ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში პატიმრობაში მყოფ ნიკო მახარაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში ვერ უზრუნველყვეს ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრის დაცვა , რის გამოც ხელყოფილ იქნა მისი ძირითადი უფლება - სიცოცხლის უფლება . 41 წლის ნიკო მახარაძეს ესაჭიროებოდა ეფექტური მკურნალობა. პატიმრის სიცოცხლის უფლების დარღვევაში ევროპის სასამართლომ საქართველო დაადანაშაულა , რისთვისაც მახარაძის ცოლს , დალი სიხარულიძეს საქართველოს ბიუჯეტიდან კომპენსაცია-15 000 ევრო უნდა გადაეცეს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 22 ნოემბერს გამოქვეყნდა, ის საბოლოო არაა და მისი გადახედვა ნებისმიერ მხარეს 3 თვის ვადაში შეუძლია.
ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადებული მახარაძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკული დანაშაულისთვის 2006 წელს დააკავეს. ის დამნაშავედ სცნეს და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საპატიმროში მახარაძის მდგომარეობა დამძიმდა, ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს , თუმცა კი სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობას მოითხოვდა. საგულისხმოა, რომ 2008 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ , რეგლამენტის შესაბამისად, გააკეთა მითითება მახარაძის ტუბერკულოზის სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ადგილზე განმარტეს, რომ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენდა , რომ ციხის ახალ საავადმყოფოში პატიმარს სამკურნალოდ ადეკვატური პირობები ექნებოდა. ნიკო მახარაძე 2009 წელს გარდაიცვალა.