რუსეთის გაწევრიანება WTO-ში

ბარაკ ობამა WTO-ს საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესზე

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის პრეზიდენტსა და მთავრობას WTO-ში გაწევრიანების პროცესში მიღწეულ პროგრესს ულოცავს. "თითქმის ორდეკადიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთი შეძლებს, გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ეს არის მნიშვნელოვანი დღე როგორც აშშ- რუსეთის ურთიერთობებში, ასევე ჩვენი ერთგულებისათვის მზარდი, წესებზე დაფუძნებული გლობალური ეკონომიკისადმი" - ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში. ობამას განცხადებით, რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკაში, რომელიც ეფუძნება რწმენას, რომ, მიუხედავად რიგ საკითხებზე უთანხმოებისა აშშ-ს და რუსეთს აქვთ ბევრი საერთო ინტერესი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანება დაწევს ტარიფებს, გააუმჯობესებს წვდომას რუსეთის მომსახურების ბაზრებზე , გახდის რუსეთის მთავრობას ანგარიშვალდებულს სავაჭრო მოქმედებების წესების სისტემისადმი და შექმნის საშუალებებს ამ წესების ასამოქმედებლად. გარდა ამისა, ობამას აზრით, რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანება განაპირობებს ექსპორტის ზრდას ამერიკელი მეწარმეებისთვისა და ფერმერებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების წარმოქმნას ამერიკაში. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ასევე გახსნის მომსახურების ბაზრებს ამერიკული კომპანიებისთვის პრიორიტეტული სექტორებში. ( აუდიო-ვიზუალური, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული და სხვა სექტორები)

ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ რუსეთის გაწევრიანებით ისარგებლებენ ორგანიზაციის სხვა წევრებიც, მათ შორის, საქართველო, რომელიც რუსეთთან შეუთანხმდა ვაჭრობის მონიტორინგზე ორ ქვეყანას შორის და განმარტავს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ, აშშ შეძლებს, გამოიყენოს ორგანიზაციის მექანიზმები რუსეთის მხრიდან WTO-ს წესებთან შეუსაბამო ქმედებებისას.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის იმუშავებს კონგრესთან, რომ შეწყდეს ჯექსონ-ვენიკის შესწორების მოქმედება რუსეთთან მიმართებაში, რათა ამერიკულმა კომპანიებმა და ექსპორტიორებმა მიიღონ ისეთივე სარგებელი რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებით, როგორც მისმა საერთაშორისო კონკურენტებმა.

 

კომენტარები