რუსეთთან ურთიერთობა

ლავროვმა ნატო საქართველოსთან დაკავშირებით გააფრთხილა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოუწოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს  საკუთარ განცხადებებს  საქართველოსთან მიმართებაში.

დღეს, ბრიუსელში,  ნატოს  მინისტერიალმა  განიხილა   შეხედულებები ევროპის თავდაცვითი ანტისარაკეტო სისტემის შექმნასთან დაკავშირებით.  ნატოს წვერი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამ  საკითხზე  მსჯელობისთვის   რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს  შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ  ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გარშემო უთანხმოება უთანხმოებად რჩება. ლავროვმა კი შეხვედრის  შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე  ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება: ”  ნატოს მინისტერიალის მიერ გუშინ მიღებულ კომუნიკეში  საქართველო მოხსენიებულია იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ესწრაფვიან ნატოში გაწევრიანებას. მე ღიად მივანიშნე ჩვენს კოლეგებს, შეგნებულად თუ შეუგნებლად  კიდევ ერთხელ ნუ  უბიძგებენ საქართველოს მოქმედ რეჟიმს 2008 წლის აგვისტოს  ავანტიურის განმეორებისკენ. ეს, ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ მოხდა, ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში კი ჩაიწერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წვერი. ეჭვი არ მეპარება, რომ ამან  შეასრულა მნიშვნელოვანი როლი სააკაშვილს მიეღო ის გადაწყვეტილება , რომელიც მიიღო. გამოვთქვამ იმედს, რომ ნატოელები  დაუფიქრდებიან  ისეთი მოვლენის წახალისებას, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში რეგიონში. ამ რეგიონს კი  აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა არა მარტო კავკასიის ქვეყნებისთვის, არამედ რუსეთისთვისაც. იქ ჩვენი უახლოესი მოკავშირეები და მეზობლები ცხოვრობენ. ”

ნატო-ს მინისტერიალზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო პირველად არის მოხსენიებული ნატო-ს ასპირანტ ქვეყნად. "ეს არის სპეციფიური ტერმინი . ამ ტერმინით საქართველო არის მოხსენიებული იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც აქვთ მიღებული "map"-ი. ეს არის ბოსნია ჰერცოგოვინა, მაკედონია და მონტენეგრო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების ინსტრუმენტები ფაქტობრივად უტოლდება იმ ინსტრუმენტებს, რომელიც აქვთ ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს". - განმარტა საქართველოს ვიცე-პრემიერმა   ბარამიძემ. მისი თქმით, ნატო აღიარებს ამ ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციაში. "ეს არის ხაზგასმით აღნიშნული დოკუმენტში. ასევე, ნატო მიესალმება ასპირანტი ქვეყნების რეფორმების განხორციელებას და მხარს უჭერს ამ რეფორმების გაგრძელებას. დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ნატო-ს ოფიციალურ დოკუმენტში საქართველო პირველად არის აყვანილი ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსში. თუმცა ეს პროცესია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაფიქსირდა გაწევრიანების გზაზე ოფიციალურად მყოფი წევრების ჯგუფში. ხარისხობრივად ეს სულ სხვა სტატუსს გვაძლევს და ბუნებრივია პოლიტიკურად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე"- აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.   

 

კომენტარები