რუსეთის გაწევრიანება WTO-ში

თბილისის პასუხი რუსულ ინტერპრეტაციას

საქართველოს საგარეო უწყება WTO-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ თბილისსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი შეთანხმების რუსულ ინტერპრეტაციას უარყოფს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ დღეს პასუხი გასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებას. მისი თქმით, ამ განცხადებიდან ჩანს, რომ რუსეთი ამ შეთანხმებაზე ხელისმოწერით „შეშფოთებულია“.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შეთანხმება „ქართული დიპლომატრიის გამარჯვება არ არის“ და ამ დოკუმენტით, თბილისი, თითქოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სტატუსს აღიარებს. კერძოდ, საქართველოს მოუწევს ყველა იმ ტვირთის საბაჟო გაფორმება, რომელის საქართველოს შიდა რაიონებიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოძრაობს.

სერგი კაპანაძის თქმით, ამ განცხადების ადრესატი პირველ რიგში მარიონეტული რეჟიმებია, რომლებიც არ იყვნენ ჩართული რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების პროცესში. „ასეთი შეფასებებით ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ეს რეჟიმები, თითქოს ამ შეთანხმებით ყველაფერი რიგზეა", - განაცხადა კაპანაძემ.

 

სერგი კაპანაძე ურჩევს ლუკაშევიჩს, კარგად გაეცნოს საქართველო-რუსეთის შეთანხმებას. "თუ ბატონი ლუკაშევიჩი ან სხვა კომენტატორი ამ შეთანხმებაში იპოვის ისეთ ტერმინებს, როგორიც არის საბაჟო ტერმინალი ან საექსპორტო დეკლარაცია, ვთხოვდი, რომ გვაჩვენონ, სად არის ეს აღნიშნული. ჩვენ ვაპირებთ ეს შეთანხმება შევასრულოთ და იმედი გვაქვს, რუსეთიც ასე მოიქცევა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

მოსკოვსა და თბილისს შორის WTO-ს საკითხზე შეთანხმებას ხელი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ნოემბერში მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, ტვირთბრუნვას სავაჭრო დერეფნებში, რომლებიც აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს და ზემო ლარსს მოიცავს, შვეიცარიის მიერ დაქირავებული კომპანიის მონიტორები გააკონტროლებენ. როგორც ტვირთის საზღვარზე შემოწმების, ასევე მონაცემების ელექტრონული გაცვლის მეშვეობით.

 

კომენტარები