რუსეთთან ურთიერთობა

WTO-ს საკითზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები განახლდა

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით დღეს შვეიცვარიაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება . წინა რაუნდები უშედეგო გამოდგა იმის გამო, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგება  თბილისის მთავარ მოთხოვნას - საერთაშორისო  მონიტორინგს საერთო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე.

"ეს არის ჩვენი ძალიან პრინციპული მოთხოვნა, რომლის უგულებელყოფა ვერ მოხდება. როგორც კი რუსეთი მზად იქნება ამ წინადადებას დათანხმდეს, ჩვენ მზად ვართ, თანხმობა განვაცხადოთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე", - განაცხადა გუშინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ნინო კალანდაძემ.

WTO-ში რუსეთის გაწევრიანების თემაზე სტატიას დღეს ბრიტანული გამოცემა Financial Times აქვეყნებს. გამცოემის  ინფორმაციით, ევროკავშირი ცდილობს საქართველო დაარწმუნოს, WTO-ში რუსეთის გაწევრიანებას ხელი აღარ შეუშალოს. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპელი დიპლომატები შიშობენ, რომ რუსეთის ორგანიზაციაში მიღების შანსი შეიძლება დაიკარგოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ. პუტინი WTO-ს ეჭვით უყურებს და უპირატესობას რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირს ანიჭებს. 

გამოცემას მოჰყავს ევროკავშირის ვაჭრობის საკითხთა კომისრის კარელ დე გიუხტის განცხადება იმის თაობაზე, რომ "რუსეთის WTO- ში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღარ არსებობს".

 „ძალიაქნ ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ რუსეთმა და საქართველომ ორმხრივ შეთანხმებას მოაღწიონ. ორივე მხარეს მოვუწოდებ გააგრძელონ მცდელობები კომპრომისის მისაღწევად“,  - განაცხადა დე გუხტმა.

Financial Times -ის ცნობით, WTO-ს  გენერალურმა დირექტორმა პასკალ ლამიმ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრებმა“ვეტო  საკუთარი სიამოვნებისთვის არ უნდა შეინარჩუნონ“. ავტოპრის ვარაუდით,  ეს განცხადება საქართველოსკენ იყო მიმართული. „ზოგიერთი დიპლომატის აზრით კი, საქართველოს დარწმუნებას, რათა რუსეთის WTO- ში გაწევრიანება აღარ დაბლოკოს, შეერთებული შტატები და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობებიც ცდილობენ", - წერს გამოცემა.

"ყველა მხარეს იმედი აქვს, რომ დეკემბრისთვის დაგეგმილ ვმო-ს მინისტერიალზე შეთანხმება შედგება, რაც ერთგვარ საზეიმო ნოტად გაიჟღერებს, რადგან მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების დოჰა-რაუნდის პერსპექტივები იმედისმომცემი არ არის და მთელს მსოფლიოში პროტექციონიზმის ზრდის ნიშნები ჩნდება",- ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები