არტისტერიუმი 2011

არტისტერიუმზე კომენტარებით

წლევანდელი არტისტერიუმი საგამოფენო სივრცეთა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. თუ ადრე მონაწილეთა ნამუშევრები მხოლოდ ერთ გალერეაში იყო თავმოყრილი, წელს 80-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ხელოვანი თორმეტ კერძო, თუ სახელმწიფო საგამოფენო დარბაზში გადანაწილდა: ინსტალაციები, პერფორმანსები, ფერწერა, სკულპტურა, ფოტოგრაფია და ვიდეოპროექციები – თანამედროვე ხელოვნების მსგავსი მასშტაბის გამოფენებით არცთუ ისე განებივრებული თბილისელებისთვის, არტისტერიუმის დღეები ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ამჯერად ტაბულამ ღონისძიების ერთ-ერთ კურატორს, მაგდა გურულს სთხოვა, ჩვენი მკითხველებისთვის მოეთხრო რამდენიმე არტისტის შესახებ, რომლებმაც გამოფენის დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურეს. 

ფრანგი მხატვარი, ფოტოგრაფი და მოქანდაკე ოლივიე დე საგაზანი მსოფლიომ და ახლა უკვე საქართველომაც, პერფორმანსით „ტრანსფიგურაცია” გაიცნო. ქარვასლაში მისულ მაყურებლებს ნახევარი საათის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ ეხილათ ხელოვანის ტრანსფორმაცია, რომელიც თიხის, წყლის და საღებავების საშუალებით საკუთარი სახისა და სხეულისგან ახალ, უჩვეულო, ძალიან ეფექტურ და ხშირად საშიშ ფორმებს ძერწავდა.

– საგაზანის აღმოჩენაში ქართველი მხატვარი კოტე მინდაძე დაგვეხმარა, მისი არტისტერიუმში მონაწილეობის მხარდამჭერი კი ფრანგული ინსტიტუტი იყო. ბევრი თანამედროვე მხატვარი იყენებს საკუთარ სხეულს ნამუშევრების შექმნისას, მაგრამ საგაზანი იმით გამოირჩევა, რომ სამუშაო მასალას, რომელსაც ჩვეულებრივ სკულპტურის დასამზადებლად იყენებენ, სხეულის ნაწილად ხდის და შთამბეჭდავ გარდასახვას გვთავაზობს. მისი პერფორმანსი ძალზედ ექსპრესიული და, ამავე დროს, ძალიან ინტრავერტულია, დინამიკური აქციონერული მესიჯებით ის მაყურებლის ფანტაზიაზეც მოქმედებს, რაც მნახველს პერფორმანსის კონცეფციის შემდგომი განვითარების საშუალებას აძლევს. საგაზანის პერფორმანსი შეიძლება აღვიქვათ, როგორც დღევანდელი ადამიანის სახე, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევების წინაშე მდგომი, მუდმივად ცვლილების პროცესშია.  

არტისტერიუმის კიდევ ერთი მონაწილე, დიტერ მაიერი 80-იან წლებში ცნობილი შვეიცარიული ელექტრონული დუეტის Yello-ს წევრია. პოპ-მუსიკაში მიღწეული წარმატების პარალელურად, მაიერმა თანამედროვე ხელოვნების სხვა სფეროებშიც შეძლო თავის დამკვიდრება. ის პროდუქტიული მხატვარი, ფოტოგრაფი, ექსპერიმენტული ფილმების რეჟისორი და მწერალია. ეროვნულ გალერეაში წარმოადგინა ფოტოექსპოზიცია სახელწოდებით As Time Goes By და ორი ვიდეოპროექცია.

– As Time Goes By-ის პირველი ნაწილი 1974, მეორე კი 2005 წელს გაკეთდა. სურათებზე გამოსახული პერსონაჟები და მათი ისტორიები მაიერის გამოგონილია. ფოტოზე გამოსახული პიროვნებებიც თვითონ მხატვარია. ნამუშევარი ადამიანზე დროის გავლენას და წლების განმავლობაში მის ცხოვრებაში მომხდარ შესაძლო ცვლილებებს იკვლევს. ფოტოსერიის გარდა, მაიერმა არტისტერიუმზე ორი ვიდეოპროექცია წარმოადგინა. პირველ მათგანში ავტორი ნიუ იორკში მცხოვრები ადამიანების ტელეფონის ნომრებს კითხულობს. ეს იმ პერიოდის ნამუშევარია, როდესაც რეკლამა და სარეკლამო ტექსტი სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ნებისმიერი მოწოდებული ინფორმაცია გარკვეულწილად სოციალური დატვირთვის მატარებელი ხდება. მეორე ნამუშევარი კი მისი Yello-ში მოღვაწეობის დროს გადაღებული ვიდეორგოლების კრებულია. 

ცნობილი ქართული არტ-ჯგუფის – მე-10 სართულის – ერთ-ერთმა დამაარსებელმა ოლეგ ტიმჩენკომ შარშანდელ არტისტერიუმშიც მიიღო მონაწილეობა საინტერესო პერფორმანსით „პირადი დაცვა”. მაშინ მხატვარი რამდენიმე „პირად მცველთან” ერთად მოვიდა გამოფენაზე და მათი თანხლებით გადაადგილდებოდა საექსპოზიციო დარბაზებში. წელს ოლეგ ტიმჩენკომ გალა გალერეაში წარმოგვიდგინა ნამუშევარი სახელწოდებით Glossy, რომლის ერთ-ერთ ექსპონატად სწორედ ერთი წლის წინანდელი პერფორმანსის ამსახველი სიუჟეტი იქცა. 

