ისლამი

ისლამისტები ისლამისტების წინააღმდეგ

ეგვიპტის არჩევნების მოულოდნელმა შედეგებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. პირველ რაუნდში ამომრჩეველთა თითქმის მეოთხედმა ულტრაორთოდოქსულ პარტია ალ-ნურს მისცა ხმა. მათი ძირითადი მხარდამჭერები ეგვიპტის გაუნათლებელი მოსახლეობა და რადიკალი მუსლიმები (სალაფიტები) არიან. ისინი გენდერულ სეგრეგაციას მიესალმებიან და ქვეყნის მოდელად საუდის არაბეთს მიიჩნევენ.

სამეტაპიანი საარჩევნო პროცესის პირველ რაუნდში, 40%-ით, ზომიერმა ისლამისტებმა, მუსლიმური საძმოს თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიამ გაიმარჯვა. ალ-ნურის შემდეგ მესამე ადგილზე ეგვიპტური ბლოკია, რომელიც ორ ყველაზე ძლიერ ლიბერალურ პარტიას – სოციალ-დემოკრატებს და თავისუფალ ეგვიპტეს – აერთიანებს. ხმების 10% მიიღო სეკულარულმა ვაფდის პარტიამ. 15 დეკემბერს გამართული არჩევნების მეორე რაუნდი პარლამენტის ქვედა სახლის, 478-ადგილიანი ხალხის ასამბლეის 180 ადგილს გაარკვევს. არჩევნები საბოლოოდ იანვრის დასაწყისში დასრულდება და სრულიად ეგვიპტეს მოიცავს. უმრავლესობით მოსვლა ისლამისტებს ახალი კონსტიტუციის განსაზღვრაში მთავარ როლს მიაკუთვნებს. მუსლიმური საძმოს წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მთავრობას ლიბერალებთან ალიანსით შექმნიან.

მუსლიმურ საძმოს ოპოზიციაში ყოფნის 80-წლიანი გამოცდილება აქვს, მაშინ როდესაც ულტრაკონსერვატორული ალ-ნური რამდენიმე თვის წინაა წარმოქმნილი. მუსლიმური საძმოს პარტიის პროგრამა სოციალურ კონსერვატიზმზე და რელიგიაზეა დაფუძნებული, ძირითადი ყურადღება ეკონომიკურ განვითარებასა და პოლიტიკურ რეფორმას ეთმობა. საძმოს უმთავრესი სოციალური საყრდენი განათლებული საშუალო კლასია. მათ შეცვალეს საძმოს ძველი დევიზი „ისლამი ხსნაა” ნაკლებად რელიგიური სლოგანით „ავაშენოთ ეგვიპტე ერთად”.

მუსლიმური საძმოს მკვეთრად ისლამისტური რიტორიკა ულტრაორთოდოქსულმა ალ-ნურმა გადაიბარა. ამ პარტიის მამაკაცი წარმომადგენლები გრძელი წვერით გამოირჩევიან და ღია სანდლებით დადიან, ქალები კი აუცილებლად ნიქაბს ატარებენ, საიდანაც მხოლოდ თვალები ჩანს. ისინი ცდილობენ იცხოვრონ წინასწარმეტყველ მუჰამედის თანამგზავრთა მსგავსად, რომლებსაც სალაფიტებს უწოდებდნენ. 1972 წლიდან მოყოლებული მათ 77 მეჩეთი ააშენეს. მათი საქველმოქმედო ორგანიზაციები მუსლიმური საძმოს ქსელს უპირისპირდებოდა. ალ-ნურის წევრების საქველმოქმედო საქმიანობაში შედის: დახმარება ღარიბების, ქვრივების, განქორწინებულების მიმართ, აგრეთვე დიდი რაოდენობით რელიგიური ინსტრუქცია. ისინი ასწავლიან, რომ რელიგიასა და პოლიტიკას შორის განსხვავება არაა. ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, სალაფიტების დაპირებით ბანკები გახდება ისლამური, სასკოლო პროგრამაში ყურანს უმთავრესი ადგილი დაეთმობა, ხოლო მმართველობა ყველა საკითხში ისლამურ სამართალზე იქნება დაფუძნებული. ერთი გავლენიანი შეიხის თქმით, დემოკრატია ცოდვაა, რადგან ის ადამიანების და არა ღმერთის მმართველობაა. სხვა კლერიკალმა გამოაცხადა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი ნაჯიბ მაჰფუზი ათეიზმსა და პროსტიტუციას უწყობდა ხელს. მათი კოლეგები, ფარაონთა სახეების ცვილით დაფარვის მოთხოვნითაც გამოდიან. 2011 წლის დასაწყისში რევოლუციის დროს ულტრაორთოდოქსი შეიხები თავიანთ მიმდევრებს ქუჩის დემონსტრაციებში მონაწილეობას უკრძალავდნენ. დღეს, მათი თქმით, ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიას სპარსეთის ყურიდან (ყატარი, ქუვეითი) რელიგიური კონსერვატორები აფინანსებენ.

ეგვიპტის არჩევნები ისრაელში „წარღვნად” და „ცუნამად” მონათლეს, თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა მას „ძალიან შემაშფოთებელი” უწოდა. რევოლუციის შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები დაძაბული რჩება. აგვისტოში ეგვიპტელი პროტესტანტები ისრაელის საელჩოს თავს დაესხნენ, რის შემდეგაც ისრაელმა საელჩო დახურა. ისრაელის სამხედროები უკვე ზრუნავენ საზღვრების გამაგრებაზე. მათ დააჩქარეს 240-კილომეტრიან საზღვარზე ვრცელი ბეტონის კედლის მშენებლობა და საპატრულოდ კიდევ ერთი ბრიგადა გაამწესეს. სინაის ნახევარკუნძულთან უპილოტო თვითმფრინავებია მობილიზებული.

მუსლიმური საძმოს მხრიდან პრაგმატული განცხადებები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მათმა წარმომადგენელმა, მუჰამედ სალემ ავამ, ისრაელის საელჩოზე თავდასხმა დაგმო.

ეგვიპტის ახალ პოლიტიკურ გარემოში რელიგია გადამწყვეტი ფაქტორი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება. ამჟამად მოსახლეობას არჩევანის გაკეთება სამხედროებსა და ისლამისტებს შორის უხდება.

კომენტარები