კუბა

კუბას ეკონომიკა ლიბერალიზაციის გზაზე

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, კუბაში 2012 წლის იანვრიდან, საბაზრო რეფორმის ფარგლებში, ძალაში შედის ცვლილებები, რომელთა თანახმადაც კერძო სექტორისთვის საცალო სერვისები ხელმისაწვდომი ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მლესავები, ფოტოგრაფები, ასევე საათებისა და ხის მასალაზე მომუშავე სპეციალისტები კერძო საწარმოების დარეგისტრირების უფლებას მიიღებენ. ისინი თავად დაადგენენ საკუთარი მუშაობის გრაფიკსა და ფასებს. კუბის ხელისუფლება ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც ეკონომიკის ზრდის სტიმულირებაა. ამის მიღწევას კი მთავრობა ეკონომიკაში ჩარევის შემცირებისა და კერძო ინიციატივის წახალისების გზით ცდილობს.  უკვე არსებობს გრძელვადიანი გეგმაც: 2016 წლისთვის რაულ კასტროს მთავრობა მისი ძმის ფიდელ კასტროს პერიოდში ნაციონალიზებული საწარმოების პრივატიზებას და ამით, მოსახლეობის 25-40%-ის კერძო სექტორში დასაქმებას აპირებს. ხელისუფლება  ასევე გეგმავს, მოხსნას გარკვეული აკრძალვები კერძო საკუთრების ყიდვა-გაყიდვაზე, ხოლო სახელმწიფო საწარმოებს მეტი დამოუკიდებლობა მისცეს. ამ გეგმას წინ ხელისუფლების მიერ დაანონსებული 300 პროექტის განხორციელების ინიციატივა უძღოდა. პროექტების უმეტესობა სწორედ არასახელმწიფო სექტორის - მათ შორის, ფერმერული მეურნეობისა და საცალო ვაჭრობის - განვითარებაზეა ორიენტირებული. 

კომენტარები