ეკონომიკა

საღი აზრის ეკონომიკა, 2005

 

ავტორები: ჯეიმზ გუორთნი, რიჩარდ სთროუფი, დუაით ლიი

I ნაწილი:

ეკონომიკის ათი ძირითადი ელემენტი

 არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა უფასო სადილი.

ჩვენი სამყაროს რეალობაში საწარმოო რესურსების რაოდენობა შეზღუდულია. ეს მაშინ, როდესაც ადამიანის მოთხოვნა საქონელზე და მომსახურებაზე, პრაქტიკულად, უსაზღვროა. გინდათ, რომ გქონდეთ ახალი ტანსაცმელი, ძვირფასი იახტა ან დასასვენებლად შვეიცარიის ალპებში წახვიდეთ? რას იტყოდით, უფრო მეტი დრო რომ გქონდეთ დასვენებისა და მოგზაურობისთვის? ოცნებობთ, რომ ახალი პორშეთი ოკეანის სანაპიროზე მდგომი თქვენი სახლისკენ მიემართებოდეთ? უმეტესობას სურს ზემოხსენებულიც და კიდევ უამრავი სხვა რამ!

მაგრამ, სამწუხაროდ, რესურსების და დროის სიმცირე გვზღუდავს. ხშირად ჩვენთვის მიუწვდომელია ის, რაც გვინდა. იძულებულნი ვართ, სხვადასხვა ალტერნატივას შორის გავაკეთოთ არჩევანი. ისეთი რესურსების გამოყენება, როგორიცაა დრო, ნიჭი და საგნები, ბუნებაში არსებული თუ ადამიანის მიერ შექმნილი, გულისხმობს, რომ ეს საგნები და რესურსები სხვებისთვის მიუწვდომელი ხდება. ეკონომისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გამონათქვამია: “არ არსებობს უფასო ლანჩი”. არაერთი რესტორანი რეკლამაში ამტკიცებს, რომ მოზრდილის კვების დანახარჯის გადახდის შემთხვევაში, ბავშვებისთვის კვება უფასოა. სინამდვილეში ეს საკვები უფასო არ არის, რადგანაც რესტორნის მფლობელი მის დანახარჯს მოზრდილი ადამიანის კვების დანახარჯში ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, რადგან არ არსებობს “უფასო ლანჩი”, ჩვენ რაღაც ფასეული უნდა გავიღოთ იმის შესაძენად, რაც გვინდა. ეს ის საფასურია, რომელსაც ჩვენ საქონელში თუ მომსახურებაში ვიხდით. დანახარჯების გაღება მომხმარებელსაც და მწარმოებელსაც უწევს.

როგორც მომხმარებლებს, საქონლის ფასი გვეხმარება, განვსაზღვროთ სხვადასხვა საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ჩვენი პრიორიტეტები. ვითვლით, თუ რა საქონლის შეძენა შეგვიძლია არსებული სახსრებით და ვაკეთებთ არჩევანს. თუ გავითვალისწინებთ მის ღირებულებას, მაშინ შესაძლოა, სახსრები დავხარჯოთ ისეთი საქონლის შეძენაზე, რომელიც ჩვენთვის არ არის იმდენად საჭირო, როგორც სხვა საქონელი, რომელიც შეგვეძლო ამ ფულით შეგვეძინა.

მწარმოებელსაც აქვს დანახარჯები. ეს იმ რესურსებზე გაწეული დანახარჯებია, რომლებიც პროდუქტის ან მომსახურების საწარმოებლადაა საჭირო. სახლის მშენებლობის მიზნით ისეთი რესურსების გამოყენება, როგორიცაა ხე-ტყე, ლითონი, გადასახური მასალა და სხვა, ნიშნავს, რომ ეს რესურსები სხვა მომსახურების წარმოების ნაცვლად (მაგალითად, საავადმყოფოს ან სკოლების მშენებლობის ნაცვლად), ამ სახლს მოხმარდება. წარმოების დანახარჯი იმიტომ არის მაღალი, რომ იმავე რესურსების სხვა მიზნით გამოყენებაზე არსებული მოთხოვნა დიდია. როდესაც მომხმარებელი ღირებულ რესურსს მრავალი დანიშნულებით იყენებს, ეს ამ უკანასკნელის ფასს ზრდის და მწარმოებელი ცდილობს, უფრო ნაკლები მოცულობით და სხვადასხვაგვარად გამოიყენოს. მწარმოებელს სტიმული აქვს, მიაწოდოს მეტი პროდუქცია, ოღონდ ამ პროდუქციის გასაყიდი ფასი აუცილებლად უნდა აღემატებოდეს წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებს. ეს სტიმული მწარმოებელს უბიძგებს ისეთი საქონლის წარმოებისა და მიწოდებისაკენ, რომელშიც მომხმარებლები უფრო მეტ ფასს იხდიან.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ გარკვეული საქონელი ან მომსახურება უფასო იყოს, თუ მასთან დაკავშირებულ დანახარჯებს სხვა დაფარავს. მაგრამ ეს, უბრალოდ, ახდენს ფასების გადანაცვლებას და არა მათ შემცირებას. პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ “უფასო განათლებაზე”, “უფასო სამედიცინო მომსახურებაზე”, “უფასო საცხოვრებელზე”. ამ ტერმინოლოგიას შეცდომაში შევყავართ. ყოველივე ზემოაღნიშნული არ არის უფასო და შესაქმნელად დეფიციტური რესურსების გამოყენებაა საჭირო. სამშენებლო მასალები, სამუშაო ძალა და სხვა რესურსები, რომლებიც სკოლის მშენებლობისთვისაა საჭირო, შეიძლება ჯანდაცვის ობიექტის ან გარემოს დაცვის მიზნით გამოყენებულიყო. განათლების ღირებულება სწორედ იმ რესურსების ფასის ტოლია, რომელიც განათლებაზე იხარჯება. მთავრობას შეუძლია დანახარჯების გადანაწილება, მაგრამ იგი ვერ აიცილებს თავიდან ამ დანახარჯების გაწევას.

დროთა განმავლობაში ადამიანი ვითარდება და სულ უფრო იხვეწება მისი ცოდნა, იშვიათი რესურსების სასურველ საქონლად ან მომსახურებად გარდაქმნის სფეროში. ბოლო 250 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით რესურსების დეფიციტის პრობლემის შერბილება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ფუნდამენტური პრინციპი არ იცვლება: მაინც ვდგავართ რესურსების შეზღუდულობის პრობლემის წინაშე. ანუ, როდესაც სამუშაო ძალა, ტექნიკა და ბუნებრივი რესურსები რომელიმე ერთი პროდუქტის ან მომსახურების წარმოების მიზნით იხარჯება, ეს ნიშნავს, რომ უარის თქმა გვიწევს სხვა საქონლის ან მომსახურების წარმოებაზე, რომელიც იმავე რესურსებს საჭიროებდა.

 

კომენტარები