში ახალი მოთამაშის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებულ ექსტრემიზმზე " ესაუბრა.  ალასანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ  ამერიკელ მაღალჩინოსანს ამ საკითხზე  შეშფოთება გაუზიარა  და გარკვეული დოკუმენტაციაც მიაწოდა. „შევთანხმდით, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნის მტკიცე მხარდაჭერას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"ახალმა მემარჯვენეებმა" აქცენტი მომავალი წლის არჩევნებსა და მის დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე გააკეთეს.  დავით გამყრელიძემ განმარტა, რომ  მან ყურადღება ხელისუფლებასა და რამდენიმე  პოლიტიკურ პარტიას შორის შემდგარ  საარჩევნო შეთანხმებაზე გაამახვილა. "იმედი გამოვთქვით, რომ ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის ახალ ვერსიას უკან წაიღებს და დაბრუნდება ის ვერსია, რომელზეც შეთანხმება შედგა", - აღნიშნა დავით გამყრელიძემ.

"რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმაც შეხვედრაზე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვაზე და მომავალ არჩევნებზე ისაუბრა.   გამოთქვა მოსაზრება, რომ  თუ 2012 წელს   ხელისუფლება არ  შეიცვლება , საქართველო ვერასდროს  გახდება  ვერც ნატო-ს და ვერც   ევროკავშირის წვერი.

გიორგი თარგამაძის თქმით, მან შეხვედრაზე  უსაფრთხოებასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე   ისაუბრა. „ვისაუბრეთ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე, რათა ხალხს ფსევდომესიების მოლოდინი არ ჰქონდეს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკა ხალხის მონაწილეობით უნდა იქმნებოდეს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი  საქართველოს  სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია. გუშინ მან  შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების ფართო სპექტრი, რეგიონში არსებული ვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები. უილიამ ბერნსმა გამოხატა აშშ-ს მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისადმი. მან მადლიერება გამოთქვა ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

კომენტარები