– ოლეგ ტიმჩენკოს ახალი პროექტი ჟურნალ Vogue-ს გარეკანებია, რომლებზეც თავად მხატვარია აღბეჭდილი მეგობარ ქალებთან ერთად. ნამუშევარი, გარკვეულწილად, პოპ-არტის მიდგომას იყენებს და ერთგვარი კლიშეა, რომელშიც მხატვარი საკუთარ თავს ათავსებს და პრიალა ჟურნალებისთვის დამახასიათებელი ვიზუალური ელემენტებით მანიპულირებს. ნამუშევარი ირონიაა თანამედროვე ადამიანის მისწრაფებაზე, იხილოს საკუთარი თავი პოპულარული გამოცემების ყდაზე. 

იზა ტარასევიჩის ნამუშევრების ხილვისას ხვდები, რომ უნიკალურ არტისტთან გაქვს საქმე. ამის მიზეზი მხოლოდ ის როდია, რომ საკუთარ სკულპტურებსა თუ ინსტალაციებზე მუშაობის დროს, პოლონელი ხელოვანი საკმაოდ უცნაურ მასალას – ცხოველების ნაწლავებს, ქონს თუ ხოჭოებს იყენებს. თავად ნამუშევრებიც და  კონცეფციაც ძალზედ შთამბეჭდავია. ქარვასლაში წარმოდგენილ ინსტალაციაშიც ტარასევიჩმა სხვადასხვაგვარი მწერები და ცხოველების შინაგანი ორგანოები გამოიყენა. 

– ტარასევიჩი ისეთ არატრადიციულ მასალას იყენებს, როგორიცაა, მაგალითად, ღორის შიგნეულობა. იმის გამო, რომ მსგავს მასალას ჩვენს ცხოვრებაში სულ სხვა დატვირთვა აქვს, მისი ნამუშევრები ზოგმა შეიძლება არც კი აღიქვას ხელოვნებად,  თუმცა სწორი კონტექსტის და არატრადიციული მასალის საინტერესოდ გამოყენების შემთხვევაში, ნამუშევრის შესაქმნელად ყველაფრის გამოყენება შეიძლება. ამით ის თითქოს შლის ზღვარს ცხოვრებას და ხელოვნებას შორის.

ტინო ზეგალი გერმანელი ხელოვანია, რომელმაც გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით არისტერიუმის ფარგლებში პერფორმანსი This Situation შემოგვთავაზა. ზეგალის ნამუშევრები მხოლოდ ზეპირ გადაცემაზეა გათვლილი. მის წარმოდგენებზე ჟურნალისტებიც კი მაყურებლის სტატუსში იმყოფებიან და ვიდეო და ფოტომასალის გადაღება ეკრძალებათ. 

– ტინო ზეგალი თანამედროვე ხელოვნებაში ცნობილი და მნიშვნელოვანი ფიგურაა. მის თბილისურ პერფორმანსში 8 მსახიობი მონაწილეობდა – 4 ქართველი და 4 უცხოელი. საინტერესოა, რომ ზეგალი სპეციალურ ტრენინგებს ატარებს მათთვის, ვინც შემდეგ მის პერფორმანსებში იღებს მონაწილეობას. ისინი სწავლობენ მხატვრის იდეის ზუსტად გადმოცემას და კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატსაც იღებენ. პერფორმანსი This Situation, რომელიც გარკვეულწილად გასული საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების სიტუაციონისტურ მოძრაობას ეხმაურება, წარმოადგენს ოთახის სივრცეში ადამიანთა მოძრავი ჯგუფის დიალოგს, რაც ნებისმიერ თემაზე იდეების ურთიერთგაცვლას გულისხმობს. მონაწილეთა მოძრაობა და ჟესტები არ უკავშირდება მათ მიერ წარმოთქმულს. მონაწილეთა საუბარი და მოძრაობა გარკვეულ დისბალანსშია, რაც, თავის მხრივ, პერფორმანსის სივრცეში განსხვავებულ ენერგეტიკას ქმნის. არტ-პერფორმანსებისთვის მნიშვნელოვანია მაყურებელთან ინტერაქცია. თბილისში წარმოდგენილი ზეგალის ნამუშევარში კი მსახიობები მაყურებლის პერფორმანსში ჩაბმის მცდელობებს არ პასუხობდნენ. პერფორმანსი გიწვევს, მაგრამ არ გაძლევს მასში ჩარევის საშუალებას, რითაც თითქოს ზღვარს ავლებს ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის.შორის. მხატვარი წინააღმდეგია პერფორმანსის რაიმე სახით დოკუმენტირების. პერფორმანსიდან მხოლოდ ის რჩება, რასაც მაყურებელი იმახსოვრებს. 

მომავალ წელს, რიგით მეხუთე არტისტერიუმზე ორგანიზატორები არაერთ სიახლეს გვპირდებიან. ტრადიციული საექსპოზიციო დარბაზების გარდა, გამოფენის მონაწილე მხატვრები ქალაქის სივრცესაც აითვისებენ – ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი „სთრით არტს” მიეძღვნება. არტისტერიუმის მიზანი ხომ თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის მისი გაცნობაა. ამიტომაც, თუ ხალხი არ მივა გამოფენაზე, გამოფენა მივა ხალხთან.  

 

 

კომენტარები